ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "მფრინავი ფიჯელები" კავკასიაში გვეწვივნენ და დაძაბულ ბრძოლაში 24:19 იმარჯვეს.
ამ გუნდებს შორის დაპირისპირებამ დამატებითი მუხტი 2016 წლიდან შეიძინა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ტიერ2-ის ქვეყნებიდან სწორედ საქართველო და ფიჯი არიან ელიტურ რაგბისთან ყველაზე ახლოს. 5 წლის წინ "ბორჯღალოსნები" წყნარი ოკეანის კუნძულებზე პირველად იმყოფებოდა ტურნეზე და შინ დაუმარცხებელი
2018 წლიდან ეს გუნდები ერთმანეთში უკვე ყოველწლიურად თამაშობენ და 20 ნოემბერს მიჯრით მეოთხე, სულ კი მეექვსე შერკინება ექნებათ. ისე მოხდა, რომ ბოლო სამი დაპირისპირებიდან პირველი სუვაში, მომდევნო ორი კი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა და კოვიდ-პანდემიის გამო ფიჯის საქართველოში ჩამოყვანა წელსაც ვერ მოხერხდა.
ფიჯელებმა 3 წლის წინ სუვაში 37:15 მოიგეს, 2019 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიაში 45:10, ხოლო შარშანდელი "შემოდგომის ერთა თასზე" ედინბურგში (შოტლანდია) – 38:24.
განვლილ 5 შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 8 ლელო გაუტანა და ჯამში 82 ქულა მოიხვეჭა; მიიღო 21 ლელო და 147 ქულა.
"ჩვენ ვიცით ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, მას საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება" – ამბობს მაისაშვილი.
წლის შემაჯამებელი შეხვედრა
არანხუესში საქართველო და ფიჯი წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიამ "ბორჯღალოსნებს" შემოდგომის სანაკრებო ფანჯარაში პირველი თამაშის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა.
სამაგიეროდ, გუნდს მოსამზადებლად ერთი კვირით მეტი ჰქონდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, პირველად გაუტანა ორი ლელო და რომ არა შეხვედრის მიწურულს მიღებული ორი ლელო, სხვაობაც უფრო მისაღები იქნებოდა – 15:41.
ამ თამაშის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 20 ნოემბრის შეხვედრისთვის მზადება საფრანგეთში განაგრძო და ესპანეთში ხუთშაბათს გაემგზავრება. საბედნიეროდ, არ გვყავს ტრავმირებულები!
ფიჯიმ შემოდგომა ესპანეთში დაიწყო და ესპანეთში ასრულებს. 6 ნოემბერს "მფრინავები" მადრიდში ესპანელ "ლომებს" დაუპირისპირდნენ და ტაიმი 12:13 დათმეს, თუმცა ფიჯიმ მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო გაიტანა და საბოლოოდ 43:13 იმარჯვა.
14 ნოემბერს ფიჯი კარდიფში, "მილენიუმზე" უელსს ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის უმეტესი ნაწილი 14, ხოლო 20 წუთი 13 კაცის ამარა ითამაშა, მასპინძლებმა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში გატეხეს, 4 ლელო გაიტანეს და 38:23 მოიგეს.
20 ნოემბრის თამაშს "ესტადიო ელ დელეიტეზე" ახალზელანდიელი ჯეიმს დოლმანი იმსაჯებს. კიდეებიდან მას თანამემამულე ბენ ოკეფე და იტალიელი ჯანლუკა გნეჩი დაეხმარებიან. ვიდეორეფერი იტალიელი სტეფანო პენე იქნება.
წყარო: rugby.ge