დიდი 10-ის მე-13 ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას და ქართული შიდა რაგბის მთავარ დერბის ‘ავჭალამ’ უმასპინძლა. ნომინალურ სტუმარს, ‘ლელო-სარასენსს’ ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამაშე აკლდა და ამან მატჩის მსვლელობაზე იმოქმედა. ბრძოლა 1 საათს გაგრძელდა, დასკვნით წუთებში კი რკინიგზელებმა გადამყვეტი უპირატესობა და პრემიალური ქულა მოიპოვეს. თამაში ყვითელი ბარათების სიმრავლითაც გამოირჩა
მატჩის დებიუტი ‘ლოკომოტივმა’ მაღალ ტემპში ჩაატარა და ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. ვახტანგ კავთიძემ, რომელსაც მანამდე ჯარიმა გაუცუდდა ხაზი გაჭრა, ლელოს გატანა თავად შეეძლო, თუმცა ეს პატივი ვახტანგ ამირანაშვილს დაუთმო და თავად გარდასახვას დასჯერდა - 7:0. ‘ლელო-სარასენსმა’ ტაიმის შუაში უპასუხა, ირაკლი ყიასაშვილმა ხაზი გაჭრა და შებოჭილმა ოფლოუდით თავისუფალ ზონაში თორნიკე ახობაძე შეიყვანა.
ყიასაშვილმა გარდასახვით წინასწორობა აღადგინა, თუმცა კავთიძემ მალევე ჯარიმით უპასუხა, ხოლო 28-ე წუთზე დავით ხიდეშელმა და ლაშა ფოფხაძემ დერეფნიდან მოულოდნელი, სამსვლიანი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და შესვენების წინ ‘ლელო-სარასენსმა’ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მორკინალებმა მოკლე დარტყმებით დაახლოებით 10 მეტრი იარეს და მორიგი მიძალება თორნიკე ბუბუტეიშვილის ლელოთი დასრულდა, ხოლო ყიასაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა - 15:14.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო და ‘ლელო-სარასენსი’ უტევდა, მაგრამ ფეხით თამაშის გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა, ბურთი გიორგი აფციაურის ნადავლი გახდა და ფლანგზე გაიქცა, მას კარგად მიყვა ამირანაშვილი, კონტრშეტევა კი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული რამაზ ხარაზიშვილის ლელოთი დასრულდა. კიდევ 5 წუთში მოლს ხიდეშელი მოწყდა და სახიფათოდ შეუტია, მისი შეჩერების შემდეგ ბურთი ფლანგზე სწრაფად გაიშალა და ნიკა ჩიღვინიძის პასის შემდეგ ლელო გიორგი შკინინმა მიითვალა. ეს მისი მე-10 ლელოა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზურაბ ძნელაძეს გაუტოლდა, რომელმაც ‘ბათუმს’ 3 ლელო დაუდო.
გარდასახვები არაზუსტი იყო და ‘ლელო-სარასენსი’ თამაშში დაბრუნდა. დიდ დიღმელები მეტოქის 22-ში დამკვიდრდნენ, ლელოს დადების შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა მცველები ჯარიმდებოდნენ. ამას სინბინით აფციაური შეეწირა. სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ ლევან გოგოლაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი რომ აიღო სამი შემტევის გარემოცვაში მალევე დაკარგა, ის თორნიკე ახობაძემ აიტაცა და მისი შემჩერებელი აღარავინ დარჩა. ყიასაშვილმა ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა - 25:21.
დასკვნითი წუთები რკინიგზელების იყო. შეცვლაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ ამირანაშვილი ინტერვალში შეიყვანა, ხაზი გაიჭრა და მას 30-მეტრიანი გარღვევის შემდეგ მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა და კავთიძე ლელოს გაიტანდა ცისკარა ბერიაშვილს ბურთში ხელი რომ არ ჩაერტყა. ‘ლოკომოტივმა’ შერკინება ირჩია, მესამე ჯერზე ბურთი ბეგაძემ აიტაცა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა - 32:21.
მალე მსაჯმა ერთი ‘ლოკომოტიველი’ და ორი ‘ლელოელი’ გაასინბინა, რკინიგზელებმა ჯარიმის ნაცვლად კვლავ შერკინება ირჩიეს, გიორგი გეგიამ პრემიალური ლელო გაიტანა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 39:21.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით