საქართველოს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ფლორენციაში ტესტ-მატჩში იტალიასთან 17:28 დამარცხდა.

ბორჯღალოსნებმა იტალიის ნაკრებს „არტემიო ფრანკიზე“ დიდი ბრძოლა გაუმართეს, ორი ლელო გაუტანეს და ერთი ამდენის გატანის შანსი ხელიდან გაუშვეს. „აძურიმ“ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა, რასაც მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილებაც დაემატა და საბოლოოდ 11 ქულის სხვაობით იმარჯვა.

რადგან ამ თამაშს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, მონდომება და თავდადება არცერთ გუნდს დაუკლია. მეტოქე გვჯობდა დერეფანსა და მოლში, ჩვენ შერკინებაში გვქონდა უპირატესობა და დასკვნით 20 წუთში იტალიელები თავის ნახევარზეც გამოვკეტეთ, მაგრამ მოსაგებად ორი ლელო რომ გვინდოდა
ჯარიმები კარში აღარ ვურტყით, თორემ სხვაობა კიდევ უფრო მცირე იქნებოდა.

ზემოთნახსენები უნებლიე შეცდომები სწორედ მაღალი დონის თამაშების ნაკლებობის გამოძახილია, რისი დეფიციტიც ნელ-ნელა, თუმცა მაინც ივსება. ბორჯღალოსნები განვითარებისთვის უფრო მეტ ასეთ თამაშებს იმსახურებენ და შორს ნამდვილად არაა ის დღე, როდესაც ჩვენი გუნდი წამყვანი სარაგბო ქვეყნის ნაკრებთან გამარჯვებას იზეიმებს.

მატჩის მეორე ტაიმში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი დაფიქსირდა - შეცვლების შემდეგ ჩვენებმა თამაშს უმატეს და დასკვნითი 20 წუთი სწორედ ამის გამოძახილი იყო, რაც ქართული რაგბის მზარდი პოტენციალის კიდევ ერთი დასტურია.

მადლობა ათასობით ქომაგს

ბორჯღალოსნების ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ერთად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, რომლის ჩანაწერი ფლორენციაში გაიგზავნა და ბორჯღალოსნებმა ის თამაშის წინ იხილეს. თბილისის ცენტრში შეკრებილმა გულშემატკივრებმა ბორჯღალოსნების თავდადებული ბრძოლა დიდ ეკრანზე იხილეს და მიუხედავად მანძილის სიშორისა, ბოლო წუთამდე ქომაგობდნენ ჩვენს ბიჭებს. ამ არაჩვეულებრივი ზეიმის მოწყობისთვის დიდ მადლობას ვუხდით პირადად მათ და ამ აქციის ორგანიზატორებს - ქართული რაგბის ოფიციალურ ლუდს „აისი“-ს და თბილისის მერიას.

უშუალოდ ფლორენციაში საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან 10 ათასზე მეტი ქართველი ქომაგი ჩავიდა, რომლებმაც მასპინძლების მოედნის უპირატესობა ნაწილობრივ გააბათილეს. ქართული დროშების ფერებში მოხატულმა, ჩვენი ეროვნული დროშებით აღჭურვილმა ქომაგებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვეს სარაგბო სამყაროში და მთელს მსოფლიოს დაანახეს, როგორ უყვერთ რაგბი ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

პირველი ტაიმი

მატჩის წინა, სახელმწიფო ჰიმნებმა ცხადყო, რომ გუნდები სამკვდრო-სასიცოცხლო რკენისთვის ემზადებოდნენ და მოტივაცია არავის აკლდა. სასტარტო ნერვიულობის ფონზე სამი შეცდომა დავუშვით, რასაც მე-9 წუთზე ჯარიმა მოყვა და ტომაზო ალენმა ახლოდან ანგარიში გახსნა. პასუხად მე-14 წუთზე ფაზები ავკინძეთ, ორჯერ შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა და ორივეჯერ ჯარიმის უპირატესობა მივიღეთ, რის შემდეგაც კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი მეტოქის 22-ში, აუტში გადავიტანეთ. მოლს ჯაბა ბრეგვაძე მოწყდა და დაარტყა, ამას მორკინალთა ორი სამეულის დარტყმა მოყვა, რაქიდან იერიშში თამაზ მჭედლიძე ჩაერთო, რომელმაც ხაზი გაჭრა, იტალიელთა დაცვის ბოლო ეშელონი ბრძოლით გადალახა და ლელოთი დაგვაწინაურა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა - 7:3 ჩვენს სასარგებლოდ.

იტალიელებმა ტემპს უმატეს, ბურთის ფრთებზე ჩათამაშებით 12 ფაზა გადააბეს, რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს და მიკელე კამპანიაროს ლელო ალენმა გარდასახა. 25-ე წუთზე იტალია შერკინებაში დავაჯარიმეთ და მათიაშვილს წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. მალე გიორგი ცუცქირიძე მეტოქეს ჰაერში ეთამაშა და სინბინით დაისაჯა, რიცხობრივი უპირატესობა კი მეტოქემ 8 ქულად აქცია.

თავდაპირველად იყო ეპიზოდი, როდესაც ლაშა ლომიძემ შემტევი მომაკვდინებელი ბოჭვით ზედ ლელოს ხაზთან გააქვავა, ხოლო მომდევნო მომენტი გლენ ჯექსონმა ვიდეო-რეფერიზე გადაამოწმა და ლელო სამართლიანად გააუქმა. მასპინძლებმა ფრთებზე მეტობა კიდევ რამდენჯერმე შექმნეს, თუმცა თავგანწირული დაცვით მეტოქეს 20-ფაზიანი შეტევის შემდეგ ლელო არ გავატანინეთ და ისიც იძულებული გახდა ჯარიმით აღებულ 3 ქულას დასჯერებოდა. მაგრამ ტაიმის მიწურულს იტალიამ მოახერხა უპირატესობის გამოყენება და მატია ბელინის მიერ ალამთან გატანილი ლელოს წყალობით ტაიმი 18:7 მოიგო.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი კვლავ მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მათ სწრაფად გაათამაშეს ბურთი და მესამე ლელო მიითვალეს. პასუხად ასევე ხელდახელ შევუტიეთ და მჭედლიძემ ფრთაზე მერაბ შარიქაძე გააქცუნა, ის 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, მორკინალების დარტყმას ჯარიმა მოყვა, დერეფანს მოლი, მაგრამ წინსვლა ვერ მოხერხდა. 51-ე წუთზე იტალია შერკინებაში ერთხელაც დავაჯარიმეთ და მათიაშვილმა 40 მეტრიდან გაიტანა.

ტაიმის შუაში მოედნის ცენტრში დავკარგეთ ბურთი, რასაც სწრაფი კონტრშეტევა და ალენის ლელო მოყვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა 43-ე წუთის შემდეგ, როდესაც იტალიამ ჩვენს ლელოსთან მიახლოვება მოახერხა. დარჩენილი დრო სრულად მეტოქის ნახევარზე, შეტევებში გავატარეთ და რომ არა პატარ-პატარა შეცდომები, 7-ზე მეტი ქულის აღება შეიძლებოდა. ის 7 ქულა 62-ე წუთზე ავიღეთ, როდესაც ხაზი გიორგი ცუცქირიძემ გაჭრა, მათიაშვილმა და ბექა გორგაძემ ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს გიორგი კვესელაძემდე, მან ბოლო მცველი აიყვანა და ბექა ბიწაძე ლელოს აუცილებლად დადებდა, მაგრამ ტომაზო ბენვენუტიმ ჯერ კიდევ ბურთის მიღებამდე შებოჭა. ეს ვიდეო რეფერიმ დააზუსტა და იტალია 7 საჯარიმო ქულით, ხოლო ბენვენუტი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

67-ე წუთზე სხვაობის კიდევ უფრო შემცირება შეიძლებოდა, თუმცა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა დერეფანში გადავიტანეთ და მერე დავჯარიმდით. მალე ხაზი გორგაძემ გაჭრა და ბურთი შალვა სუთიაშვილს გაატანა, რომელიც ლელოში გელა აფრასიძეს უშვებდა, თუმცა მას ოვალი წინ დაუვარდა. დარჩენილი დროც შეტევებში, თუმცა უქულოდ გაილია და საფინალო სასტვენმა ურთიერთშეხვედრებში იტალიის მეოთხე გამარჯვება დააფიქსირა, საბრძოლო ანგარიშით - 28:17.

ახლა ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ თამაშს თბილისში გამართავენ : 17 ნოემბერს „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.

მკითხველის კომენტარები / 102 /
ძალიან სამწუხარო რეალობაა,მაგრამ ნათლად გამოჩნდა,რომ ექვსი ერი ძალიან შორს არის ანუ ბევრი სამუშაო გვაქვს.იტალიასთან უშანსოდ წავაგეთ და დანარჩენ ექვსი ერის წევრებთან ვერაფერს ვერ ვიზამთ.
ლაშა
14:31 13-11-2018
2
სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის თავკაცობაც შესაცვლელია... უკვე კარგა ხანია.
daviti
10:32 12-11-2018
1

სიახლეები პოპულარული