"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ირლანდიასთან - დებიუტანტებით და შეცვლილი შერკინებით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, "შემოდგომის ერთა თასის" მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"რვა ერის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 29 ნოემბერს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს და საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ირლანდიასთან აქამდე ოთხჯერ უთამაშია, ბოლოს 2014 წელს და აქამდე ყველა თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

"შემოდგომის ერთა თასზე" "ბორჯღალოსნებმა" უკვე ითამაშა ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18). თავის მხრივ, პირველ ტურში ირლანდიამ უელსი 32:9 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის წინ ინგლისთან 7:18 წააგო.

მჭედლიძე და მათიაშვილი იწყებენ

უელსთან
ჰლანეჰლიში გამართული მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ხაზის მოთამაშე შეცვალეს. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება სოსო მათიაშვილი. ძირითად შემადგენლობაშია და ფრთაზე იწყებს თამაშს თამაზ მჭედლიძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს წლის დასაწყისში, ესპანეთთან მატჩში იყო, უელსთან კი შეცვლაზე ითამაშა.

უცვლელია ღერძი და მე-14 თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ.

ირლანდიასთან გუნდის კაპიტანი შარიქაძე 70-ე კეპს მოიხვეჭს, მჭედლიძე კი - მე-60-ეს. ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 260-ს შეადგენს.

ოთხი ცვლილება შერკინებაში

უელსთან მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. როტაციის პრინციპით, ირლანდიასთან კვაჭის პოზიციაზე თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს. ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი.

სრულად შეიცვალა მეორე ხაზი. ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, უელსთან მატჩის პირველ ტაიმში ნეკნი დაიზიანა კოტე მიქაუტაძემ და ის თამაშს იძულების წესით ტოვებს.

მესამე ხაზში ფლანკერის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი - ბექა გორგაძე.

შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამი 233-ს შეადგენს და მისი ნახევარზე მეტი - 140, ორ მორაგბეზე მოდის (ნარიაშვილი და მამუკაშვილი).

დებიუტანტები მარქაფაში
სიახლეებია მარქაფაშიც, სადაც ორი ახალგაზრდა დებიუტანტია. 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე მიხეილ ალანია შევა, რომელსაც 19 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდა; ხოლო ფულბეკის პოზიციაზე 18 წლის დავით ნინიაშვილს ვიხილავთ.

ხაზში შეცვლაზე შევა ასევე ახალგაზრდა დემურ თაფლაძე, რომლის ანგარიშზე მხოლოდ 4 კეპია.

შერკინების მარქაფაშია მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ნაკრებში ბოლოს წლის დასაწყისში, 9 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ხაზში შეცვლაზეა გიორგი ჯავახია.

კვაჭის პოზიციაზე კვლავ გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევა ლექსო ყაულაშვილი, რომელიც ამჯერად მარცხენა ბურჯის პოზიციაზეა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იქნება, რომელმაც შეცვლაზე შოტლანდიასთან ითამაშა.

მიკროტრავმები და სელექცია
მაისაშვილის თქმით, შემადგენლობაში ცვლილებები ორი მიზეზითაა განპირობებული. ის მიიჩნევს, რომ ამით ჩვენი გუნდის პოტენციალი არ შემცირებულა და შეტევაში უფრო აგრესიულები ვიქნებით:

"გვაქვს წვრილ-წვრილი ტრავმები, რის გამოც ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშემ სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება ვერ შეძლო. გარდა ამისა, სელექციის კუთხით, გვსურს ძლიერ მეტოქესთან დავაკვირდეთ სხვადასხვა მოთამაშეს.

პირველ ხაზში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. კვირის განმავლობაში კარგად იმუშავა და შანსს მიიღებს გიორგი მელიქიძე. ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა ნოდარ ჭეიშვილი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო გიორგი ჯავახია მარქაფიდან გაგვაძლიერებს.

მესამე ხაზში თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომლისაც მეიმედება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ვფიქრობთ, ის ეფექტურობას და აგრესიას შემატებს ჩვენს შეტევებს. შეცვლიდან მიხეილ გაჩეჩილაძე გაგვაძლიერებს, რომელიც ინგლისში გვიან შემოგვიერთდა, ახლა სათამაშოდ მზადაა და ჩვენთვის საკმაოდ დიდი ძალაა.

