"ბორჯღალოსნები" - 5 ცვლილებით უელსთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "შემოდგომის ერთა თასის" მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა.

"რვა ერის" მეორე რაუნდში საქართველო 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში, "პარკ ი სკარლეთსზე" უელსს ეთამაშება.

პირველ რაუნდში "ბორჯღალოსნები" "თვიქენჰემზე" "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშა (0:40), უელსი კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "დრაკონებისთვის" ეს მიჯრით მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

ორი ცვლილება ხაზში

მაისაშვილმა ხაზში ორი გამოცდილი მორაგბე დააბრუნა. 9 ნომრის პოზიციაზე
თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. 2018 წლიდან დღემდე, აბჟანდაძეს 17 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 16 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 12 შემთხვევაში 9 ნომერზე ლობჟანიძე ჰყავდა.

ცენტრში, ინგლისთან მატჩის მსგავსად, თამაშს მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბეს საკმარისი რაოდენობის კეპები აქვს, ეს მორაგბეები ცენტრში სულ მესამედ შეწყვილდებიან.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, მეორე ფრთაზე კი სანდრო სვანიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს კვლავ ლაშა ხმალაძე იწყებს.

ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 339-ია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს 10-ზე ნაკლები და კიდევ ერთს 20-ზე ნაკლები კეპი.

სამი ცვლილება შერკინებაში

სამი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე ბრუნდება, ბურჯები კი კვლავ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი იქნებიან. სამივე მორაგბეს საერთაშორისო თამაშების დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ეს სამეული ერთად სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედაა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში, სადაც გამოცდილი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება და ის გრიგორ ქერდიყოშვილს პირველად შეუწყვილდება.

მესამე ხაზში შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნდა ოთარ გიორგაძე, რომელიც თამაშს ფლანკერად იწყებს. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ შერკინებაში რვა მოთამაშეა, მათი კეპების ჯამი ხაზის მოთამაშეების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 275-ს შეადგენს.

მარქაფა
პირველ ხაზში თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი, რომლებიც ინგლისთანაც შეცვლაზე შევიდნენ; ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, რომელსაც შოტლანდიასთან და ინგლისთან არ უთამაშია.

მიქაუტაძის დაბრუნების შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ჯაიანმა. შეცვლაზეა გიორგი თხილაიშვილიც, რომელიც ინგლისთან სასტარტო 15-ში იყო.

ხაზში შეცვლაზე არიან ახალგაზრდა დემურ თაფლაძე და გამოცდილი თამაზ მჭედლიძე, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე შევა.

უკეთ მომზადებული

"თვიქენჰემზე" მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღით ინგლისში დარჩა და უელსში დღეს გაემგზავრა. მაისაშვილის თქმით, გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა და მომდევნო მატჩს წინაზე უკეთ მომზადებული ხვდება:

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებულნი და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ".

შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი ასევე ამბობს, რომ უელსელთა წარუმატებელი სერია სათამაშო ტაქტიკის ცვლილების შედეგია, თუმცა "დრაკონები" ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩება:

"შესაძლოა, ასეთი შედეგები სათამაშო სქემის ცვლილებით იყოს განპირობებული. უელსს მსოფლიო თასის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ხანდახან ახალ სქემაზე მორგებას, თავდაჯერებულობის მოპოვებას რამდენიმე თამაში სჭირდება. გარდა ამისა, ისინი მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს ეთამაშებოდნენ.

ჩვენთვის მთავარია, კარგად შევასრულოთ დავალებები. უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგი გუნდი ვართ და მოედანზე გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშზე ვასრულებთ. მოვახდინეთ იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რასაც მეტოქისგან უნდა ველოდოთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და შევძლოთ წნეხის ქვეშ დავალებების შესრულება შეტევაში - სწრაფად მოხდეს სივრცეების აღმოჩენა და გადაწყობა".

დოკის თქმით, განვლილ პერიოდში დიდი დრო დაეთმო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეების კომუნიკაციის გაუმჯობესებას:

"ყოველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობა პროგრესი, რაც ნამდვილად კარგია. დავამუშავეთ სხვადასხვა ვარიანტი შეტევაში, ვიმუშავეთ დეტალებსა და მოთამაშეთა ცოდნის ამაღლებაზე, რაც მეტოქის დაცვის გასატეხად აუცილებელია. ყველაზე დიდი დრო მორკინალებსა და ხაზის მოთამაშეებს შორის კავშირს დაეთმო, რათა დაცული გვქონდეს ბალანსი ფაზური შეტევების დროს“.

შემოდგომის ერთა თასი. მეორე ტური
21 ნოემბერი. 21:15 საათი (საქ. დრო)
ჰლანეჰლი. "პარკ ი სკარლეთი"
უელსი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჟვანია დიდი ხანია განაცხადშიც ვერ ხვდება სამწუხაროდ, ასეიშვილი მეორე ლიგაშია ბიარიცში, იქაც არაა მყარი პირველი ნომერი, ჩილაჩავა გამოძახებული იყო
iolasha
20 ნოემბერი 2020 22:25
0
ჩილაჩავა გამოძახებული თუ იყო,რატომ არ არის?
გიორგი
21 ნოემბერი 2020 15:06
0
ბატონო მაისაშვილო, ჭკუის დარიგებას ვერ შემოგკადრებთ, მაგრამ სად არიან: ჟვანია, ასეიშვილი, ჩილაჩავა.... ნუთუ აქაც პოლიტიკააა? ხომ ყველა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ ფიჯისთან მსოფლიოზე, ახლა შოტლანდიასთან და ინგლისთან ასე არ შევრცხვებოდუით? რაგბში ქართველებს როცა ჯანში და მიწოლაში გვჯაბნიან(შერკინებაში, მოლში) სირცხვილიაააა.... სირცხვილი......მე ტექნიკაზე და სისწრაფეზე აღარ ვლაპარაკოობ... ხალხნო, გთხოვთ, ხმა ამოიღეეეთ....
გიორგი 50
20 ნოემბერი 2020 15:11
1
ინგლისთან მესამე ნომერი დაგვიჩაგრეს. ჩილაჩავა
გვჭირდება. მწვრთნელმა უნდა ახსნას ასეთი ამბები.
გიორგი
21 ნოემბერი 2020 15:04
1
ცუცქირიძის არ ყოფნაში -საუკეთესო შემაფდგენლობაა (თუმცა ჟვანია, ასეიშვილი -რატომ არ არის ნაკრებში -გასარკვევია გულშემატკივრებისათვის)- თუ რაქში სწრაფები იქნებიან, ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ ,ანუ დაჯარიმდებიან და მოლს დააყენებენ -დაამუშავებენ ლელოებისათვის - შეიძლება მ ო ვ ი გ ო თ კიდეც!
გლახუნა
20 ნოემბერი 2020 13:45
0
ცუცქირიძე ძალიან გვაკლია.
გიორგი
21 ნოემბერი 2020 15:08
0
2015-2016 წლის გუნდის დონეზე არ ვართ, სამწუხაროდ!
მერაბი
20 ნოემბერი 2020 09:24
1
იაშაღაშვილი რატომ არ წაიყვანეს ვინმემ ხომ არ იცის?
emigranti
20 ნოემბერი 2020 03:05
1
მაისაშვილს Ჰგონია, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი ზედმეტია. არადა, მწვრთნელმა აუცილებლად უნდა აუწყოს გულშემატკივარს თუ რა ფორმაშია წამყვანი მორაგბეები.
გიორგი
21 ნოემბერი 2020 15:12
0
ერთი ძალიან კარგი მორაგბეა, გვარად ცუცქირიძე თუ სწორედ მახსოვს. არ ჩანს ამ ბოლო დროს. ვინმემ ხომ არ იცით - რატომ?
ჯეკო
19 ნოემბერი 2020 23:23
1
ტრავმა აქვს
რაგბის ფანი
20 ნოემბერი 2020 02:42
0
ძალიან მძიმე ტრამვები აქვს სამწუხაროდ.
Piper
20 ნოემბერი 2020 00:28
0
ხო, ძაან ზერელდ მოგვიდგნენ. აი ეხლა არ ვიცი, მაგრამ 2015-16 ფორმის პიკის გუნდით ნაღდი მოგებაზე ვიფიქრებდი. თუმცა რა იცი, რა ხდება. იქნებ ეს ჩვენი დაუფასებლობა და არაფრად ჩათვლა რამენაირად გამოვიყენოთ და მოვიგოთ! ერთხელ ჩვენ ხო უნდა გაგვიმართლოს არა?
zuka
19 ნოემბერი 2020 22:46
2
Მოლში გვაქ დიდი პრობლემები. Მაქედან გვიტანნენ სულ ლელოს. თუ გამოვასწორებთ შანსი გვაქ მოგების უელსთან.
ლომი
19 ნოემბერი 2020 21:43
3
უელსმა წინა თამაშთან შედარებით სუსტი შემადგენლობა დაასახელა, იმედია 15 ქულაზე მეტი სხვაობით არ წავაგებთ და 2 ლელოს დავუდებთ...
hasheem
19 ნოემბერი 2020 21:42
2

სიახლეები პოპულარული