"ხვამლი" სწრაფი, მწყობრი თამაშის წყალობით უპირატესობას მატჩის დებიუტშივე დაეუფლა და საწყის 10 წუთში 10 ქულითაც დაწინაურდა. მუხიანელთა მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულ ტექნიკურ ლელოს ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა გატანილი ჯარიმაც დაურთო. მესხებმა ნახევარი საათის თავზეღა მოახერხეს ბურჯ საბა ბუხრიკიძის ძალისმიერი ლელოთი პირველი სამატჩო ქულების აღება. 5 წუთის შემდეგ "ხვამლმა" მორიგი ლელოს გატანა მოახერხა. თავი ფრთა გიორგი ჯობავამ გამოიჩინა, ქობელაშვილის ზუსტმა გარდასახვამ კი ცხვედიანის ბიჭებს შესვენების წინ 12-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.
მართალია, მეორე ტაიმში "ტაო" საგრძნობლად გააქტიურდა, ზურგქარში მყოფმა ძალუმადაც შეუტია, თუმცა ტექნიკური წუნის აღმოფხვრა ვერ შეძლო და ვერც დროულ მიყოლაში ივარგა. ისიც აღსანიშნავია, რომ "ტაოს" ფიჯელი ლეგიონერები თამაშის დინამიკიდან სრულად ამოვარდნილი იყვნენ და კუროკავუმ ჯერ მიუტევებელი შეცდომით "ხვამლს" ლელო უპრობლემოდ გაატანინა, შემდგომ კი თანაგუნდელთა სალელოვე შეტევის დაგვირგვინება ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხა. მესხთა ერთადერთი ხეირიანი „გამონათება“ გოშა შკინინის დადებული ულამაზესი ლელო გახლდათ. რეაქტიულმა და უბერებელმა "ბორჯღალოსანმა" ჩვეული სპრინტერული მანერით 60-მეტრიანი დისტანცია დაუბრკოლებლად დაფარა და ანგარიშში შემცირებული 5-ქულიანი სხვაობით საკუთარ გუნდს წარმატების შანსი დაუბრუნა, რითაც სტუმრებმა ვერ ისარგებლეს.
მატჩის დარჩენილ დროში "ხვამლი" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ზურა ქობელაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი თანაგუნდელი მხტომელის, ბექა არველაძის დადებული ლელოც გარდასახა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებაც დააფიქსირა – 27:12. "ხვამლის" რაგბის სკოლის სულისჩამდგმელმა და თავკაცმა დავით ცხვედიანმა 12 წლის წინ მუხიანში ოვალის სიყვარული ჯერ უბნის, შემდეგ კი მეზობელ რეგიონში მცხოვრებ ყმაწვილებს გაუჩინა და დღევანდელი "ხვამლის" დიდი გუნდის შემადგენლობის ბირთვს სწორედ იმხანად 6 წლის ასაკის ბიჭუნები შეადგენენ.
"ხვამლი" დიდი 10-ის ახალი ბინადარი გახდა, მესხები კი ელიტაში მოხვედრის კიდევ ერთი შანსის გამოყენებას უმაღლესი დივიზიონის ბოლოსწინა ადგილზე გასულ სტეფანწმინდას "ყაზბეგთან" 2-რაუნდიან შეხვედრებში ეცდებიან.
ფინალური შეხვედრის მონაწილე გუნდები მედლებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ და კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ დააჯილდოეს. "ხვამლის" კაპიტანმა საბა კურტანიძემ საჩემპიონო თასი ტრადიციული ფოიერვერკის თანხლებით ქართული რაგბის თავკაცისაგან ჩაიბარა.
Georgian Rugby