სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!

AutoSharing Option
ასე ტკბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელს "ექვსი ერის" გუნდს მეორედ სძლია, რაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა. თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი გადაილახა, გუნდი ახლებურად ათამაშდა, ამ პროცესს ბუნებრივია ახლდა ბევრი ხარვეზი (დერეფნები, ჯარიმები, სათამაშო დისციპლინა, რაქების გაწმენდა), მაგრამ სხვანაირად ეს წარმოუდგენელი გახლდათ. ბევრი იყო ლანძღვა და არა კრიტიკა. ლამის მიწასთან გავასწორეთ კაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა არნახულ შედეგს მიაღწია.

უელსთან მოგებას თავი დავანებოთ, იტალიის ძლევისას "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი რომ უცხოელი ყოფილიყო,
კერპად შევრაცხავდით და სიცოცხლეშივე ძეგლს დავუდგამდით. ასე გვჩვევია, ჩვენში ხომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს და ისე გავთელავთ ხოლმე, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს. ეს, ალბათ, ერთგვარი სნობიზმია (საქართველოში მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს"). თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო პოლიტიკური შემადგენელი შეინიშნება.

Sportall.Ge

სამოასთან მოგებული თამაში წავაგეთ, თითქოს ადრე ვირწმუნეთ გამარჯვება, მოვდუნდით და დავისაჯეთ. ცოტა არც გაგვიმართლა, სამაგიეროდ კარდიფში გაგვიმართლა, მსაჯიც ობიექტური გამოდგა, მიუკერძოებელი. თუმცა, როგორც იტყვიან, უმართლებთ უძლიერესებს. მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, მეტადრე შერკინებაში, ქულა არ ააღებინეს, საოცარი ბრძოლისუნარინობა გამოავლინეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. იმედია, შეცდომების გამოსწორება გაგრძელდება, წარმატებული სვლაც და ეს პროგრესის დასაწყისია. "დრაკონებს" მსოფლიოს თასზეც უნდა ვძლიოთ. მთელ სარაგბო სამყაროს უნდა ვაჩვენოთ, რანი ვართ და რა შეგვიძლია. ჩვენ კი ეს ნამდვილად შეგვიძლია, რამეთუ ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, თამაშით მისსავე მოედანზე ვაჯობეთ ჩვენთვის აქამდე მრისხანე მეტოქეს, რომელიც შესვენების შემდეგ სულაც არ გამოიყურებოდა მრისხანედ. პირიქითაც შეიძლება ითქვას. ქართველთა დომინირება და დამსახურებული გამარჯვება თავად მასპინძლებმაც აღიარეს.

რაც შეეხება "ექვს ერს", ყველას რომ მოვუგოთ, მაინც არ შეგვიყვანენ (ნატოსი და ევროკავშირის არ იყოს), რადგან ეს ჩაკეტილი სისტემის ჩაკეტილი ტურნირია, რომელიც მხოლოდ ფინანსური პრინციპებით ხელმძღვანელობს და არა სპორტულით და მის მამებს რაგბის განვითარება ნაკლებად აღელვებთ. არადა, მთელი წლის განმავლობაში დიდ გუნდებს ერთი-ორჯერ თუ შევხვდებით და სწორედ მათთან თამაშითაა დონის შემდგომი ამაღლება შესაძლებელი. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ხვედრი და მიუხედავად ამისა, რასაც პირადად დისკრიმინაციად მივიჩნევ, პატარა და ეკონომიკურად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გუნდი წინ მიიწევს, მიიწევს თავისი პრობლემებით, წუნით, ბრძოლით, სიამაყით და შეუპოვრობით. გუშინ ყველანი ჩვენი ქართველობით ამაყნი ვიყავით, ჩვენი მორაგბეებით, მათი დამრიგებლებით და ნათლად დაგვანახეს, რა ძალუძთ და რამხელა სიხარული შეუძლიათ მოგვიტანონ. მადლობა მათ ბედნიერი წუთებისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში.

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

 

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altBBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

altმაისაშვილი: ჩვენ ასეთები ვართ ქართველები - ისტორია დავწერეთ, კიდევ ერთხელ

altკაზუსი. უელსის დამარცხება ქართველების ნაცვლად ამერიკელ ჯორჯიელებს მიულოცეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნატოსთან და ევროკავშირთან შედარება რა იყო ახლა :) ვიმსახურებთ და არ შევყავართ?
ავთო
13:24 22-11-2022
0
რაც არუნდა აპიაროთ მაისაშვილი მის ხელში საქართველო არ პროგრესირებს ჩვენ გვჭირდება რაგბის დახვეწილი კულტურის მქონე მწვრთნელი მაგალითად თუნდაც როგორიც იყო კლოდ სორელი და მილტონ ჰეიგი. მათ ხელში ნასწავლი ტაქტიკის ცოდნით მოვიდა მაისაშვილი ამ დრომდე და იმიტომ უფრო რომ რაგბის კავშირში ყავს გავლენიანი კაცები.
ვანო
15:47 21-11-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული