ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული გათამაშება დასრულდა და ის ექვსი გუნდი გაირკვა, რომლებიც ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

დასკვნით ტურში, მიზნის მისაღწევად უცილობლად გამარჯვება სჭირდებოდა "მონპელიეს", რომელიც სტუმრად ძლიერ მოწინააღმდეგეს, "კლერმონს" ეთამაშებოდა. მიხეილ ნარიაშვილის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძის, უშანგი ჭეიშვილისა და გელა აფრასიძის გუნდმა, დავით ზირაქაშვილისა და ბექა კაკაბაძის გუნდს 28:27 სძლია, 70 ქულა მოაგროვა და პლეი-ოფში მე-6 ადგილით გავიდა. მარცხის მიუხედავად, "კლერმონის" მეორე ადგილს (83 ქულა) საფრთხე არ დამუქრებია და პლეი-ოფში "ტულუზთან" ერთად მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.

განვლილ შეხვედრაში სამმა ქართველმა
ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს "მონპელიეს" ბურჯი ლევან ჩილაჩავა. შერკინებებში მის პირისპირ იდგა ბექა კაკაბაძე, რომელმაც მოედანზე 60 წუთი გაატარა. თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო კოტე მიქაუტაძე. პლეი-ოფში "მონპელიე" სტუმრად "ლიონს" შეხვდება.

"მონპელიეს" პლეი-ოფში თამაშს ხელი "ტულონმა" შეუწყო, რომელმაც სტუმრად მისი მთავარი კონკურენტი "კასტრი" დაამარცხა - 25:16. ტულონელთა ძირითადში იყო და მეორე ხაზში 63 წუთი გაისარჯა მამუკა გორგოძე.

სტუმრად "აჟენს" ბონუსით, 35:3 სძლია და პლეი-ოფშია გურამ გოგიჩაშვილისა და ვასილ კაკოვინის "რასინგ 92". გოგიჩაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და მოედანზე 40 წუთი გაატარა. "აჟენის" სასტარტოში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს გიორგი თეთრაშვილი, თუმცა 73-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. "რასინგ 92" პლეი-ოფში "ლა როშელს" უმასპინძლებს.

მომავალი სეზონის ტოპ 14-ის საგზურისთვის "გრენობლი" "ბრივს" ეთამაშება. დავით ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის გუნდი ტოპ 14-ში მე-13 ადგილზე გავიდა; კარლენ ასეიშვილის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივს" კი ელიტის საგზურამდე სულ ცოტა დააკლდა. პრო დე-2-ის ფინალში ბრიველები "ბეიონს" 75-ე წუთამდე ამარცხებდნენ (19:15), თუმცა დასკვნით 5 წუთში ორი ჯარიმა გაუშვეს და 19:21 დამარცხდნენ. გიორგაძე "ბრივის" სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ბეკოშვილი და ლობჟანიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრივმა მაგრა დამაწყვიტა ნერვები! შერკინებაში დაჯარიმდა ბევრჯერ და მაგან ითამაშა გადამწყვეტი როლი. სად იყო ძლევამოსილი ბავშვი ბამბა? კარლენიც არ ყოფილა განაცხადში და ეგეთი რამეები გაიგეთ ხოლმე რა?! რატომ და რის გამო, თორემ რასაც წერთ ეგ ჩვენც ვიცით. ის კი არ დაწეროთ, ვინ იყო და არა, არმედ ვინმე თუ არ იყო, რატომ არ იყო. მონპელიემ ტულონს მადლობა უთხრას, ამ თამაშით შორს ვერ წავა. იმედია დაცვაში გამოსწორდება. ისე, კლერმონის ქარტVელები რო ჩამოთვალეთ, კოლელიშვილი ჩამოწერეთ უკვე? ბორდო აა ა. იქც გორგაძე არ ჩანს. რატომ?
zuka
03:43 27-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული