პირველი ეშელონის გუნდის დამარცხებისგან არც ისე შორს ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ივნისის ტესტებზე, სამომავლო მოლოდინებზე, ახალგაზრდა და მომავალ "ბორჯღალოსნებზე", 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატსა და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

- ამერიკული ტურნეს შეფასება
.
- მთლიანობაში, რა თქმა უნდა ეს ტურნე წარმატებულია იყო: ორ განსხვავებულ ამინდში მოვიგეთ ორი თამაში, რაც პროგრამა მინიმუმი იყო და ძალიან კარგად გავართვით თავი არგენტინასთან გამართულ მატჩს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი ლელო მთელს მსოფლიოში უმალ გავრცელდა და მთელს სარაგბო სამყაროში წლის
ერთ-ერთ საუკეთესო ლელოდ მოინათლა. გარდა ამისა, 29 ქულა მივითვალეთ გუნდთან, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასი მე-4 ადგილზე დაასრულა და ეს ძალიან კარგია.

მიუხედავად ამისა, უამრავი რამ გვაქვს გამოსასწორებელი მინდორზე და მის გარეთ. ამ ტურნეს დროს გვსურდა, რომ ჩვენი თავი განსაკუთრებული წნეხის ქვეშ გამოგვეცადა და ეს გამოგვივიდა. ივნისის ტესტები ადვილი არასდროსაა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ დიდ მანძილზე გვიწევს მგზავრობა. წარმოიდგინეთ, რამდენი მგზავრობა მოგვიწია ამერიკის ერთი ბოლოდან მეორეში ჩასასვლელად. ყველა სირთულის გათვალისწინებით, ტურნე წარმატებული იყო.

- კანადასა და ამერიკაში აქამდე 2-2-ჯერ ვითამაშეთ და ორივეჯერ დიდი სხვაობებით წავაგეთ, მათ შორის 2012 წელს თქვენი ხელმძღვანელობით. წელს კი მათ მიწებზე ისტორიული გამარჯვებები მოვიპოვეთ. რამ განაპირობა ეს შედეგი, ამ 5 წლის განმავლობაში ასე გავიზარდეთ?
- მიმაჩნია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად განვვითარდით და 2012 წელთან შედარებით სულ სხვა გუნდი ვართ. იმ ორ მატჩში ორივე გუნდთან დაახლოებით 20-ქულიანი სხაობებით დავმარცხდით და აქედან გამომდინარე, წლევანდელი შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ამ ტურნეზე იმყოფებოდა რამდენიმე ისეთი მორაგბე, რომლებიც იმ მატჩებშიც მონაწილეობდნენ და ეს თამაშები მათთვისაც დიდი გამოწვევა იყო.

- კანადასთან თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრას?
- არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მატჩზე და რომლებსაც ვერანაირად გააკონტროლებ. ესენია: მეტოქე, მსაჯი და ამინდი. ამინდმა თამაშზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. დამიჯერეთ, კანადაში ისე ციოდა, რომ მსგავსი სიცივე კარგა ხანია არ მინახავს. ქარი ხან მარჯვნიდან, ხანაც მარცხნიდან უბერავდა. ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ მოახერხებ კარგი და სანახაობრივი თამაშის ჩვენებას. ამინდი თამაშის ჩაკეტვას გაიძულებს და კმაყოფილი ვარ შეხვედრა 13:0 რომ მოვიგეთ.

პირველ ნახევარში ქარი ჩვენს წინააღმდეგ უბერავდა, მეტოქის ბურთის ფლობა 60% იყო და სასიხარულოა, რომ ბიჭებმა თავი ძალიან კარგად დაიცვეს. განსაკუთრებით პირველ და მეორე ხაზის მოთამაშეებს გამოვარჩევდი.

- ამ შეხვედრაში დავით კაჭარავამ მე-100 კეპი მოიხვეჭა და მეორე ქართველი ცენტურიონი გახდა...
- ანგარიში "კაჭის" ხათრით არ დაგვიმთხვევია, თუმცა კარგად გამოვიდა (იცინის). ეს მისთვის და ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული რამაა - ითამაშო 100 თამაში შენი ქვეყნისთვის... საქართველოს სახელით! ვიცოდით, რომ "კაჭის" მე-100 კეპი კანადასთან უწევდა და ამისათვის მთელი გუნდი განსაკუთრებულად ემზადებოდა. ბიჭებმა იცოდნენ, რომ "კაჭის" საიუბილეო მატჩის წარმატებით დასასრულებად მოედანზე მაქსიმუმი უნდა გაეღოთ და ეს მოახერხეს.

კაჭი მეორე ქართველი ცენტურიონია, რაც მის კარიერაში უდიდესი მიღწევაა და მაქვს იმედი, რომ მალე მესამეც გვეყოლება - გიორგი ჩხაიძეს სამი თუ ოთხი მატჩი დარჩა ამისათვის. ეს ქართული რაგბისთვის განსაკუთრებული მომენტია. წარმოიდგინეთ, 12 თვის განმავლობაში, შესაძლოა, სამი ცენტურიონი გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვეყოლება.

- მეორე ტესტი ამერიკასთან გვქონდა, რომლის პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა დასკვნით 30 წუთში ძალიან გაგვიჭირდა...
- პირველისგან განსხვავებით, ეს თამაში 32 გრადუსიან სიცხეში და 70%-იან ტენიანობაში ჩატარდა. მეორე ნახევრის 10 წუთი იყო გასული, 21:3 ვიგებდით და ამ დროს თითქოს მოვეშვით... ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რამდენჯერმე დავჯარიმდით, მოთამაშეც კი გაგვიძევეს. შეცდომები დავუშვით, რითაც თავი წნეხში მოვიქციეთ. კონტრ-რაქიდან ბურთი მოვიპოვეთ, მაგრამ იქვე დავკარგეთ და არეული თამაშიდან ლელო მივიღეთ. ამერიკელებმა ტემპი აკრიფეს და უცებ ისე გამოვიდა, რომ მნიშვნელოვან წნეხში აღმოვჩნდით.

ოთხი-ხუთი წლის წინ ამ მატჩს უდაოდ წავაგებდით, ახლა კი, როგორც კი წნეხში მოვყევით, პანიკის ნაცვლად ბიჭები დალაგდნენ, თავი დაიცვეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. მეტოქის შესაძლებლობები კარგად ვიცოდით, კარგად გვყავდა შესწავლილი. ის ძლიერი, შეკრული გუნდია და კარგადაც ითამაშა, თუმცა, საბოლოოდ, მოგებას მაინც ჩვენ ვიმსახურებდით. ძალიან კარგი ლელო დავდეთ, რომელსაც ტექნიკური ლელოც მივაყოლეთ. ეს თამაში რომ წაგვეგო ნამდვილად იმედგაცრუებულნი ვიქნებოდით. ასე კი, ორ განსხვავებულ ამინდში ორიდან ორი გამარჯვება მოვიპოვეთ!

- არგენტინასთან პირიქით მოხდა, დასკვნით 20 წუთში ვდომინირებდით და ამ გუნდს პირველად გავუტანეთ 4 ლელო...

- ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. მატჩამდე ბევრს ვსაუბრობდით, რომ დისციპლინა და თავდაჯერებულობა ამ შეხვედრას მოგვაგებინებდა, მაგრამ პირველ ნახევარში ძალიან ბევრი ჯარიმა მივიღეთ - თუ არ ვცდები, საწყის 25 წუთში 8-ჯერ დავჯარიმდით, რამაც თამაში ხელიდან გამოგვაცალა.

შესვენებისას, გასახდელში რომ დავბრუნდით, ვთქვით: "დასაკარგი არაფერი გვაქვს, უბრალოდ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ". მეორე ტაიმი შოტლანდიის თამაშს წააგავდა, გავედით და რაგბის თამაში დავიწყეთ.

ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვხდებით, როდესაც ვიაზრებთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია, როდესაც ვიყენებთ ჩვენ ძლიერ მხარეებს - შერკინებას, რაქს, მოლს, როდესაც ბურთს ვინარჩუნებთ და ბურთით თამაშს ვიწყებთ. ჩვენ მოვახერხეთ 29 ქულის გაკეთება "პუმებთან", გავუტანეთ 4 ლელო, მათ შორის ერთი ტექნიკური ლელო შერკინებიდან და თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ ხაზში შედარებით ახალბედა მარჯვენა ბურჯი გვყავდა, ეს მართლაც დიდი შედეგია.

ამ მატჩში ბევრ დადებითზე შეიძლება საუბარი - ახალგაზრდა მორაგბეებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ახალგაზრდა ბურჯებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. ამ ყველაფრისგან ძალიან კარგი დასკვნების გამოტანა შეიძლება, უბრალოდ, პირველ ტაიმში ცოტა მეტი დისციპლინა რომ გვქონოდა, ანგარიშში სხვაობა დიდი არ იქნებოდა და მერე რა იცი რა მოხდებოდა...

იმისათვის, რომ დიდი გუნდები დავამარცხოთ, შესვენებისას ანგარიშში სხვაობა დიდი არ უნდა იყოს. ამ დროს დიდი გუნდები წნეხში ექცევიან, რაც მათზე ზეგავლენას ახდენს, ჩვენ კი ხელ-ფეხი უფრო გვეხსნება. არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის კიდევ ერთი კარგი გაკვეთილია.

ვთვლი, რომ პირველი ეშელონის გუნდის დამარცხებისგან არც ისე შორს ვართ. მნიშვნელოვანია თვითრწმენა, მეტი ვარჯიში და დარწმუნებული ვარ მალე ესეც მოხდება.

- არგენტინასთან გატანილ პირველ ლელოს ბევრი ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ლელოდ მიიჩნევს და მას "ოლ ბლექსის" ლელოებს ადარებს.
- გეთანხმებით. კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ლელო კონტრ-შეტევიდან დაიდო: ბურთი 22-ში მივიღეთ და ლაშამ (ხმალაძე) კონტრ-შეტევაზე წამოიღო, შემდეგ 6 თუ 7 პასი გაკეთდა და ყველა მათგანი უკანა ხაზელი იყო. და ეს სწრაფი პასები: ლაშა (ხმალაძე), თაზო (მჭედლიძე), კაჭი (დავით კაჭარავა), ვასკა (ლობჟანიძე) და მერე ისევ კაჭი! ასეთი ლელოთი "ოლ ბლექსი" და მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი იამაყებდა. ეს ლელო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პროგრესს.

"პუმების" კაპიტანმა აგუსტინ კრევიმ ნამატჩევს განაცხადა - "ყოველ წელიწადს თქვენ უფრო და უფრო უკეთესი გუნდი ხდებით". ამის მოსმენა ძალიან საამაყოა ასეთი გამოცდილი, მსოფლიო დონის კაპიტნისა და მორაგბისგან. შემდეგ "პუმების" მწვრთნელმე გვითხრა - "თქვენ ძალიან სწრაფად ვითარდებით! მე არ მინახავს გუნდი, რომელიც თქვენსავით სწრაფად პროგრესირებს"! ეს ჩვენთვის დიდი შექებაა, ისეთი რამაა, რითაც ნამდვილად უნდა ვამაყობდეთ. ასეთი სიტყვების მოსმენა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისგან, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა და წელს ნამდვილად შეეძლო პირველ ტესტში ინგლისის დამარცხება, განსაკუთრებით სასიამოვნოა.

- ითვლება, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შერკინება ყავს და ამ კომპონენტში ჩვენს ტოლ-სწორად მხოლოდ არგენტინა თუ მიიჩნევა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა არგენტინას შერკინებიდან ტექნიკური ლელო გაუტანეს და გარდა ამისა, უმეტესობა შერკინებებში მეტოქე დააჯარიმეს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში საუკეთესო შერკინება გვყავს?

- ასე არ გავკადნიერდებოდი, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ მსოფლიოს სამეულში ვართ! მოდი, ასე ვთქვათ: პირველი ეშელონის ქვეყნებს უფრო ხშირად რომ ვეთამაშებოდეთ, მაშინ ნამდვილად შეგვეძლებოდა საკუთარი თავის უკეთ დახასიათება. თუმცა, მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის მწრთნელს რომ ჰკითხოთ, უდაოდ ყვველა გიპასუხებთ - საქართველოს საუკეთესო შერკინება ყავსო. ამ კომპონენტში მუდამ განსაკუთრებით ძლიერები ვართ და უფრო გაუმჯობესების მიზნით, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

ყოველთვის შესაძლებელია იმის გაუმჯობესება, რაშიც საუკეთესო ხარ. ზევითაც აღვნიშნე, რომ მარჯვენა ბურჯებად შედარებით გამოუცდელი მორაგბეები გვყავდა და მაინც ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ეს ისევ და ისევ ჩვენი შემადგენლობის სიღრმეებზე მეტყველებს. სოსო ბეკოშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ამან თავდაჯერებულობა შემატა; ნიკო ხატიაშვილიც შესანიშნავი იყო. ის რომ გამოვიძახეთ, ნახევარ მსოფლიოს გადაუფრინა, რათა პარასკევს ჩვენთან ყოფილიყო და შაბათს უკვე მარქაფაში იჯდა - ეს მის ძალაზე და შესაძლებლობებზე მეტყველებს. ის ბრწყინვალე პიროვნება და კარგი მორაგბეა. მისი გუნდში ყოფნა ყოველ მხრივ დადებითად მოქმედებს.

მეორე ნახევარში მიშა ნარიაშვილის ნაცვლად მოედანზე მატარაძე შევიდა და ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში. მოკლედ, ახალგაზრდები მოდიან და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პოზიციაზე და განსაკუთრებით ბურჯებში, კიდევ უფრო დიდ სიღრმეებს შევქმენით.

- მთელმა მსოფლიომ იცის, რომ შერკინებაში ძლიერები ვართ, მაგრამ გულშემატკივრები და რაგბის კრიტიკოსები ყოველთვის მოგვიწოდებდნენ გაგვეუმჯობესებინა უკანა ხაზის თამაში.
- საიდუმლო არაა, რომ ჩემი საქართველოს ნაკრებში მოსვლის დღიდან უკანა ხაზის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და შედეგიც მეტ-ნაკლებად სახეზეა - ბურთს შედარებით უკეთ და ხშირად ვშლით. ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თავდაჯერებულობა ავამაღლოთ. როდესაც ხაზი თავდაჯერებულია, სულ სხვაგვარად ვთამაშობთ და ისეთ კარგ ლელოებს ვიტანთ, როგორც არგენტინასთან. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის ყველა კომპონენტს ვაუმჯობესებდეთ.

- რა მოგვცა ამ ტურნემ, რასაც შემდგომ თამაშებში და განსაკუთრებით 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოვიყენებთ?
- ჩვენთვის ზაფხულის ტესტ-სერიის უპირველესი დანიშნულება უკეთეს გუნდებთან, უფრო კონკურენტუნარიან გარემოში თამაშია, რაც განვითარებისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე შინ ყოველწლიურად თბილისის თასზე მონაწილეობა. ივნისის ტესტებს თან ახლავს საკმაოდ შორ მანძილზე მგზავრობა, რაც ჩვენ წნეხში გვამყოფებს. შინ მუდამ ძლიერები ვართ, ხოლო გასვლებზე თანმიმდევრულად წარმატებულნი ვერ ვიყავით. თუმცა შარშან ოკეანეთში და წელს ამერიკაში დავამტკიცეთ, რომ მგზავრობა ჩვენს თამაშს დიდ დაღს არ ასვამს.

წლევანდელი ტურნეს მსვლელობისას მატჩებს შორის საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა გვიწევდა. ზოგადად, ქალგარიდან ატლანტამდე მოგზაურობას 4-5 საათი ჭირდება, თუმცა ჩვენ დაახლოებით 26 საათი მოგვიწია მგზავრობამ. ეს ტურნეს შემადგენელი ნაწილია და ამას უნდა შევეჩვიოთ. უარყოფითი მომენტია ის, რომ ნამგზავრზე სრულფასოვან ვარჯიშს სამშაბათამდე, ან ოთხშაბათამდე ვერ იწყებ, მანამდე აღდგენა გაქვს გასაკეთებელი. ეს ბევრ კარგ რამეს გვაჩვევს, რაც განსაკუთრებით 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოგვადგება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, გუნდების "მათსავე ეზოში" დამარცხებას რომ ვეჩვევით.

- რა იქნება ჩვენი მიზანი ნოემბრის ტესტებზე?
- ნოემბრის ტესტები ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და შესაძლებლობიდან გამომდინარე უძლიერეს გუნდს შევკრებთ. გვეწვევიან აშშ და კანადა და ეს ტესტები აუცილებლად მოსაგებია.

შუალედში უელსს კარდიფში ვეთამაშებით. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა ვითამაშოთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, ისეთ განსაკუთრებულ არენაზე, როგორიც "მილენიუმ სთედიუმია". პირველად გვიწევს, რომ ერთ წელიწადში პირველი ეშელონის ერთბაშად ორ გუნდს ვეთამაშებით - იყო არგენტინა და იქნება უელსი. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და მაქვს იმედი, რომ არგენტინასთან მიღებულ გაკვეთილებს გავითვალისწინებთ, კარგად გავიაზრებთ და უელსის წინააღმდეგ გამოვიყენებთ.

- რას გვეტყვით სოსო მათიაშვილზე, რომელიც არგენტინასთან შეცვლაზე ფულბეკად შევიდა? აქამდე ნაკრებში ის მხოლოდ ფრთაზე ვიხილეთ, ესპანეტთან. სამომავლოდ მას ამ პოზიციებზე განიხილავთ?
- მას ბუნებრივად აქვს ათლეტური უნარები, შემტევია და ბურთის ტარება კარგად ეხერხება. მოსწონს როდესაც მეტოქეს ჯაბნის, სწრაფია და კარშიც შესანიშნავად ურტყამს. კლუბში 15 ნომერზე თამაშობს, მარგამ ჩვენ სოსოს უფრო ფრთის მოთამაშედ განვიხილავთ, თუმცა არგენტინასთან მატჩისას გვანახა, რომ ნაკრებშიც შეუძლია 15 ნომერზე თამაში.

მას მწვრთნელები დადებითად ვახასიათებთ, თუმცა კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. როგორც სპორტსმენი, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მეტი პოტენციალი აქვს გამოსავლენი. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი მასზეა დამოკიდებული - უნდა დაამტკიცოს, რომ ნებისმიერ ტესტ-მატჩში შეუძლია ფრთისა თუ ფულბეკის პოზიციაზე სასტარტო თხუთმეტეულში თამაშის დაწყება. ის კარგი მოშვიდკაცეა და ეროვნულ ნაკრებში სწორედ შვიდკაცადან მოხვდა. მან შანსი მიიღო, თუმცა ნაკრებში ერთხელ ან ორჯერ მოხვედრა არაფერს ნიშნავს, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ქვეყნის პირველ გუნდში კიდევ არაერთხელ მოხვდეს.

- ცოტა ხნის წინ საქართელოში 20-წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა. თუ გამოჩნდნენ ისეთი მორაგბეები, რომლებიც უახლოეს მომავალში შანსს ეროვნულ ნაკრებში მიიღებენ?
- რამდენიმე მოთამაშე ნამდვილად გამოირჩა. მწვრთნელები დიდი ყურადღებით ვუყურებდით მათ მატჩებს, რათა გვენახა, ვინ იქნებოდა შემდეგი და რა თქმა უნდა არიან ბიჭები, რომლებმაც ჩვენი ყურადღება მიიქციეს. მიმაჩნია, რომ კაპიტანი ილია სპანდერაშვილი გამორჩეული მოთამაშეა - ჯანი აქვს და მას კარგად იყენებს, რაც ჩვენ მოგვწონს. მოგვეწონა ახალბედა 10 ნომერი თედო აბჟანდაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და 20 წლამდელებში კიდევ ორ ტურნირზე მიეცემა დახელოვნების შესაძლებლობა. მასზე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო დიდი ასაკის მორაგბესავით თამაშობს, კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, მასზე წინ მყოფ ხალხს აკონტროლებს, გუნდს კრავს, რაც მისი ასაკის ახალგაზრდისთვის დიდი პლიუსია. გარდა ამისა, ფეხით შესანიშნავად თამაშობს და კარგი შემტევია.

უნდა აღვნიშნოთ გელა აფრასიძე, რომელიც უდაოდ ამ ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია და ის ბოლო ლელო ირლანდიასთან - მას მხოლოდ გელა თუ დადებდა, რადგან ის განსაკუთრებული უნარების და ალღოს მქონე მორაგბეა.

როგორც აღვნიშნე, რამდენიმე მორაგბემ ნამდვილად მიიქცია ჩვენი ყურადღება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20-წლამდელებიდან ეროვნულ ნაკრებამდე ძალიან დიდი ნაბიჯია გადასადგმელი. ეს მორაგბეები ნამდვილად მიიღებენ თავიანთ შანსს უახლოეს ორ წელიწადში, ანუ მსოფლიო თასამდე. მანამდე კი, ჩვენ ყველას გვიხარია, რომ ილია მაისურაძემ, სამწვრთნელო შტაბმა და ყველამ, ვინც 20-წლამდელებში მუშაობენ, ამ ტურნირში ადგილის შენარჩუნება შეძლეს.

კმაყოფილი დავრჩი ბიჭების ფორმით და ფიზ-მომზადებით, რაც განსაკუთრებით არგენტინასთან მეორე მატჩში გამოჩნდა. ჩვენი გუნდი ბევრად უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყო და, საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც ჩვენი მდგომარეობისა და სტატუსის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მაისურაძის გუნდს და ყველას, ვინც მუშაობდა ამ შედეგის მისაღებად. ჩვენი მომავალი ნათელია, რადგან ასაკობრივ გუნდებში ძალიან ბევრი კარგი მორაგბე გვყავს. ამ კომპონენტში განსაკუთრებით იგრძნობა სხვაობა ჩვენსა და მეორე ეშელონის სხვა ქვეყნებს შორის - ჩვენი განვითარების პროგრამები განსაკუთრებულად კარგად მუშაობს და ასაკობრივი გუნდებიდან ბევრი ძალიან კარგი მორაგბე მოდის. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ.

მინდა აღვნიშნო საქართველოს პირველი ხაზის მუშაობა - ეს ბიჭები შერკინებაშიც განსაკუთრებულად კარგად იდგნენ და ღია თამაშშიც აქტიურად ერთვებოდნენ: იღებდნენ და უშვებდნენ ძალიან ეფექტურ პასებს, დარბოდნენ. ესაა თანამედროვე რაგბი და განვითარება.

- რას მოუტანს ქვეყანას, მთლიანად ქართულ რაგბს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა?
- ქვეყნისა და ქართული რაგბისთვის ეს ტურნირი ფანტასტიკური იყო. ამ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მონიჭებით "მსოფლიო რაგბმა" დიდი ნდობა გამოგვიცხადა და ეს ნდობა გავამართლეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრის მოსმენა, ვინც მასში უშაუალოდ მონაწილეობდა და მე მათი მოსმენის შესაძლებლობა მქონდა. ახალი ზელანდიელები, ავსტრალიელები და სხვა გუნდის წევრები, რომლებთანაც საუბრის შესაძლებლობა მომეცა, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველოში არაჩვეულებრივი დრო გაატარეს.

მათი სიტყვებია (და არა ჩემი ინტერპრეტაცია) - "ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიგვიღია" - და დამიჯერეთ, ზოგიერთი ამ მწვრთნელთაგანი უამრავ ასეთ შეჯიბრზეა ნამყოფი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენ, როგორც რაგბის კავშირი, არა მხოლოდ მინდორზე ვართ კარგები, არამედ მის გარეთაც ვვითარდებით და თავისუფლად შეგვიძლია მსგავსი ტურნირების მასპინძლობა.

მე მოვისმინე უშუალოდ ახალ ზელანდიელი მწვრთნელებისა და მორაგბეების მშობლებისგან, რომლებიც გუნდს საქართველოში ჩამოყვნენ, რომ აქ განსაკუთრებული დრო გაატარეს. მათ აღმოაჩინეს ქვეყანა, რომლის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ და რომელსაც მათთვის უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია. ჩვენ ეს კარგად ვიცით და გვესმის, რადგან აქ ვცხოვრობთ, ხოლო ტურისტები, ვინც ჩვენს ქვეყანას ტურნირის შემდეგ ტოვებდნენ აცხადებდნენ - "ეს შესანიშნავი ქვეყანაა და აუცილებლად დავბრუნდებით". ეს სიტყვები შესანიშნავი რეკლამაა ქვეყნისთვის, მისი ტურიზმისა და ხალხისთვის. ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და შრომა, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტურნირის განმავლობაში მათ რაგბით განსაკუთრებულად ისიამოვნეს, მაგრამ მოდით ცოტა ხნით დაივიწყეთ რაგბი: ჩვენ, როგორც ქვეყანამ დავამტკიცეთ, რომ უამრავი რამის შეთავაზება შეგვიძლია ტურისტებისთვის - სამზარეულო, ტურისტული პოტენციალი, კულტურა და ისტორია! წარმოიდგინეთ, რამხელა სიამოვნებას მიიღებენ აქ ჩამოსვლით "ექვსი ერის" ქვეყნების ტურისტები და როგორ მოუნდებათ საქართველოში არაერთგზის დაბრუნება. სწორედ ამიტომ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო განსაკუთრებული, ფანტასტიკურად ორგანიზებული ტურნირი და მინდა შევაქო ყველა ის ადამიანი, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული, როგორც რაგბის კავშირის, ასევე მთელი ქვეყნის მხრიდან!

წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, რაგბი იყო ის, რამაც საქართველო მსოფლიოს რუქაზე გაამყარა. რაგბი და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი არის და იყო კატალიზატორი, მიზეზი ამ ქვეყნების წარმომადგენლების, ტურისტების საქართველოში ჩამოსვლისა, რის შემდეგაც მათ ნახეს და გაიაზრეს ის, თუ რა მშვენიერი ქვეყანა გვაქვს და რამდენი რამის შეთავაზება შეგვიძლია: განსაკუთრებული და განუმეორებელი სამზარეულო, უნიკალური ღვინო, კულტურა, ისტორია და ულამაზესი ქვეყანა. არა მხოლოდ მთებსა და დაბლობებს, არამედ ძალიან თბილ და მყუდრო ქალაქებს.

კიდევ ერთი რამ, რასაც ყველა აღნიშნავდა, იყო ქალაქების მრავალფეროვნება - მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ასეთ მრავალფეროვან ადგილებს ნახავდნენ. დამიჯერეთ, ამდენს სხვა ქვეყნების შესახებ ნამდვილად ვერ იტყოდნენ და რაც მთავარია, ჩვენს გარდა ვერც-ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმით, რომ მსოფლიოში პირველმა შექმნა ღვინო - ამის თქმა მხოლოდ საქართველოზეა შესაძლებელი. ეს ერთ-ერთია რაც აქ ჩამოსულმა სტუმრებმა აღმოაჩინეს და ამ ყველაფერს ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
მწვრთნელს:ქოცები რა არიან შენი? იოცნებე, ოცნება ცუდი არაა, ხალხი უკვე 4 წელიწადია ოცნებობს დღესაც იგივე მდგომარეობაში არიან (თუ უარესი არა)
nini
15 აგვისტო 2017 15:12
0
ახლა კარგად წაიკითხეთ, ვინც ქართული მარშის მონაწილეებზე წერთ უსაქმურები და სხვა ქვეყნის მართულიო, თუ რაგბზე წერ, რაგბზე დაწერე, არავის მართული ჩემი ძმიშვილი არ იყო ცოტნე შარაბიძე და არც უსაქმური, ქართველების გენეტიკას იკვლევდა, მაგრამ არ დასცალდა, 26 წლის გარდაიცვალა და ასე თაგამოდებით რომ რაღაცას ამტკიცებთ, ცოტა აზრი დააყოლეთ და საკუთარ თავს მიხედეთ ის გირჩევნიათ
გელა შარაბიძე
10 აგვისტო 2017 10:18
1
ავტორჯან ფულბეკი რა არის მოხარშულია თუ შემწვარი, სოსისსთანააა თუ ისე ტომატით. წერეთ ქართულად ქართული მდიდარი ენაა, ქართულად ყველა სიტყვა ითარგმნება მარა პირიქით ნურას უკაცრავად, გეიგე???? ასევე ითქმის ფეხბურთზე: მუნდიალი, მეკარემ კარგი სეივი გააკეთა და. ა.შ.
დათო
09 აგვისტო 2017 14:19
0
დაუღალავი შრომისა და ქართული რაგბისა და საქართველოს პოპულარიზაციის||თვის ეკუთვნის ამ ადამიანს https://manifest.ge/main/item/1670
levani
20 ივლისი 2017 12:58
0
აბა ჰეიგი მიდისო,რატომ გააბაზრეს თამაშის დროს კომენტატორებმა? ეს თუ ტყუილია,უნდა გაყარო ეს უცოდინრები!კიდევ კარგი ხშირად ვერ ერევიან წაყვანაში!
ეეეეეეეეეეეე
19 ივლისი 2017 18:10
0
ჩვენი კაცი ახალი ზელანდიიდან!
გიორგი
19 ივლისი 2017 17:48
0
ჰეიგი ჩვენი ქვეყნის პატრიოტია!!! აბა ვინმეს თუ წარმოგიდგენიათ ზუროსი ან ვაისი ასეთი შინაარსის ინტერვიუს იძლეოდნენ, --- არც კი უცხოვრიათ საქართველოში!!!
დოკტორ
18 ივლისი 2017 11:13
1
მილტონ ჰეიგის სხვა ღირსებებთან ერთად არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მის საუბარში: ჩვენ, ჩვენი ქვეყანა, მისიკულტურა, ისტორია და სხვა. მას ნამდვილად სჩანს, რომ უყვარს საქართველო და ეს მისი ქვეყანაა!!!
რევაზ ვაჩნაძე
16 ივლისი 2017 21:23
0
მალე მოუგებთ მილტონ!ასე გააგრძელე
vato
16 ივლისი 2017 15:43
0
კახას- ჩემი სათქმელი თქვი, სრულიად გეთანხმები
ალეკსანდრე
16 ივლისი 2017 13:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული