"მონპელიემ" გასულ კვირაში ორი შეხვედრა გამართა. "ლიონთან" მე-7 ტურის გადადებულ მატჩში სამი ქართველი ლეგიონერი ძირითადში იყო – მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და გელა აფრასიძე. ჩილაჩავამ 33-ე წუთზე რაქიდან შეუტია და ლელო გაიტანა, რომელიც აფრასიძემ გარდასახა. ლევანმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, ნარიაშვილმა – 40, ხოლო გელამ სრულად ითამაშა. "ლიონმა" შეხვედრა 24:20 მოიგო.
მე-14 ტურში "მონპელიე" უკვე "ბრივს"
"ბრივის" სასტარტოში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. ვასილ ლობჟანიძე 47-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მატჩის მიწურულს მოედანზე მოუწია დაბრუნება. 61 წუთი ითამაშა ლუკა ჯაფარიძემ.
"ლიონთან" 31:9 მოგებულ მატჩში "ბორდოს" რიგებში 50-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. მისმა გუნდმა ბონუსიც აიღო.
"ტულუზთან" სტუმრად 24:48 დამარცხდა "სტად ფრანსე", რომლის რიგებში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 39-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.
პრო დე2-ის მე-15 ტურში ერთი შეხვედრა გადაიდო, დანარჩენი შვიდი მატჩიდან ექვსში კი, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.
"კოლომიემ" "ვანს" უმასპინძლა, 13-ქულიანი უპირატესობა მეორე ტაიმში გაანიავა და 19:20 დამარცხდა. ბექა შეყლაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს.
"ოიონა" საკუთარ მოედანზე "გრენობლთან" 27:35 დამარცხდა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე შევიდნენ ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა. ბექას თამაშში ჩართვა მე-8 წუთიდან მოუწია, ირაკლიმ კი ორივე ტაიმის მიწურულს 10-10 წუთი ითამაშა. "გრენობლის" ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და ის 53-ე წუთზე შეცვალეს.
საკუთარ მოედანზე "მონ-დე-მარსანთან" 20:27 დამარცხდა "ანგულემი", რომლის ძირითად შემადგენლობაში ლუკა გოგინავა იყო და მან 64 წუთი ითამაშა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.
"ბიარიცმა" "ვალანსს" ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა, მაგრამ 29:31 დამარცხდა. მასპინძლებმა ორი ბონუს-ქულა აიღეს – სამით მეტი ლელოს გატანისთვის და მცირედი სხვაობით მარცხისთვის. მასპინძელთა ძირითადში ორი ქართველი ბურჯი იყო. უშანგი ჭეიშვილმა მოედანზე 40 წუთი გაატარა, გიორგი ნუცუბიძემ - 54 და მის ნაცვლად შეცვლაზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა რიგებში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა.
"რუანი" ერთადერთი მასპინძელია, რომელმაც პრო დე2-ის მე-15 ტურში გამარჯვება მოიპოვა – "ორიაკს" 20:14 სძლია. გამარჯვებულთა შორის მე-60 წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო თამაზ მჭედლიძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა. "ორიაკის" რიგებში პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ. გიორგი ჯავახია შეცვლაზე 51-ე, ხოლო ჯემალ შათირიშვილი 56-ე წუთზე შევიდა.
"ნევერის" ბურჯმა გურამ პაპიძემ მიმდინარე სეზონში მესამე ლელო გაიტანა. ამჯერად მისი ლელო "ბეზიესთან" გადამწყვეტი აღმოჩნდა, სტუმრებმა 30:25 მოიგეს. პაპიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელო 55-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც შეცვალეს.
"პროვანსთან" სტუმრად 41:34 მოგებულ მატჩში "პერპინიანის" ძირითად შემადგენლობაში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 64-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა.
rugby.ge