რონალდო: თუ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, პაულას ცოლად მოვიყვან!

AutoSharing Option
გერმანული ტაბლოიდის, გაზეთ "ბილდის" რედაქციას ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდო ესტუმრა.

37 წლის ლუის ნაზარიო დე ლიმამ საგამომცემლო სახლ "აქსელ შპრინგერის" ბერლინის ოფისი მოინახულა და "ბილდის" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუს მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მომავალი მუნდიალი გახლდათ.

- მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში თქვენ ოლივერ კანის კარში გატანილი ორი გოლით მთელი გერმანიის ოცნება დაამსხვრიეთ. ალბათ იცით, რომ გერმანიაში ამის გამო ბევრი მოძულე გყავთ...
- სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ბევრი მოძულე მყავდა, მაგრამ როცა გერმანიაში ჩამოვდივარ, ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები, რადგან
აქ ყოველ ჩამოსვლაზე ძალიან თბილად მხვდებიან. მაშინ, 2002-ში, მსოფლიოს ჩემპიონობა მეც და კანსაც ძალიან გვინდოდა. უბრალოდ, მე ოდნავ უფრო მეტად გამიმართლა.

ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონობა გამართლების გარეშე არ არსებობს. სამაგიეროდ, ახლა თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს: თუ გერმანია ამ მუნდიალის ფინალშიც გავა და ისევ ბრაზილიას შეხვდება, მე ნამდვილად არ ვითამაშებ (იცინის).

- რას ისურვებდით 2014 წელს?
- ამას წინათ, ჩემს მეგობარ გოგონასთან, პაულასთან ერთად 2014 წლის გეგმა შევადგინე: თუ ბრაზილიის ნაკრები ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, მე და პაულა დავქორწინდებით!

არ დაგიმალავთ: სწორედ იმაზე ვოცნებობ, რომ ბრაზილია ფინალში გერმანიას შეხვდეს. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი იქნება "მარაკანაზე"? ეს ისტორიული, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი იქნებოდა!

Sportall.Ge

- როგორ ფიქრობთ, გერმანიის ნაკრების რომელ ფეხბურთელს ან ფეხბურთელებს შეუძლიათ ამ გეგმის ჩაშლა?
- მესუთ იოზილს და თომას მიულერს. გერმანიას დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავს, ბევრი ბუნდესგუნდს სულაც საუკეთესოდ მიიჩნევს.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში გერმანიის ნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ 2014 წლის მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი სწორედ გერმანია იქნება.

- ფიფას ბოსი ზეპ ბლატერი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მთლად იდეალურად არ მიმდინარეობს. თქვენ, როგორც ბრაზილიელი, მის კრიტიკას ალბათ არ დაეთანხმებით...
- არ დავეთანხმები და მეტსაც ვიტყვი: არ მესმის, რატომ აკრიტიკებს ბლატერი ბრაზილიას. პირველ რიგში სწორედ ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად მომხდარიყო და ვადებში ჩავტეულიყავით, მაგრამ ისეთი გრანდიოზული ტურნირის ორგანიზება, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია, ადვილი ნამდვილად არ არის და ასეთ მასშტაბურ პროექტში რაღაც-რაღაცების დაგვიანება ლოგიკურია.

ამ მუნდიალისთვის ბრაზილიელები 12 სტადიონს, სასტუმროებს, აეროპორტებსა და ქუჩებს ვაშენებთ. შემიძლია, ყველა დავარწმუნო: გვენდეთ, ყველაფერს მოვასწრებთ და ყველაფერი იდეალურად იქნება. ეს მუნდიალი ყველასათვის სრულყოფილი იქნება.

- ფეხბურთელები აუტანელი სიცხის გამო აუცილებლად დაიჩივლებენ.
- რას ვიზამთ, ბუნებას ნამდვილად ვერ შევცვლით. არა მგონია, რომ ტემპერატურებს დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ცხადია, რომ ზაფხულში ბრაზილიაში განსაკუთრებით ცხელა, მაგრამ მატჩები ხომ საღამოობით უნდა ჩატარდეს. ფეხბურთელები თამაშებისთვის იდეალურად მოემზადებიან - ეს არ არის პრობლემა.

- ორშაბათს, ციურიხში მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებენ. ვინ არის პირადად თქვენი ფავორიტი?
- ფრანკ რიბერი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო - ამ წოდებას სამივე იმსახურებს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ოქროს ბურთი ისევ მესიმ უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ლეო რიბერისა და რონალდოზე მეტს აკეთებს.

Sportall.Ge

- დღეს რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს?
- ისევ მადრიდის "რეალში" ან მიუნხენის "ბაიერნში". "ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას თანაგუნდელი ვიყავი და ძალიან მაგარი იქნებოდა, ახლა ჩემი მწვრთნელი რომ იყოს.

- ჰო, მაგრამ ამისათვის არცისე კარგ ფორმაში ხართ...
- გასაგებია, რასაც გულისხმობთ. მე წონის პრობლემა სულ მქონდა. წონის მომატება ყოველთვის გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი დაგდება (იცინის). ახლა 105 კილო ვარ და სხვათა შორის, იყო დრო, როცა 122 კილოგრამს ვიწონიდი. შესაბამისად, 105 არ მადარდებს. აი, ფეხბურთის თამაში კი მართლა აღარ შემიძლია.

- გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თომას ჰიტცლშპერგერმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამაზე რას ფიქრობთ?
- მე თანამედროვე ადამიანი ვარ და მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ღიად უნდა თქვას, რასაც გრძნობს და რასაც ფიქრობს.

საბედნიეროდ, მსოფლიო შეიცვალა და დღეს ჰომოსექსუალები უკვე მიღებული პიროვნებები არიან. მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ თომასმა ყველაფერი საჯაროდ თქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი, ადამიანი და ფეხბურთელია..
მარიამი
14:01 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული