მამუკა გორგოძე: "საქმეს დასჭირდა და დავბრუნდი - ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში ვარ!"

AutoSharing Option
საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს!

35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ნაკრებს დაბრუნებოდა, თუმცა გორგოძის პოზიცია დღემდე შეუვალი იყო. ის თვლიდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო და ასეც იქცეოდა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.

შეგახსენებთ, ორივე მორაგბე "საუზერნ კინგსთან" გამართულ გასახურებელ მატჩში დაშავდა – ცუცქირიძემ წვივის მცირე ძვალი გაიტეხა, ოპერაცია დასჭირდა და იაპონიაში
ვეღარ მიემგზავრება, ხოლო შარიქაძის სარეაბილიტაციო პერიოდი 3 კვირას გასტანს და გუნდს იაპონიაში პირველ ორ შეხვედრაში, უელსთან და ურუგვაისთან დააკლდება.

შექმნილ სიტუაციაში გორგოძის დაბრუნება აუცილებლობად იქცა. მის ტელეფონზე არაერთი ზარი გაისმა, გადამწყვეტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და თავად მორაგბეების თხოვნა აღმოჩნდა, რომელთაც მამუკამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია:

“მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დასჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის”.

“სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”.

"ტულონზე" დამოკიდებული

ითამაშებდა თუ ვერა მამუკა გორგოძე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასზე, მხოლოდ მის და ქომაგთა სურვილზე არ იყო დამოკიდებული. ის პროფესიონალი მოთამაშეა და კლუბთან ვალდებულება აკავშირებს, კლუბში კი დიდი ხანია იცოდნენ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და განსაკუთრებით, მსოფლიო თასის პერიოდში მისი ეიმედებოდათ.
ნაკრებში დაბრუნების თანხმობასთან ერთად, დაიწყო მოლაპარაკებები "ტულონის" ხელმძღვანელობასთან, რომელიც საბოლოოდ ორშაბათს, 2 სექტემბერს დასრულდა:

“ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. "ტულონში" 3 წელია იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბად, მოხდა ამ პოზიციის შეცვლა. მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი” – დასძენს გორგოძე და ქართველი ქომაგის რეაქციას ეხმაურება:

“მართლა არ ვიცი, რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები, ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”.

“ვნახოთ, რა იქნება მაქსიმუმი”


რადგან გორგოძეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, ბუნებრივია, მას "ბორჯღალოსნებთან" ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. სამაგიეროდ, ვარჯიშობდა გუნდთან ერთად, ტოპ 14-ის პირველ ორ შეხვედრაში მოედანზე 80-80 წუთი გაატარა და "აჟენს" ორი ლელოც გაუტანა, მაგრამ მამუკა ფრთხილობს:

“სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია, გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ვერ ვიტყვი”.

“ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი - აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში”.

“თავს არავინ დაზოგავს”


გორგოძისთვის იაპონიის მსოფლიო თასი მეოთხე იქნება. ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ისტორიული მატჩი გამართა და “დინამო არენაზე” პირველად უმასპინძლა ტიერ1-ის ნაკრებს, შოტლანდიას. შეხვედრა სტუმრებმა 44:10 მოიგეს და ამ შედეგმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მამუკა წინა წლების გამოცდილებას იხსენებს:

“ანგარიში არც მე მომეწონა, რატომ გვქონდა გამარჯვების იმედი? შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საუცხოო ფორმაშია და ცოტა ხნის წინ საფრანგეთს მოუგო, რომელმაც ზუსტად ვიცი, რამდენად სერიოზული ფიზმომზადების ეტაპი გაიარა. ხანგრძლივი და ურთულესი ფიზმომზადების ეტაპი გაიარა ჩვენმა ნაკრებმაც, ამის შემდეგ კი თამაში რთულია. თუ გავიხსენებთ 2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდს, დავმარცხდით "ნიუკასლთან", კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარგი თამაშები გვქონდა. ამ მარცხით არ უნდა განვსაჯოთ და მთავარია, მსოფლიოზე ვიყოთ კარგად. გუნდთან ერთად არ ვოფილვარ და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვიცი ჩვენი ბიჭების ხასიათი და იაპონიაში ყველა მაქსიმუმს დადებს”.

"ბორჯღალოსნები" იაპონიაში “დ” ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება:

“ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს ფიჯის, რომელიც ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, შეგვაკვდებიან. მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”.

რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, სადაც ამის საჭიროება იქნება:

“სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია”.

