მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება - "ბორჯღალოსნებმა" ფიჯი-ურუგვაის მატჩი შეაფასეს

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნებმა" დღეს ნაგოია დატოვა და კუმაგაიაში გაემგზავრა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ურუგვაის ნაკრებთან 29 სექტემბერს გამართავს.

მანამდე, უელსთან მატჩის მეორე დღე აღდგენას დაეთმო, გუშინ კი გუნდმა ვარჯიში განაახლა. სასიხარულოა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ ნაკრებთან ერთად მოედანზე გავიდა და ივარჯიშა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

გუშინვე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა "ბორჯღალოსანთა" მომავალმა მეტოქემ, ურუგვაიმ, რომელმაც ფიჯის 30:27 სძლია და იაპონიაში პირველი სენსაცია გამოაცხო.

ფიჯელები მეტოქეს, ფაქტობრივად, ყველაფერში სჯობდნენ და სამის წილ 5 ლელოც გაუტანეს, მაგრამ არ
უვარგოდათ დისციპლინა, ძალიან ცუდად ურტყეს კარში და იოლი გამარჯვების მოლოდინში, 3 ქულა გაანიავეს (დაგეგმილი 5-ის ნაცვლად აიღეს 2 - 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის). ამ მოგებამ ფიჯის მსოფლიო რეიტინგში 4 ქულა დააკარგვინა და მე-12 საფეხურზე დაეშვა, ხოლო საქართველო სარეკორდო, მე-11 პოზიციამდე დაწინაურდა.

მომავალი მეტოქეების თამაშს, რა თქმა უნდა, "ბორჯღალოსნებმაც" უყურეს. მათი თქმით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დაუფასებლობა დამღუპველია.

"სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და ურუგვაელებს 150 ბოჭვიდან 40% გაცუდებული აქვთ. ფიჯიმ 5 ლელო გაიტანა, ურუგვაიმ - მხოლოდ 3 და კუნძულელები მეტოქეს ბურთის ფლობასა და ტერიტორიაშიც სჯობდნენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფიჯის აქვს უდიდესი პოტენციალი, მაგრამ ამავდროულად, არიან უდისციპლინოები და შეუძლიათ მარტივად გაანიავონ უპირატესობა. რამდენადაც ძლიერები არიან ინდივიდუალურად, იმდენად სუსტად გამოიყურებიან ორგანიზებულ თამაშსა და დისციპლინაში" - ამბობს "ბორჯღალოსნების" დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიჯის შესახებ და ურუგვაისთან დაკავშირებით განაგრძობს:

"ურუგვაის უპირატესობაა მაქსიმალურად არეულ თამაშში სისწრაფე, ტოტალურად აგრესიული თამაში შეჯგუფებებში, რაქსა და მოლში. ურუგვაი მოედანზე უფრო მოტივირებული გავიდა, ვიდრე ფიჯი და შედეგიც აჩვენა. ეს მატჩი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება".

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ ამ შედეგით ჩვენი მიზანი არ შეცვლილა:

"ფიჯიმ მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა, არ ეგონათ, ურუგვაი სენსაციის მოხდენას თუ შეძლებდა. მათ ეგონათ, რომ მარტივად მოიგებდნენ, მაგრამ ბევრი სალელოვე მომენტი გაუფუჭდათ, კარშიც ცუდად ურტყეს. ამით არაფერი იცვლება და ჩვენი მიზანი იგივეა. გამყარდა მოსაზრება, რომ ურუგვაი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და არც ფიჯია დაუძლეველი ნაკრები, თუმცა ისიცაა, რომ ჩვენთან სათამაშოდ გასამმაგებული მოტივაციით გამოვლენ. მანამდე ურუგვაისთან მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს არ იქნება მარტივი".

მეტოქის დაუფასებლობაზე საუბრობს ბურჯი ლევან ჩილაჩავაც:

"ფიჯიმ მოწინააღმდეგე არ დააფასა და ამიტომ წააგო. ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა, ლიდერები დაასვენა. მათ ეგონათ, რომ ურუგვაის იოლად მოუგებდნენ და გათვლა ჩვენთან თამაშზე გააკეთეს. ამ გუნდს ასე სჩვევია - ისეთ გუნდს დაამარცხებს, გაოცებული დარჩები, მაგრამ მერე ისეთთან წააგებს, არანაკლებ გაგაკვირვებს. ხასიათის და განწყობის გუნდია".

მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ფიქრობს, რომ ურუგვაიმ აქცენტი თავიდანვე ფიჯიზე გააკეთა და არჩევანმა გაუმართლა:

"ვფიქრობ, ურუგვაიმ რომ გაიგო, ვინ ჰყავდა ჯგუფში მეტოქედ, აქცენტი თავიდანვე ფიჯიზე გააკეთა და მთელი მოსამზადებელი პერიოდი კონკრეტულად ამ მატჩს დაუთმო. როგორც ჩვენთვის იყო 4 წლის წინ ტონგა მთავარი პრიორიტეტი, ასე იყო ურუგვაისთვის ფიჯი.

ურუგვაისთვის ჩვენ და ფიჯი ერთი დონის მეტოქეები ვართ, პირველი შეხვედრა კი ფიჯისთან ჰქონდათ და მზადების პროცესში ორიენტაცია მასზე გააკეთეს. ისინი მოედანზე მობილიზებულნი გავიდნენ, იბრძოლეს და შესანიშნავი შედეგი მიიღეს. ჩვენთვის კარგი ისაა, რომ 4 დღეში უნდა გვეთამაშონ და დაღლილები იქნებიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. მიზანი 2 თამაშის მოგებაა, მაგრამ როდესაც ფიჯის უდისციპლინობით ვცდილობთ უპირატესობის მოპოვებას, იქნებ სჯობდეს, ჩვენს დისციპლინაზე ვიმუშაოთ? უელსთან გამოჩნდა როგორ გვიჭირს ამ კომპონენტში - ყველა უკან შემობრუნებული ბურთი ლელოდ გვიქციეს. ფიჯი ბოლომდე იბრძოლებს ჩვენთან იმიტომ, რომ უელსის დამარცხების შანსი და უკან დასახევი გზა არა აქვს. შერკინებით და მოლით თამაში არ უყვართ და ამიტომ ბურთი არ უნდა მივცეთ. ჩვენ კი ჯერ ურუგვაი გვყავს დასამარცხებელი, რომელიც მართალია დაღლილია, მაგრამ ადვილად არ დაგვნებდება
: )))))))
00:53 27-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული