გაორებული გრძნობა დამეუფლა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ - სიამაყის და წაგების გამო სინანულის და ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალის" ფინალური სცენა გამახსენდა, ინგლისელ მეზღვაურებთან დამარცხებული ჩვენი ფეხბურთელები რომ მღერიან "აბა ულას".
არ მინდა, წერილს ხმამაღალი სათაური წავუმძღვარო, ხელოვნურად გავწელო და მაღალფარდოვანი ფრაზებით შევალამაზო; მსურს, გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, შესაძლოა სუბიექტური, ზოგიერთისთვის მიუღებელი, მოკლედ და ლაკონურად, ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე.
ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა. შევაკვდებით მეტოქესო, თქვა მატჩამდე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და მართლაც ასე იყო. მსგავსი დაცვა ჯერ არ
მინახავს, ორგანიზებული და თავგანწირული. რატომღაც მგონია, მეტოქის პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი. ყოველ შემთხვევაში, რა რაკურსითაც გვაჩვენეს, ასე ჩანდა, მეორე ლელო კი მე-60 წუთზე დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ცალკარა თამაშისას 1 საათი გაუძლო მრისხანე მეტოქეს. ეს სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა გმირობა.
სხვა საკითხია, რატომ იდგნენ უმეტესწილად დაცვაში და ამაშია სხვაობა სურვილსა და საშუალება-შესაძლებლობას შორის. ახსნას არ დავიწყებ, ვისაც არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, განმარტებას აზრი არა აქვს. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია, მაგრამ გრანდებთან ჭიდილი - ჰოი, რა რთული. ერთი მომავალ მსოფლიო თასამდე ათამაშა ეს გრანდები მხოლოდ ტიერ2-ის გუნდებთან, ჩვენ კი ტიერ1-ის ნაკრებებთან და ვნახავდით, როგორ შეიცვლებოდა ამ პერიოდში ძალთა თანაფარდობა.
ძნელია საქართველოს გზა ყველგან, პატარა და ღარიბი ქვეყნისა. რაგბის დიდ და ელიტარულ ოჯახში მიღებისათვის ბრძოლა რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის კარზე დაუსრულებელ და ჯერჯერობით უშედეგო კაკუნს მაგონებს.
ბოლოს, ბუნებრივია, დაიღალნენ ჩვენი მორაგბეები და დამარცხდნენ ავსტრალიასთან. არც გაუმართლათ ჯგუფის სირთულისა და კალენდრის მხრივ, მაგრამ იყვნენ ამაყნი და ძლიერნი. წავიდა ძველი თაობის რამდენიმე ლეგენდა, რომლებმაც და რომელთა წინამორბედებმა ეს ლამაზი თამაში საქართველოში იმ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ ამა ქვეყნის ძლიერებთან ტოლ-სწორად ჭიდილს ვთხოვთ, ხოლო უფრო ხშირ შემთხვევაში - ვითხოვთ.
რა თქმა უნდა, იყო სერიოზული შეცდომები: უამრავი წაგებული დერეფანი, ჩახურული რაქი, უადგილო საჯარიმოების მიღება და ა.შ. თუმცა, რაც არის ქართული რაგბის სტაგნაციის მიზეზი, ამაზე უკვე მოგახსენეთ.
"ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძის ნათქვამი იყო ზუსტი და მომავალში შედეგზე ორიენტირებული:
"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.
სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა, სხვა გზა არ გვრჩება".
სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა, სხვა გზა არ გვრჩება".
ქართველ მორაგბეთა ძველმა თაობამ შეუძლებელი შეძლო. დიდი მადლობა მათ და მათ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრები თვისობრივად სხვა სიმაღლეზე გავიდა. ახლა ქართულ რაგბიში ახალი ერა იწყება, ესტაფეტა ახალგაზრდებს გადაეცემათ. ისინი უდავოდ ნიჭიერები არიან. მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი ბრძანებს:
"შესაძლოა, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში ნაჩვენები შედეგებით, თუმცა საკვანძო მომენტი ისაა, რომ აღწევენ წარმატებებს ასაკობრივ კატეგორიებში, რაც სამომავლოდ უმაღლეს დონეზეც აისახება".
ახალგაზრდებმა უნდა ზიდონ ეს მძიმე ტვირთი და ამ საქმეში მხარდაჭერა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით სჭირდებათ - ძალიან სერიოზული ინვესტიციებით. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. აქ დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, ბევრი გაკეთდა, თუმცა ეს უკვე საკმარისი აღარ არის.
ქართული რაგბი ერთგვარ ჩიხში შევიდა და რეალური ფინანსური თანადგომის გარეშე წინსვლა გაუჭირდება. წარმოუდგენლად გაუჭირდება.
მოკლედ, ჯერ-ჯერობით ვართ მოლოდინის სტაბილურ სიტუაციაში.
კაი ბიჭები ხართ!
ითამაშეთ თქვენი ჯიგრის გასახარად!
გულშემატკივრებმა თავის მამიდებს მიხედონ ))
ირლანდიასაც ყავს ესეთები ინგლისსაც საფრანგეთსაც იაპონიასაც,,,,
ცხოვრება რუგბში ძალიან დიდი ტემპით ვითარდება,,,
კიდევ აუცილებლად დიდი პროფესიონალი მწვრთნელი მენტალიტეტით ან ქართველი ან ირლანდიელი სასურველია "ბოროტი" და დიქტატორი გასახდელში!