ბორჯღალოსნები | ფინალისთვის მზადება იწყება

AutoSharing Option
17 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-16 ტიტულს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ შეუტევენ. 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში საქართველო პორტუგალიას ჩვენი დროით 23:55 საათიდან ერკინება.

რიჩარდ კოკერილმა უკვე დაასახელა 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. საქართველოში მყოფი კონტიგენტი ორშაბათს საფრანგეთში ჩავა, სადაც ლეგიონერები შეუერთდებიან და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება პარიზში გაგრძელდება.

გამოძახებულთა შორის ორი ახალი სახეა. კოკერილის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა ‘ნევერის’ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომლის ანგარიშზე 15 კეპია. ბორჯღალოსნების შეკრებაზე პირველადაა ‘ბრივის’ შუამარბი, ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის
ვაჟი გიორგი შველიძე, რომელმაც შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

რუმინეთთან ნახევარფინალის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ‘ტულონის’ ბურჯი ბექა გიგაშვილი. ტრავმის გამო შეკრებაზე არ იქნება მირიან მოდებაძე.

შველიძის გარდა გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ 4 ისეთი მორაგბეა, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ: დავით აბდუშელიშვილი, ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე და ლუკა ხორბალაძე.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება და გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ერკინება. შარშან ბორჯღალოსნებმა მეტოქე ესპანეთში, ბადახოსში 38:11 დაამარცხა. 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ ეს გუნდები მეორედ ითამაშებენ. 2020 წელს, „ლობუშმა“ პარიზში გვიმასპინძლა, სადაც დიდი პორტუგალიური დიასპორაა და საქართველომ 39:24 გაიმარჯვა.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხა; ნიდერლანდებს „ავჭალაზე“ 31:10, ხოლო ესპანეთს 38:3 სძლია. პორტუგალია პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 დამარცხდა, თუმცა მერე პოლონეთს 54:7, ხოლო რუმინეთს ბუქარესტში 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ერთი კვირის წინ, თასის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 აჯობა.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

შერკინება: გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგობრებო, სანდრო მამამთავიშვილი სად არიიის? იქნებ ვინმემ დაწეროოოთ... ტრავმირებულია?
გიორგი-50
20:31 07-03-2024
1
ყოველ მომდევნო თამაშში უფრო ძლიერი მეტოქე გვყავდა,მაგრამ უფრო დიდი ანგარიშით ვიმარჯვებდით.თუ ასევე გავაგრძელეთ,ძალიან მაგარი იქნება.ძნელი?ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ ჩვენები ისე არიან ალესილები,არც ეგ გამიკვირდება.მერაბ შარიქაძის თვალები არ დამავიწყდება,როცა პორტუგალიაზე ჰკითხეს და შევხვდებითო,უპასუხა.შევხვდებით!
სოსო
19:24 07-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული