ე.წ. რვა ერის გათამაშება ჩვენთვის მთლად წარმატებულად არ დასრულებულა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" მატჩიდან მატჩამდე თამაში გააუმჯობესა და ახლა კი ისიც გახდა ცნობილი, რომ გიორგი კვესელაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის კლუბ "გლოსტერში" გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს ქართველ უკანახაზელებს (მათ შორის, ცენტრებსაც) ძალიან უჭირთ წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში მოხვედრა, თუმცა სასიხარულოა, რომ მარნეულის "არმაზის" ცენტრი ერთ-ერთ საუკეთესო სარაგბო ლიგაში ითამაშებს.
ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ რაგბის ირლანდიელმა ლეგენდა ბარიან ოდრისკოლმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:
"ევროპული კლუბი რომ ვიყო და ცენტრის პოზიციის გაძლიერების სურვილი მქონდეს, საქართველოს ნაკრების
მე-13 ნომერ კვესელაძეზე სერიოზულად დავფიქრდებოდი. ბრწყინვალე ლელოს გარდა, დაცვაში კარგად მოქმედებს, ძლიერი და შრომისმოყვარე მორაგბეა. ალბათ, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც იყო."
23 წლის გიორგი კვესელაძე "გლოსტერთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "გლოსტერი" პრემიერშიფის გასულ სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა, წელს კი 3 შეხვედრიდან 1 მოიგო და 2-ში დამარცხდა.
მომზადებულია gloucestershirelive-ის მიხედვით