2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუმინეთს 8:6 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.
დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.
ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.
ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.
21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ვლახები წინ გაიჭრნენ.
საქართველოს ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.