ჰეიგმა იტალიასთან მატჩისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.

სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე გადაადგილებაა - ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მონატრებული, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაში - 2013 წლის „თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ.

უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების
ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.

შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნებიან.

მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს - ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.

პირველ ხაზს მარქაფიდან გამოცდილი შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა გააძლიერებენ, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ, რომელიც 23-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია - 34 წლის და იტალიასთან 70-ე კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზში ბექა ბიწაძე გამოჩნდება, რომელსაც შარშან ნოემბრის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

ხაზის მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს. გელა აფრასიძე (20 წლის) და გიორგი კვესელაძე მარქაფიდან ჩვენი ხაზის თამაშს გააძლიერებენ.

ათასობით ქართველი „არტემიო ფრანკიზე“

„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა. თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებს ქომაგობა არც სამშობლოში მოაკლდებათ - ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი - აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეწყობა ღონისძიება სახელით: „იტალია v საქართველო - გააგონე ჰიმნი“. ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ

ურთიერთშეხვედრების ისტორია იტალიასთან


ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

„აძურის“ ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

10 ნოემბრის ჯახამდე იტალიის ნაკრებმა ერთი შეხვედრა გამართა, ჩიკაგოში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7:54 დამარცხდა. ბორჯღალოსნებთან მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა კონორ ო’შიმ ჩიკაგოში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა წაიყვანა, მომავალი შეხვედრისთვის კი უძლიერესი შემადგენლობით ემზადება.

გაფართოებულ რაზმში არიან ვეტერანი კაპიტანი, ‘სტად ფრანსეს’ მესამეხაზელი სერჯიო პარისე, რომლის ანგარიშზე 134 კეპია, ‘ტულუზის’ კვაჭი ლეონარდო გირალდინი (96 კეპი), ‘ბენეტონის’ მესამეხაზელი ალესანდრო ძანი (106), მიკელე კამპანიარო (ექსეთერი, 35), ტომასო ბენვენუტი (ბენეტონი, 52) და ტომასო ალანი (ბენეტონი, 40).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიყვარს კომენტარების კითხვა. როდესაც კომენტარის შემდეგ, შემდეგ კომენტარს ვკითხულობ, უფრო ვძლიერდები. ისე ვიქოქები,რომ ერთ ხელში ბასრი ხმალი მიჭირავს და მეორეში ფარი. ჩემ წინ დიდძალი რომაელთა ჯარი დგას. 50 მეტრის გარბენა და მათთან შესკდომა გარდაუვალია. ან ისინი მომკლავენ, ან ჩვენ გავიმარჯვებთ...
TanoLife
09 ნოემბერი 2018 22:30
1
ხვალაა ჩვენი დიდგორიც, ბასიანიც, მარაბდაც, შამქორიც
გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2018 13:29
0
ველოდები უმძიმეს ბრძოლას და ძვლების ჭახაჭუხს, მაგრამ ჩვენ ხომ ბრძოლაში ვართ ბედნიერები! წინ, საქართველო!
mamuka09ze
09 ნოემბერი 2018 11:50
0
ბოდიში მომითხოვია, არ ვარ თბილისში და ტელევიზიით რომელ არხზე გადაიცემა რაგბი?
აჩი
09 ნოემბერი 2018 11:03
0
იმედზეა
მიროსან
09 ნოემბერი 2018 22:05
0
წარმატებები ბჭებს! მეწყინა რომ აბჟანდაძის ადგილი არც მარქაფაში მოიძებნა.
Irakli Apkhaidze
09 ნოემბერი 2018 10:00
0
იმედი მაქვს ახალგაზრდები თავის სიტყვას იტყვიან და ის დიდი დანაკლისი რაც გვაქვს, აღმოიფხვრება. აბჟანდაძე მინდოდა მეხილა, ძალიან მაგარი 10 ნომერია, მაგრამ გამართლებულია ალბათ ესეთ მნიშვნელოვან მატჩში რომ არ ათამაშებენ. შემდეგ ორ თამაშში აუცილებლად ვიხილავთ ჩემი აზრით. ბეგა გორგაძეს დაბრუნებაც ძალიან სასიხარულოა. მოკლედ რთული მატჩი გველოდება მაგრამ მაინც იმედიანად ვარ. მთავარია მღელვარება მოიხსნან და ლაღად ითამაშონ. შერკინებაში წესით უნდა გადავუაროთ. წარმატებები ბიჭებს!
შოთა
09 ნოემბერი 2018 09:21
0
მიდით ბიჭებო, ბოლომდე თქვენს გვერდით ვართ! ბევრსაც ვერ მოთხოვ ამ შემადგენლობას (იმიტომ არა რომ ცუდები არიან): შარიქაძე - 8 თვიანი პაუზა, ძნელაძეს 1 კეპი აქვს 5 წლის წინ, ქუბრიაშვილი 2 წელია არ გამოჩენილა, კოშაძესაც სულ რამოდენიმე თამაში აქვს და არც ის ჩამჯდარა მყარად ძირითადში, იგივე ცუცქირიძეზე და გიორგაძეებზე, ლობჟანიძეს სამწუხაროდ ძალიან ქონდა ბოლოს მოკლებული, შერკინების მწვრთნელი ახალი, მეტოქედ კი მოწინააღმდეგე კი 6 ერის გუნდია (თუნდაც მაჩანჩალა) და გრანდებთან თამაშის უდიდესი გამოცდილება და განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. მაინცდამაინც იტალიასთან უნდა გვყოლოდა ასეთი გადახალისებული შემადგენლობა? 2 წლის წინ უნდა დაგვეწყო მზადება - თუ მოვიგებდით უდიდეს ნახტომს გავაკეთებდით გრანდებთან ხშირი შეხვედრების პრეტენზიისთვის. არ მინდა 2 წლის წინანდელი შოტლანდია მივიღოთ, მთავარია დაძაბულობა მოვიხსნათ, უაზრო ბურთის დაკარგვები შევამციროთ და ბოლომდე მოვაწვეთ. ბოლო პერიოდში ჰეიგის მიერ გუნდის შენების სტრატეგიის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ არ გავაგრძელებ რომ არ დავნავსო ბიჭები. მიდით რა დაადუმეთ არტემიო ფრანკი.
???
09 ნოემბერი 2018 01:58
3
ძალიან ბევრი ტრავმებია,ბიჭებო და ეს ცვლილებებიც იძულებითია.აქ რა არის გაუგებარი.შარიქაძეს საერთოდ არ უთამაშია ტრავმის შემდეგ და რა თქმა უნდა ძალიანაც გაუჭირდება,მაგრამ კაპიტანია და ფსიქოლოგიურად მაინც ძალიან დაეხმარება ბიჭებს.მომზადება რა თქმა უნდა ადრიდანვე დაიწყებოდა,მაგრამ ტრავმის მიღების დროს,შენ თვითონ ვერ შეარჩევ,ასე რომ მანდ საყვედურის მიცემა უადგილო მგონია.ამჟამად ვისაც შეუძლია დახმარება,ეხმარებიან გუნდს და თავს და ჯანს რომ არავინ დაზოგავს, მგონი ამას არავინ შემედავებით.დღეს გამარჯვება გვჭირდება და გავიმარჯვებთ კიდეც.
სოსო
10 ნოემბერი 2018 14:43
0
მსჯელობა ეხლა ვერაფერს მოგვცემს, მაგრამ ბევრი რამე მეც გამიკვირდა _ ჩილაჩავა ფორმაშია და სკამზე დასვა.ფლანგებზე ის ხალხი დააყენა, ვისაც ნაკრებში ამ პოზიციაზე არ უთამაშია, ან უკეთეს შემთხვევაში 1 თამაში ჩაუტარებია. გამოცდილი მჭედლიძე 12 ნომერზე დგას, როცა ნაკრებში სულ ფლანგზეა. რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უკეთესად იცის და მის საქმეში ნამდვილად არ ვერევი, მაგრამ ეს ის თამაშია, სადაც მინიმალური შეცდომაც ძვირად ფასობს. მთავარი პრობლემა მაინც მეორე ხაზი მგონია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დერეფანში თამაშიც. მე მაინც იმედიანად ვარ და მჯერა, ხვალ სტადიონს გამარჯვებულები დავტოვებთ, მითუმეტეს იტალიას პარიზეც არ ეყოლება
)))))
09 ნოემბერი 2018 04:17
2
მთავარი მსაჯი ზელანდიელი გლენ ჯექსონია. კიდეებზე: ფრენქ მერფი (ირლ) და შუჰეი (იაპ). ვიდეო გრემ ჰიუზი (ინგ).
გიორგი
09 ნოემბერი 2018 00:17
0
მსაჯი სადაურია ბევრი რამე იქნება ნსაჯზე დამოკიდებული
912
08 ნოემბერი 2018 23:41
0

სიახლეები პოპულარული