2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის B ჯგუფის შეხვედრაში ტურინირის ფავორიტი ახალი ზელანდიის ნაკრები შეჯიბრის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, ნამიბიას შეხვდა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა აფრიკელები- 71:9. აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსმა" მეტოქეს 11 ლელო დაუდო, რაც 2019 წლის მსოფლიო თასის რეკორდია.
აღსანიშნავია ის, რომ ანგარიში შეხვედრაში ნამიბიელებმა გახსნეს, მე-4 წუთზე ჯარიმა სტივენსმა გაიტანა. კუნძულელებმა ლელოთი 2 წუთში უპასუხეს, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი რიისმა დაამიწა. 21-ე წუთზე ლელო ლინერთ-ბრაუნმა დადო, თუმცა შემდეგ ნამიბიელებმა კიდევ 2 ჯარიმა გაიტანეს და 30-ე წუთისთვის ანგარიში 10:9 გახდა ზელანდიის სასარგებლოდ. ეს ანგარიში 36-ე წუთამდე შენარჩუნდა, ამჯერად ზელანდიელების მხრიდან თავი ტაავაო მატაუმ გამოიჩინა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ბენ სმითმაც დადო ლელო და პირველი ტაიმი ფავორიტებმა 24:9 მოიგეს.
მეორე ნახევარი კი, ასეთი "დაძაბული" აღარ გამოდგა. ახალმა ზელანდიამ ნამიბიას კიდევ 7 ლელო დაუდო. თავი ლინერთ-ბრაუნმა, მუდიმ, რიისმა, უაითლოქმა, სმითმა, პერენარამ და ჯორდი ბარეტმა გამოიჩინეს.
მსოფლიო თასი, B ჯგუფი
ახალი ზელანდია - ნამიბია 71:9
ლელოები:
ახალი ზელანდია: რიისი (2), ლინერთ-ბრაუნი (2), სმითი (2), ტაავაო-მატაუ, მუდი, უაითლოქი, ჯორდი ბარეტი, პერენარა
ჯარიმები:
ნამიბია: სტივენსი (3)
გარდასახვები:
ახალი ზელანდია: ჯორდი ბარეტი (8)
ამ გამარჯვების შემდეგ ახალმა ზელანდიამ ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.