გორგოძე "ბორჯღალოსნებს" 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ასეთი ღირსეული კაცისა და მით უფრო მამის შვილისგან სხვას არც ველოდი.
წარმატებები მამუკა
თემური
05 სექტემბერი 2019 09:18
0
შოტლანდია-საქართველო 70-0.
D.N.
05 სექტემბერი 2019 01:51
11
მართლა რა ტვინი წაიღეთ ამ უაზრო რაგბით და იქ გორგოძის დაბრუნებით ხო ხედავთ რო რუმინეთს და რუსეთს ვერ გაცდით იმის იქით ვერ მიდიხართ.ხვალ აგვსვსებთ შოტლაბდია და დაისვენებთ.მიხედეთ რა ფეხბურთს
Bacho
04 სექტემბერი 2019 13:01
28
რაგბის შეეშვითო რომ ამბობთ და ფეხბურთს მიხედეთო რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც გავდივართ და ფეხბურთში რუსებსაც და ვერ რუმინელებსაც რომ ვერ გავცდით ეგ გავიწყდებათ?
გიო7
04 სექტემბერი 2019 15:42
0
რა გჭირთ ხალხო? რა მოგივიდათ? ცოტა დაფიქრდით რეებს წერთ გორგოძეზე, რაგბის ოჯახის წევრებს ვიცნობ ნაწილს და ასეთ შეურაცყოფას რატო ვაყენებთ ერთმანეს; გორგოძე, რაგბისტი, მსოფლიოში აღიარებული და უვაჟკაცეს კაცს ცოდვაა რო შეურაცყოფას აყენებ, ადგილი არ აქვს რო ტრამვა არ ქონდეს მიღებული, რაგბისტებისგან ვიცი რო ბოლო ნაკრების თამაშებში გამაყუჩებლებით უთამაშია ისეთი საშინელი ტკივილები ქონდა (იმიტო წავიდა ნაკრებიდან),რამდენ დარტყმას იღებს მთავარი მბოჭავი ეგ მაინც ხო უნდა იცოდეთ, სირცხვილია ქართველები არ ვართ??? როცა ერთიანდებოდა საქართველო მაშინ აღწევდა წარმატებას ცოტა დაფიქრდით...
Burdzgla
04 სექტემბერი 2019 12:41
1
ნუგგზარ ძაგნიძის შემდეგ,მამუკა 9 (მაპატიონ სხვს მორაგბეებმა)ყველაზე დიდი ქართველი მორაგბეა ვისი თამაშიც მე მინახავს. აუგის თქმა და ცუდის გაფიქრება ამ კაცზე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ერთხელ დიდმა ბორია პაიჭაძემ დინამოს მეკარეს უთხრა მაგ კარებში რომ დგახარ დინამოს კარს კი არა დარიალი კარს იცავო...და სწორედ ჩვენი მორაგბეების თამაში ამ ნათქვამს მაგონებს და მათ წინამძღოლად მამუკა უდგათ..დარწმუნებული ვარ ყოველთვის შედეგის მიუხედავად ამ სულისკვეთებით არეიან გამსჭვალულნი...ამითომ გთხოვთ აუგს ნუ ვიტყვით ამ ხალხზე და მამუკაზე...ურალოდ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მორაგბეებს!!!!
niko
04 სექტემბერი 2019 11:36
0
ბახტაძის გამო დაბრუნდიო? თუ ხალხისო? შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ამ კაცს. სხათაშორის ძალიან კარგ ფორმაშია, გუნდს ლიდერი ჭირდება აშკარად.
nika
04 სექტემბერი 2019 09:41
1
მამუკა დიდი მადლობა ძმაო, მთელი საქართველო მადლობელია შენი დაბრუნებით. გაიხარე საამაყო და სანიმუშო ქართველო, ფიზიკურად შენი ტანის ვარ და ერთი ნაკრების მაისური მინდა გთხოვო თუ არ გეწყინება, ისე ძაან ძვირია ვერ ვიყიდე. მადლობა წინასწარ. გფარავდეს უფალი ყოველთვის
გიო
04 სექტემბერი 2019 07:37
0
წარმატებები ბიჭებო
Best
04 სექტემბერი 2019 04:25
0
მამუკა თქვი ბოლოს და ბოლოს დაბრუნდი გულშემატკივრების გამო თუ ბახტაძის გამო
გია
04 სექტემბერი 2019 01:44
40
კაცობა და ადამიანობა საქმეში და სიტყვა პასუხში გამოიხატება.გენაცვალე კაი კაცობაში და ქართველობაში,წარმატებები ჩვენს ნაკრებს
გიორგი777
04 სექტემბერი 2019 01:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული