გენერალური ასამბლეის მთავარი თემა სწორედ რაგბის გლობალური ზრდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იყო. ითქვა, რომ ბოლო პერიოდში რაგბში ჩართული ადამიანების რიცხვი 8,5 მილიონით გაიზარდა, თუმცა იმისათვის, რომ პროგრესი კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე რამდენჯერმე ახსენეს ქართული რაგბის წინსვლა, ხოლო გახსნით სიტყვაში სოსო მათიაშვილის
"ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც მიმდინარე საკითხები განიხილებოდა. დიდი ყურადღება დაეთმო რაგბის გეოგრაფიის გაფართოების აუცილებლობას, ქალთა რაგბს, მოუსმინეს მაღალი მიღწევების მენეჯერებს. სასიხარულოა, რომ გახსნით სიტყვაში სოსო მათიაშვილის ლელო ახსენეს და ითქვა, რომ სწორედ ასეთი სასწაულებისთვის გვიყვარს რაგბი. 2-დღიანი კონგრესი "მსოფლიო რაგბის" ვიცე პრეზიდენტის, აგუსტინ პიშოს შთამბეჭდავი სიტყვით დასრულდა. მთლიანობაში, ასამბლეამ დამარწმუნა, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ზღუდე დაინგრევა და ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩვენ, იაპონია და ფიჯი ვართ, ტიერ ერთის ქვეყნებთან გათანაბრების საშუალება მოგვეცემა" - ნანახით და მოსმენილით კმაყოფილია სვანიძე.
რაგბის გეოგრაფიული არეალის გაფართოებაზე საუბრისას, საქმე მხოლოდ საქართველოს და მის დარ ქვეყნებს არ ეხება. მსოფლიო რაგბმა თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა იმ ქვეყნის პროგრესზე, რომლებიც რაგბში არიან ჩართული:
"ვფიქრობ, რაგბში ქვეყნების დონეებად დაყოფა ბოლო წლებს ითვლის და სულ მალე ის დიდი ტალღა, რომელიც თავის დროზე არგენტინიდან წამოვიდა და ახლა საქართველოდან, იაპონიიდან, ფიჯიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მოდის, გადალახავს ამ დონეებს შორის არსებულ ბარიერებს. ეს ხელს შეუწყობს გუნდებს შორის სათამაშო ხარისხის დაახლოებას. გასაგებია, რომ რაგბში ძლიერი გუნდის სუსტთან თამაშით მაყურებელი ვერ ისიამოვნებს, თუმცა ახლოს მყოფ ქვეყნებს შანსი უნდა მიეცეთ და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია" - ამბობს სვანიძე.
ჩვენთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაწყებულია და 2019 წლიდან ბორჯღალოსნები ტიერ ერთის გუნდებთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ ითამაშებენ, თუმცა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ამ პერიოდიდან მეტის მოლოდინი აქვს:
"როგორც წესი, მსოფლიო თასი ერთგვარი წყალგამყოფია. 4-წლიან ციკლში მთავრდება ერთი და იწყება რაღაც ახალი. ჩვენ უკვე გვაქვს გარანტია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მომდევნო 4-წლიან ციკლში ტიერ ერთი ქვეყნებთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვითამაშებთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა, დამატებით შესაძლებლობებს. "მსოფლიო რაგბში" კარგად ესმით, რომ უელსთან ჩვენი თამაში ასეთი კარგი ვერ იქნებოდა, წელს ივნისში არგენტინასთან რომ არ გვეთამაშა. სწორედ იქ მიღებული გამოცდილების შედეგია, რაც ახლა კარდიფში ვიხილეთ.
ვფიქრობ, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ და არაუგვიანეს 2023 წლისა, ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის არსებული ჯებირი გაირღვევა. ამისათვის ჩვენ ვალდებული ვართ, რომ იაპონიაში ვაჩვენოთ ის თამაშის ხარისხი, რაც მსოფლიო რაგბის გურმანებს დააკმაყოფილებს, ხოლო ხარისხს სპორტული შედეგიც მოყვება. იაპონიაში ჩვენი მიზანი ორი თამაშის მოგებაა, ავსტრალიას და უელსს კი სერიოზული ბრძოლა უნდა გავუმართოთ. გასაგებია, რომ უელსი მსოფლიოზე სულ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იქნება, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ იქ საქართველოც სხვა გუნდი იქნება.
მჯერა, ამ ორ წელიწადში ნაკრებში კიდევ არაერთი ახალი სახე გამოჩნდება და იაპონიაში გამგზავრების წინ მწვრთნელებს თავსატეხი გაუჩნდებათ - ვინ დატოვონ თბილისში და არა ის, თუ ვინ წაიყვანონ იაპონიაში".
ექვსი ერი თუ ახალი ფორმატი?
არახალია, რომ საქართველოსთვის განვითარების პირდაპირი გზა ექვს ერზე გადის და "მსოფლიო რაგბის" კულისებში ამ თემაზეც შედგა საუბრები:
"ექვს ერში ჩართვით ჩვენ უმოკლეს დროში შევძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და მათ გარანტირებულად ვეუბნებით, რომ 2-3 წელიწადი არა მხოლოდ ერთი თამაშის მოგებაზე, არამედ თასისთვის ბრძოლაზე გვექნება პრეტენზია. ჩვენს არგუმენტებს ყველა ეთანხმება, მაგრამ როდესაც ყველაფერი რამდენიმე წლითაა გაწერილი, ერთ დღეში ვერაფერი შეიცვლება. თუმცა ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ ამაზე, რათა მსოფლიო თასის შემდეგ რაღაც შეიცვალოს.
ექვს ერშიც ესმით, რომ კომერციულად თვითონაც აგებენ, რადგან სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები ტურნირში საქართველოს მონაწილეობაზე. პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ ვარიანტზე და მასში რომელიმე წამყვანი ქვეყნის ჩართვაზე. მიდის ჭიდილი ნოვაციურ იდეებსა და კომერციულ მიდგომებს შორის და მჯერა, მოგებული დავრჩებით".
საქართველომ საფრანგეთი აირჩია
მე-13 გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენა იყო. ამისათვის ორი ტური გახდა საჭირო და მასში საქართველოდან გიორგი ნიჟარაძე მონაწილეობდა, რომელიც "მსოფლიო რაგბის" საბჭოს წევრია.
პირველ ტურში საფრანგეთმა 18 ხმა მიიღო, სამხრეთ აფრიკამ 13 და ირლანდიამ 8. მეორე ტურში საფრანგეთმა 24, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 15 ხმა მიიღო და მე-10 საიუბილეო მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს (მეორედ 2007 წლის შემდეგ), რომელსაც მხარი საქართველომ დაუჭირა.
"საფრანგეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს და დღეს ქართული რაგბი ასეთ დონეზე რომაა, სწორედ მათი დამსახურებაა. ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა სწორედ იქ თამაშობს. გარდა ამისა, ქართველი გულშემატკივრისთვის საფრანგეთში ჩასვლა უფრო იოლი იქნება, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში, ან ირლანდიაში. განვლილ მსოფლიო თასებსაც თუ გადავხედავთ, ევროპაში ჩატარებული ჩემპიონატები "მსოფლიო რაგბისთვის" ფინანსურად უფრო მომგებიანი იყო" - ამბობს სვანიძე.
rugby.ge