დღეს, 24 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის A ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს რუსეთისა და სამოას ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, სამოამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საკმაოდ დიდი სხვაობით 34:9 დაამარცხა.
ეს რუსეთისთვის ჯგუფში მეორე შეხვედრა იყო. იაპონიასთან მატჩის მსგავსად, პირველი ტაიმი სამოას წინააღმდეგაც ძალიან კარგად ჩაატარეს და მოიგეს კიდეც - 6:5. თან გასათვალისწინებელია ის, რომ სამოელებმა პირველ ნახევარში 2 ყვითელი ბარათი მიიღეს და დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში მოედანზე 13-ნი იყვნენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში რუსებმა ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.
მეორე ტაიმი კი სამოამ ძალიან აგრესიულად დაიწყო და 44-ე წუთზე ამოსამ ლელო დადო. მის წინააღმდეგ გაკეთებული მაღალი ბოჭვის გამო მოედანი 10 წუთით გოლოსნიცკიმ დატოვა და მის დაბრუნებამდე ედ ფილოუმ 2 ლელო დადო. პისიმ 2 გარდასახვა შეასრულა ზუსტად. ზოგადად, მეორე ტაიმში აშკარა იყო ოკეანელთა უპირატესობა. მათ ტემპს უმატეს, ხოლო რუსებმა - დაღლას და საკუთარი შერკინების მოგებასაც ძლივს ახერხებდნენ.
63-ე წუთზე სამოელებმა მარცხენა ფლანგზე ჩათამაშების რიცხობრივი უპირატესობა საკმაოდ იოლად შექმნეს, მე-4 ლელო დადეს და პრემიალური ქულაც გაინაღდეს. მე-80 წუთზე კი მატჩის საუკეთესო მორაგბე ლეილუამ მარჯვენა ფლანგზე ჩაირბინა, კონტაქტით ორი რუსი ჩამოიცილა და შეხვედრაში სამოელთა მე-6 და თავისი მეორე ლელო დადო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამოელთა 10-იანმა პისიმ 4 გარდასახვა გააცუდა.
აღნიშნული მატჩი სამოასთვის მსოფლიოს 2019 წლის თასზე პირველი შეხვედრა იყო და გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.