დავით კაჭარავა: ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ყოველკვირეულ ვარჯიშებს განაგრძობენ და შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის ემზადებიან, რომლის კალენდარი მსოფლიო რაგბმა 24 ოქტომბრიდან 5 დეკემბრამდე განსაზღვრა.

საქართველოში მყოფმა ლეგიონერებმა და ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეებმა, დაწესებული შეზღუდვების დაცვით, ვარჯიში მაისის ბოლოდან დაიწყეს, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კი, უკვე კონტაქტურ ვარჯიშებზე გადავიდნენ.

"ბორჯღალოსანთა" რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (122) დავით კაჭარავა ამბობს, რომ ეს საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია საკლუბო ჩემპიონატები განახლდეს, რათა მორაგბეები შემოდგომის ტესტებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ:

"პანდემიის პირობებში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, მაისის ბოლოდან კი ნაკრებმა ვარჯიშები განაახლა და ახლა
ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. უკვე კონტაქტური ვარჯიშებიც დავიწყეთ და ერთადერთი სათამაშო გამოცდილება გვაკლია. მარტო ვარჯიშით ტესტ-მატჩებს სათანადო ფორმაში ვერ შევხვდებით. იმედია, მანამდე საკლუბო ჩემპიონატები განახლდება და ოქტომბრის ბოლოსთვის ყველანაირად მზად ვიქნებით".

35 წლის მორაგბე 2013 წლიდან რუსეთის ჩემპიონის, კრასნოიარსკის "ენისეიში" თამაშობდა. რუსეთის ჩემპიონატში უკვე ექვსი ტური ჩატარდა, თუმცა ის მიმდინარე სეზონში გუნდის განაცხადში არაა. კაჭარავა ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, აგვისტოს ბოლომდე მიიღებს:

"ენისეი" ძალიან კარგი გუნდია და სიამოვნებით გავაგრძელებდი იქ თამაშს, მაგრამ პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, სამშობლოში დაბრუნებაზე ვფიქრობ. თუ საქართველოში დავრჩი, ჯერ არ ვიცი რომელ გუნდში ვითამაშებ, რადგან ჩემპიონატი გაჩერებულია, განახლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არც შეთანხმება მაქვს არავისთან. არაა გამორიცხული "ენისეიშიც" დავბრუნდე. ნებისმიერ შემთხვევაში, აგვისტოს ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავით საქართველოს დაუბრუნდი
rugby
20:10 02-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული