გორის "ჯიქი": ტიტულის შენარჩუნება უფრო რთულია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებისკენ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. ნუცუბიძეზე შექმნილი ეზოს გუნდიდან ის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად, 2017 წელს ქვეყნის საუკეთესო გუნდად გადაიქცა.

ახლა იმის ჩამოთვლას, თუ ვისი და რისი დამსახურებაა ეს, აქ არ მოვყვებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს გუნდი არ არის ქართულ კლუბებშიც კი მსხვილბიუჯეტიანი. მწირი ფინანსური რესურსით "ჯიქმა" თითქმის შეუძლებელი შეძლო.

"ჯიქი" თბილისის გუნდი იყო. რამდენიმე სეზონის წინათ კი ბინა გორში დაიდო, სადაც "საქველმოქმედო ფონდ ქართუს" დაფინანსებით მშვენიერი, ორმოედნიანი სარაგბო სტადიონი
აშენდა. ის ახლა "ჯიქის", საქართველოს მოქმედი ჩემპიონის საშინაო არენაა.

გორის გუნდს წინ კიდევ უფრო რთული სეზონი ელის. ჩემპიონის წინააღმდეგ, როგორც წესი, ყველა გაათმაგებული ძალით იბრძვის და ამიტომ ტიტულის შენარჩუნება გაცილებით უფრო ძნელი იქნება, ვიდრე მისი მოპოვება იყო.

სატრანსფერო ფანჯარა "ჯიქმა" კარგად გამოიყენა და ოთხი ძალიან კარგი და, რაც მთავარია, საჭირო მორაგბე დაიმატა. შერკინების ბურჯი ნიკა პატარაია გორში "ბათუმიდან" გადაბარგდა. შერკინების კვაჭმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა გიორგი ჭყოიძემ კი თბილისის "ლელო" დატოვა და კარიერას "ჯიქში" განაგრძობს.

მატებაა უკანა ხაზშიც. თბილისის "არმაზიდან" გორელებს ცხრა ნომერი რეზო ბროძელი გააძლიერებს. "არმიიდან" კი "ჯიქის" შემადგენლობა შუამარბმა გიორგი ჯიმშელაძემ შეავსო.

"ჯიქი" საწვრთნელ შეხვედრას გორში, 18 აგვისტოს ქუთაისის "აიასთან" გამართავს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში კი, ჩემპიონი პირველი ლიგიდან დაბრუნებულ რუსთავის "ხარებს" ესტუმრება.

ჯიქის განაცხადი
შერკინება: ნიკა პატარაია, თევდორე მაჭარაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, მიხეილ ორაგველიძე, რობერტ სუთიძე, გიორგი ჭყოიძე, მიშა ფსუტური, დათა ბეჟუაშვილი, ოთარ ქარჩავა, ვლადიმერ გოგოლიძე, არსენ ტრაპაიძე, დემურ ეფრემიძე, გურამ შენგელია, თორნიკე ჯალაღონია, ნიკოლოზ სუხაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, შალვა დიდებულიძე, გიორგი ქორიძე, თორნიკე კიკნაძე.
უკანა ხაზი: ლაშა ნადირაძე, რეზო ბროძელი, დავით კლდიაშვილი, ირაკლი სვანიძე, მამუკა ნინიძე, გიორგი ჯიმშელაძე, დევი დევსურაშვილი, რეზო ჯინჯიხაძე, ნიკა სამხარაძე, რატი ხუციშვილი, ნიკა ბიწაძე, დიმიტრი კიკნაძე, თემურ კვიცარიშვილი, სანდრო ფურცხვანიძე, გიორგი წიკლაური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კომენტარებს ვინ მიბლოკავს - გამომეხმაუროს
giorgi
10:27 18-08-2017
0
თვითინ ავტორი ))))))))))))))))))))))))
kritikosi
12:22 18-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული