რაგბი

ლეგიონერები

ტოპ 14: აფრასიძის ლელო და ნარიაშვილი სიმბოლურში

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა და ის ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა.

"მონპელიემ", რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და ზედიზედ სამი მატჩი დათმო, ერთი კი გადაიდო, "აჟენს" უმასპინძლა და ბონუსით, 42:13 დაამარცხა, რაშიც ქართველ ლეგიონერებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. საუკეთესო ფორმაშია ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც მოედანზე 72 წუთი გაატარა და ისეთი აქტიური იყო, ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა გელა აფრასიძე. მატჩის მიწურულს მან 5-მეტრიანი შერკინებიდან თავად შეუტია,
ცრუმოძრაობით პირველი მცველი მოატყუა, მეორეს ბოჭვის მიუხედავად კი, ბურთი ლელოში დაამიწა. ეს მისი მეორე ლელოა საფრანგეთის ტოპ 14-ში.

მიმდინარე სეზონში "ბორდოს" ძირითადში პირველად ითამაშა ბექა გორგაძემ. ის აქტიური იყო, შეტევაში ბურთი კარგად მიჰქონდა, რასაც მე-11 წუთზე მეტოქის სინბინი, მე-15-ზე კი სტუმართა პირველი ლელო მოჰყვა. ბექამ 67 წუთი ითამაშა. მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლაშა ტაბიძე. "ბორდო" 20 წუთის შემდეგ 13:0 იგებდა და ლიდერობა 70-ე წუთამდე შეინარჩუნა, მაგრამ საბოლოოდ "პოსთან" 24:29 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა.

"ბრივმა" ლიდერ "ტულუზს" უმასპინძლა და 16:36 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ ლობჟანიძე, რომელიც 55-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთნენ ბადრი ალხაზაშვილი და ლუკა ჯაფარიძე.

"კლერმონთან" სტუმრად გამართულ მატჩში 27:41 დამარცხდა "სტად ფრანსე", თუმცა მათ მეტოქეს ბონუსი არ დაანებეს. პარიზელთა რიგებში 71-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ. მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი.

ტურის სხვა მატჩებში "ლა როშელმა" 62:3 სძლია "კასტრს", ხოლო "ლიონმა" 62:10 მოუგო "ბაიონს". "რასინგ 92"-ისა და "ტულონის" მატჩი გადაიდო. ორივე გუნდმა ევროთასების ფინალი ითამაშა.

rugby.ge