უცვლელია ღერძი და ცენტრი, ფრთაზე კი თამაშს თამაზ მჭედლიძე იწყებს, რომელსაც მანამდე შეცვლაზე მცირე ხნით მოუწია მოედანზე შესვლა და ახლა სრულფასოვან შანსს მიიღებს. ტრავმიდან გვიბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელმაც თაზოსთან ერთად ჩვენი შეტევა უნდა გააძლიეროს.

გვყავს ორი დებიუტანტი. ახალგაზრდა დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზრდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია. პერსპექტიული და იმედისმომცემი მოთამაშეა მიხეილ ალანია, რომელსაც ასევე დებიუტი ექნება".

"ბორჯღალოსნები" ინგლისიდან დუბლინში დღეს გაემგზავრა და ხვალ კაპიტნის ვარჯიში აქვთ. შემადგენლობა უკვე დაასახელა ირლანდიის ნაკრებმაც. მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი უფრო ეფექტური იქნება სტატიკურ ფაზებსა და შეტევაში:

"ირლანდიამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე უელსთან და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. მეტოქე სახიფათოა რაქებში; ჰყავს მძიმე, ხაზის გამგლეჯი ცენტრები და სწრაფი დამბოლოებლები ფრთის მოთამაშეების სახით. მათ შეტევაში მუდამ აქვთ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი. ირლანდიის მეორე ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება დერეფანში თამაში.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატიკური ფაზები. უელსთან თამაშის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა შერკინებაში მსაჯობას. ჩვენ გამოცდილი და ძლიერი ბურჯები გყავს, რომელთა დაჩაგვრა ადვილი არაა. გვაქვს იმედი, რომ ამჯერად შერკინებაში უფრო ობიექტური მსაჯობა იქნება. გარდა ამისა, გუნდი მზად უნდა იყოს ყოველგვარი წნეხისთვის, მოწინააღმდეგისგან იქნება ეს თუ მსაჯისგან და ასევე, სხვადასხვა ეშმაკობისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, რომ ირლანდიასთან უფრო მობილიზებულები გავალთ და შერკინებაში სხვა სურათი გვექნება".


საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (*), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (*).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმედია ლელოს დავუდებთ...
hasheem
27 ნოემბერი 2020 19:02
0
20-25 ქულაზე მეტით თუ არ წავაგეთ კარგი იქნება. დისიპლინაში მოვიკოჭლებთ მეტად.
მოლის სიმწყობრე მალე ირღვევა. სელექციას დიდი ყურადღება ჭირდება,
ცუცქირიძე ასაკის მიუხედავად დიდი ძალაა ნაკრებისთვის. წარმატება საქართველოს
rable
27 ნოემბერი 2020 22:07
0
ყველა ხედავს, რომ მათიაშვილი არაა სათანადო ფორმაში და რისი იმედით ათამაშებს ძირითადში?...შერკინებას მაგრად დააკლდა ჩილაჩავა. ისე იაშაღაშვილს და კარკაძესაც წავიყვანდი.
emigranti
28 ნოემბერი 2020 02:42
0
მათიაშვილი ფორმაში ვერასდროს იქნება.
გიორგი
28 ნოემბერი 2020 20:48
0
ხომ არ იცით აფრასიძე რატომ არ არის განაცხადში? არ ვიცი მათიაშვილი ძირითადში რითია გამართლებული, იმედია ვცდები. მესამე თამაშია იცვლება შერკინება...გასაგებია რომ შერკინების მწვრთნელი ექსპერიმენტებს ატარებს, ერთია რომ არ იცნობს შემადგენლობას და მეორეა რომ წარუმატებელობის ფონზე სხვა ალტერნატივაც არც აქვს, იმედია ეხლა მაინც გაამართლებს! წარმატება ჩვენს ბიჭებს!!!
პაატა
27 ნოემბერი 2020 22:38
1
ალანიას აძლევენ შანსს და მაგიტომ არ არის აფრასიძე
ტარასა
28 ნოემბერი 2020 01:49
2
არ ცდები მათიაშვილთან დაკავშირებით.
გიორგი
28 ნოემბერი 2020 20:52
0
რადგან წაიყვანა კარგია რო ცოტა ხნით ალანიასაც ათამაშებს და ზოგადად ცოტა ყველამ უნდა ითამაშოს მათ შორის ნინიაშვილმაც. ასე მგონია მათიაშვილი ამ ტურნირის მერე ნაკრებში აღარ იქნება. აი ჩილაჩავა კი ყველაზე დიდი დანაკლისი იყო .
რიგითი
28 ნოემბერი 2020 10:29
0
მათიაშვილი ახლოს არ უნდა გააკარო რაგბს.
გიორგი
28 ნოემბერი 2020 20:48
0
სოსო მათიაშვილს,ტრავმასთან ერთად,მგონი ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს.,ასთან ერთად,ნინიაშვილის თამაშიც,ძალიან პრობლემტაურად მეჩვენება.ბიჭს ჯერ საქართველოს ჩემპიონატშიც არ უთამაშია და ამ უძლიერეს ხორცსაკეპში რომ ვუშვებთ,შეიძლება ისეთი ფსიქოლოგიურიო ტრავმა მიიღოს,რომ როგორც სპორტსმენი,დიდი ხნით გამოვიდეს მწყობრიდან.დარწმუნებული ვარ,ირლანდიელები,მასზე გააკეთებენ დაწოლის აქცენტს.
სოსო
28 ნოემბერი 2020 00:07
4
რეგიონალურ და პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს სამაგიეროდ. ქართულ სარაგბო სივრცეში უკვე ამ ასაკში დიდი სახელი აქვს მოხვეჭილი თავისი კარგი თამაშით, მითუმეტეს ასეთ პრობლემატიურ პოზიციაზე ახალი სისხლი გვჭირდება, 18 წლამდელების ნაკრების წევრი იყო ნინიაშვილი და წელსაც 20 წლამდელებში ირიცხებოდა. ამ თამაშით ფსიქოლოგიურ ტრავმას კი არა, გამოცდილების მეტს არაფერს მიიღებს. 16 წლის კი არ არის, თავის პოზიციასთან შედარებით საკმაოდ კარგი აღნაგობა აქვს და სათამაშო ალღოზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. დაწოლის პრინციპი კიდევ 15 ნომერზე როდიდანაა ძალიან მაინტერესებს, ჯერ ფიზიკურად ვერ ჩაასწრებენ 15 ნომერს როცა ბურთს დაიჭერს. ეგ პრინციპი 10 და 9 ნომრებზეა ძირითადად, რომ თამაშიდან გამოთიშონ.
ტარასა
28 ნოემბერი 2020 01:55
1
ვერაფერში შეგედავები ტარას.მისი თამაში ნანახი არა მაქვს და ფიზიკურად როგორია,ეგეც კი არ ვიცი,სამწუხაროდ.სოსო მათიაშვილს რაც მოსდიოდა ხოლმე,იქიდან გამოვდივარ.ღმერთმა ქნას,უკანა ხაზშიც ტანიანი,ჯანიანი და სწრაფი ბიჭები გამოგვიჩნდნენ,კარგი ტექნიკით და აზროვნებით.ირლანდიისათვის რეგიონალ და პირველი ლიგის გამოცდილება კი,მაინც ძალიან მეცოტავება.ღმერთმა ქნას,გაუძლოს.მაშინ მენტალურად, მართლაც ძალიან გაძლიერდება და ვეღავინ შეაშინებს.სოსომ დიდ ნაკრებშიც რა მაგრად დაიწყო და მერე როგორ მოეშვა,ხომ ვხედავთ.ახალი სისხლი და კონკურენცია კი,მართლაც ძალიან გვჭირდება.თანაც ნებისმიერ პოზიციაზე.
სოსო
28 ნოემბერი 2020 21:04
0
ყველა გამოხმაურება
სამწუხაროან რომ არ ეძლევა შანსი ისეთ მორაგბეებს როგორიც ნუცუბიძეა ბიარიციდან და იაშაღაშვილი ბაიონადან. ორივემ თავი დაგვამახსოვრა ახალგაზრდული ნაკრებიდან. დროა მოხდეს თაობათა ცვლა და უფრო გამოვიყენოთ ახალგაყრდა პერსპექტიული მორაგბეები. რაც შეეხება ჯალაღონიას კარგია რომ მიეცა მეტი დრო გამოიჩინოს თავი. იმედია, რომ ნაკრების მწვრთნელები ნელნელა დაიწყებს უმოტივაციო რაგბისტების ჩანაცვლებას მოტივირებული ახალგაზრდებით.
Shoto
28 ნოემბერი 2020 15:26
0
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი
sar
27 ნოემბერი 2020 20:19
11
ისე, ჰაკას მაგივრად მთიულურს კი კარგად შეასრულებდა მათიაშვილი
გიორგი
28 ნოემბერი 2020 21:13
0
კიდევ ეს უაზრო მათიაშვილი? 14 კაცით ვეთამაშებით ირლანდიას? იმედია ეს მაისაშვილის კარიერას დაასრულებს!
გიორგი
28 ნოემბერი 2020 20:45
3

სიახლეები პოპულარული