გასულ უქმეებზე ევროთასების გათამაშებაში რამდენიმე ქართველმა მორაგბემ გამოიჩინა თავი.
დავიწყოთ დებიუტანტით: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერის, "მონპელიეს" შემადგენლობაში პირველი მატჩი გამართა.
"მონპელიე" ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად დაუპირისპირდა ინგლისის ჩემპიონ "ექსეტერს" და 10:41 დამარცხდა. აფრასიძემ 69 წუთი ითამაშა და გუნდი ორჯერ იხსნა გარდაუვალი ლელოსგან. მთლიანობაში "მონპელიემ" ცუდად ითამაშა, რაც ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. დებიუტის კვალობაზე კი, ქართველი ცხრა ნომერი აუცილებლად უნდა შევაქოთ.
აი, რა თქვა "მონპელიეს" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა მატჩის შემდეგ ქართველ მორაგბეზე:
"პატარა გელამ კარგად ითამაშა. მისთვის რთულია ძირითად გუნდში ინტეგრირება და ცენტრალურ ფიგურად გადაქცევა. იყო შემთხვევები, რომ სწრაფად ვერ გამოიტანა ბურთი და შეტევა არასწორი მიმართულებით განვითარდა. თუმცა, მისი მომზადების დონით ძალიან კმაყოფილნი ვართ. მას დღეს შეუსრულდა 20 წელი, მხოლოდ ორი კვირა ივარჯიშა ძირითად გუნდთან და არ დაგავიწყდეთ, რომ ინგლისის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში".
ამავე შეხვედრაში მიხეილ ნარიაშვილი 45-ე წუთზე შეცვალეს, კონსტანტინე მიქაუტაძემ კი მოედანი 62-ე წუთზე დატოვა.
* * *
რანგით მეორე ევროპული ტურნირის, "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მიხეილ წიკლაურის, გიორგი ფრუიძის, ლაშა მალაღურაძის და სოსო მათიაშვილის "კრასნი იარმა", რომელიც D ჯგუფში ასპარეზობს, ინგლისში, "ლონდონ აირიშთან" მატჩში კინაღამ სენსაცია გამოაცხო.
ჩვენებურთა გუნდმა მეტოქეს პირველი ტაიმი 10:7 მოუგო. ათივე ქულა გუნდს ქართველებმა მოუტანეს. მე-7 წუთზე ლელო ფრუიძემ გაიტანა, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა. მანვე ტაიმის მიწურულს საჯარიმოც გაიტანა.
მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ინგლისურმა კლუბმა მატჩი 47:17 მოიგო. მალაღურაძის ანგარიშზე კიდევ ერთი გარდასახვაა. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში, ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი მორაგბეების გარდა, რუსეთის მოქალაქე ძმები, გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებიც თამაშობენ.
ამ მატჩში ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო მათიაშვილს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" სტუმრად დამარცხდა შოტლანდიურ "ედინბურგთან" - 33:34. ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო და ექვს წუთში ლელო გაიტანა. პარიზელები 33:27 დაწინაურდნენ.
თუმცა, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ, რომლებმაც მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით მოიგეს.
ზურაბ ჟვანია თადარიგში იყო და მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:21 15-01-2018
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული