ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე
სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზ "საუზერნ კინგსთან" გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" "მიხეილ მესხზე" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართა.
ვარჯიში დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა და მოთამაშეებმა ის კომბინაციები გადაიმეორეს, რომელთა გამოყენებასაც ხვალინდელ შეხვედრაში ეცდებიან.
მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშებში უნდა გამოჩნდეს უკანასკნელი 4 წლის და განსაკუთრებით, ბოლო კვირების ნამუშევარი:
"ჯერ ამ თამაშებში და შემდეგ მსოფლიო თასზე უნდა გამოჩნდეს ის სამუშაო, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გავწიეთ. "საუზერნ კინგსთან" და შოტლანდიის ნაკრებთან იმ ტაქტიკურ სიახლეებს გამოვცდით, რომელთა გამოყენებასაც მსოფლიო თასზე
პრო 14-ის გუნდთან თამაშით დიდი გამოცდილების მიღებას იმედოვნებს "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე:
"მომავალი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, რომელიც კარგ ჩემპიონატში ასპარეზობს. მისი ძლიერი მხარე ხელით თამაშია, განსაკუთრებით, კონტრშეტევებისას. როგორც კი რუსეთთან თამაში გაუქმდა, ვთქვი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ძლიერ კლუბს შევხვდებოდით.
რუსეთის ნამდვილი სახე იტალიასთან ვნახეთ და "საუზერნ კინგსთან" შეხვედრა, რეალურად, უფრო მეტის მომცემი იქნება. ამ გუნდს ზუსტად ის სათამაშო სტილი აქვს, რაშიც საკუთარი თავის გამოცდა გვინდა, რასაც უნდა ველოდოთ ფიჯისგან, უელსისგან, ავსტრალიისგან და ურუგვაისგან. ამ თამაშით საუკეთესო გამოცდილებას მივიღებთ".
"თი-ბი-სი რაგბის" სერიების ეგიდით, საქართველოს ნაკრებისა და "საუზერნ კინგსის" შეხვედრა "მიხეილ მესხზე" ხვალ, 27 აგვისტოს, 19:15 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს "თი-ბი-სი რაგბის" სერიის ფარგლებში, "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დავუხვდებით, რომელიც ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვა.
მსოფლიო თასის წინ, დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 6 სექტემბერს, შოტლანდიასთან უკვე სტუმრად გამართავს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით