ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა.

"კასტრი" "ბრივს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. "კასტრის" ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი „აჰკიდა“. მანამდე, 28-ე წუთზე, მან რაქიდან შეუტია და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა. ჩილაჩავასთვის, რომელიც ახალ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, ეს "კასტრის"
კვართით გატანილი პირველი ლელოა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო. შეუცვლელად ითამაშეს თედო აბჟანდაძემ, რომელმაც 5 ჯარიმა (წუთები – 13, 45, 50, 57, 71) და ერთი გარდასახვა (64 წუთი) გაიტანა; მოედანზე 71 წუთი გაატარა ოთარ გიორგაძემ; 61-ე წუთზე შეცვალეს ვასილ ლობჟანიძე; პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა და 74-ეზე მოედანზე დაბრუნდა ლუკა ჯაფარიძე; მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა ვანო კარკაძე.

"ტულონმა" "ბიარიცს" 13:9 სძლია. ტრადიციულად, გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და მან მოედანზე 68 წუთი გაატარა. სტუმართა შორის პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა ლუკა აზარიაშვილმა. სწორედ 65-ე წუთიდან ჩაერთნენ თამაშში თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ნუცუბიძე.

მეტოქეზე ორჯერ მეტი ჯარიმა გაიტანა და 18:9 იმარჯვა "პომ", რომლის რიგებში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ. მოწინააღმდეგე "სტად ფრანსე" იყო და გიორგი მელიქიძემ მოედანზე 50 წუთი გაატარა.

"პერპინიანმა" "ლა როშელი" მიიღო და 22:13 დაამარცხა. მასპინძელთა მარქაფაში იყო და შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა დუდუ ქუბრიაშვილი. სტუმართა ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე.

"მონპელიემ" "ლიონს" 30:8 მოუგო და რომ არა 75-ე წუთზე გაშვებული ლელო, ბონუსსაც აიღებდა. ტრავმა მოიშუშა და თვე-ნახევრის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გელა აფრასიძე, რომელიც შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა და გაწითლებულ დროზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. "ლიონის" რიგებში შეუცვლელად გაისარჯნენ ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი. ამ უკანასკნელმა 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"კლერმონს" უმასპინძლა და ბონუსით, 25:9 დაამარცხა "ბორდომ", რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს ლექსო ყაულაშვილი. ჟირონდელებმა "ტულუზის" მარცხით ისარგებლეს და 33 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდნენ.

"ტულუზი" პარიზში, "რასინგ 92"-თან დამარცხდა – 18:27. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩილაჩავა ძალიან გვჭირდება
qomagi
02 ნოემბერი 2021 23:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული