ქუთაისის "აიას" სამუშაო ვიზიტი მონპელიეში

AutoSharing Option
ქუთაისის ‘აიასა’ და საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დასავლეთ ფილიალის ოთხი მწვრთნელი დეკემბრის შუა რიცხვებში ერთკვირიანი ვიზიტით დამეგობრებული (პარტნიორი) კლუბის, ტოპ 14-ის ლიდერ ‘მონპელიეს’ ბაზაზე იმყოფებოდა.

საქართველოს რაგბის კავშირის, ‘აიასა’ და ‘მონპელიეს’ მფლობელ მოედ ალტრადს შორის თანამშრომლობა შარშან დაიწყო. მაშინ ფრანგული გრანდის მფლობელი საქართველოს ეწვია და სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; წელს სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ‘აიას’ პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე საფრანგეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ და სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

მის ფარგლებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდე) ევროპის ჩემპიონატის
წინ ‘მონპელიეს’ ბაზაზე 10-დღიანი შეკრება გაიარეს, ხოლო ივნისში ქუთაისს ‘ალტრად ჯგუფისა’ და ‘მონპელიეს’ ფორმაციის ცენტრის (აკადემია) წარმომადგენლები ეწვივნენ. მისმა დირექტორმა ჟან-ფილიპ ლაკოსტმა და ‘მონპელიეს’ განვითარების დირექტორმა ჟან-პოლ გალტიემ ქუთაისში 5 დღე გაატარეს. მაშინ შეთანხმდა, რომ 2017 წლის მიწურულს ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი, ‘აიასა’ და აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი დავით ნემსაძე, ვიდეო-ანალიტიკოსი კობა გიორგაძე და აკადემიის მწვრთნელი სერგო ფრუიძე მონპელიეში საპასუხო ვიზიტით ჩავიდოდნენ და დეკემბრის შუა რიცხვებში ზემოთნახსენებმა ოთხმა სპეციალისტმა ერთი კვირა ‘მონპელიეს’ ბაზაზე გაატარა.

ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონთა თასზე ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ქუთაისელთა სტუმრობა ფრანგებისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა - ‘მონპელიემ’ მეტოქე 36:26 დაამარცხა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიბრუნა.

„მწვრთნელის რანგში მონპელიეში პირველად ვიყავი და ამ ვიზიტით უაღრესად კმაყოფილი ვარ. მასპინძლებისგან უზარმაზარ ყურადღებას ვგრძნობდით, ჩვენი სტუმრობის ყოველი წუთი გაწერილი იყო და შინ ინფორმაციულად დახუნძლული დავბრუნდით. ‘მონპელიე’ ‘გლაზგოსთან’ მატჩისთვის ემზადებოდა და ჩვენ ამ პროცესში სრულად ვიყავით ჩართული. ხელი მიგვიწვდებოდა ყველა მონაცემზე, მასპინძლები თავად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია მოეწოდებინათ, ვესწრებოდით ყველა კრებას, ვიდეო-ანალიზს და ვარჯიშებისას მინდორზე ვიყავით! როგორც წესი, კლუბები ცდილობენ, რომ გარეშე პირებები შიდა-სამზარეულოში არ ჩაახედონ, აქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა“ - კმაყოფილია ბექა ყურაშვილი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელისგან, ახალ ზელანდიელ ვერნ კოტერისგან უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო:

„კოტერის საუკეთესო თვისება თავმდაბლობაა. მისგან უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდი. მარტივად შემოვიდა ურთიერთობაში და ყოველი ვარჯიშის შემდეგ გვიხსნიდა დეტალებს, გვეკითხებოდა კიდევ რა გვაინტერესებდა და ძალიან ბევრ დროს გვითმობდა. ასეთი მიდგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო და მისი მადლიერი ვარ. ანალოგიური ხდებოდა ყველა სხვა სპეციალისტის მხრიდან და ფაქტობრივად არ დარჩენილა კითხვა, რომელზეც ამომწურავი ინფორმაცია არ მიგვიღია“.

მეტი მწვრთნელი და სწორი დაგეგმვა


‘მონპელიეს’ მორაგბეები ბაზაზე ყოველ დილით, 8 საათზე იკრიბებიან და 15 საათამდე იქ რჩებიან. ამ პერიოდში მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება, ვარჯიშები როგორც მოედანზე, ასევე ძალოსნობის დარბაზში, კრებები და ვიდეო-ანალიზები. რა თქმა უნდა მოთამაშეები იქვე სადილობენ და ისვენებენ.

ბაზაზე გამოკრულია როგორც მთელი კვირის, ასევე დღის განრიგი და ყველა ნაბიჯი დროში ზუსტადაა გაწერილი:

„ის, რაც ‘მონპელიეში’ ვნახეთ, ამ ეტაპზე ჩვენთვის ფუფუნებაა, თუმცა არის რაღაცეები, რისი გამოყენება ახლაც შეგვიძლია. იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დაგეგმვას. ყველაფერი წუთობრივადაა გაწერილი. ასევე დიდი ყურადღება ექცევა შემეცნებით მხარეს. მთელი კვირის განმავლობაში მოთამაშეებს ჰქონდათ უამრავი ვიდეო-განხილვა - მოკლე-მოკლე ეპიზოდების, ოღონდ მაღალი სიხშირით. შესაძლოა ამ ყველაფრის გადმოღება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდეს და გუნდი მთელი დღით ბაზაზე ვერ შევკრიბოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენც მივუახლოვდებით მათ დონეს, რაღაცეებს კი გუნდში ახლაც დავნერგავთ.

„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ ისევე, როგორც ‘აიაში’, ‘მონპელიეშიც’ ვარჯიშების უმეტესობა ბურთით სრულდებოდა. რა თქმა უნდა მათ ტექნიკურ მონაცემებს ვერ შევედრებით, თუმცა ჩვენთან ინფორმაციის ნაკლებობაცაა და ეს ინფორმაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ. იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მცირე დეტალებს და ერთი შეხედვით წვრილმან ეპიზოდებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ“.

აიელებს მონპელიეში მარტო პირველ გუნდთან არ უმუშავია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ესპუარების და მომზადების ცენტრის გუნდის მზადების პროცესშიც. გაეცნენ კლუბის სტრუქტურასაც.

ირკვევა, რომ ‘მონპელიეში’ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 1200-ზე მეტია, რომელთაგან მოთამაშე მხოლოდ 150 კაცია (სამ გუნდში - კაცთა, ესპუარების და მომზადების ცენტრის). კაცთა გუნდს ყავს 12 სპორტული მიმართულების მწვრთნელი, რომელთაგან 4 ფიზმომზადებაზე ზრუნავს. 3-3 ფიზმომზადების მწვრთნელია ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდში. პირველ გუნდს არასპორტული მიმართულებით ემსახურება 35 სპეციალისტი. გარდა ამისა, არიან სპეციალისტები, რომლებიც გუნდში მხოლოდ კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში მიდიან.

„მთელი კვირის განმავლობაში არა მხოლოდ კაცთა, არამედ ესპუართა და მომზადების ცენტრის გუნდების ყველა მიმართულების სპეციალისტისგან უდიდესი ინფორმაცია მივიღეთ. გვქონდა საუბრები ვერნ კოტერთან, ფიზმომზადების და ვიდეო-ანალიტიკოსების ჯგუფებთან ყველა დონეზე, ესპუარებისა და მომზადების ცენტრის ხელმძღვანელებთან. ყველა მათგანს სპეციალურად ჩვენთვის მომზადებული ქონდა პრეზენტაციები. მოგვაწოდეს პროგრამები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა დონეზე“ - ამბობს დავით ნემსაძე, რომელიც მასპინძლის, ჟან-პოლ გალტიეს განსაკუთრებით ემადლიერება:

„ჩვენი უშუალო მასპინძელი განვითარების ჯგუფის ხელმძღვასნელი ჟან-პოლ გალტიე იყო, რომელსაც ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა დაგეგმილი. უშუალოდ სპორტული მხარის გარდა, მან წაგვიყვანა სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ტარდება სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონატები კორიდაში. აქ ხარებს არ კლავენ და მათზე დამაგრებულ ნიშნებს იღებენ. ტურისტული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. გარდა ამისა, ვიყავით ხმელთაშუა ზღვაზე, სადაც გავეცანით ხამანწკების გამოყვანის პროცესს“.

ძველი მეგობარი და განსაკუთრებული პატივიჟან-პოლ გალტიემ ქართველ სტუმრებს ერთი სიურპრიზი მოუმზადა - ბორჯღალოსნების ყოფილი თავკაცი, ქართული რაგბის მეგობარი კლოდ სორელი დაახვედრა. კლოდი ადრე გალტიეს მწვრთნელიც ყოფილა და ერთ-ერთ ვახშამზე, სადაც ოთხი ქართველი, ჟან-პოლი და სორელი იმყოფებოდნენ გალტიესთვის უთქვამს - აქ ხუთი ქართველი ვართ და მხოლოდ შენ ხარ ფრანგიო.

„კლოდი მონპელიესთან ახლოს ცხოვრობს და გალტიემ სპეციალურად ჩვენთან შესახვედრად მოიწვია. ის თბილად იხსენებს საქართველოს, ქართულ რაგბს და ამბობს, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ჩვენ გაწეული ღვაწლისთვის და ასეთი დამოკიდებულებისთვის კლოდს მადლობა გადავუხადეთ“ - გვიყვება ნემსაძე.

სამადლობელი სიტყვები არ დაკლებია და ამ ურთიერთობის მთავარ ინიციატორს მოედ ალტრადს, რომელსაც ქართველები რამდენჯერმე შეხვდნენ. ის ‘მონპელიეს’ ვარჯიშებს ხშირად ესწრება, ქართველ სპეციალისტებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრაც გამართა და იმედი გამოთქვა, რომ სრკ-ს, ‘აიასა’ და ‘ალტრად ჯგუფს’ შორის დაწყებული ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„ალტრადი ურთიერთობაში უბრალო ადამიანია და ჩვენს მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოხატა. ‘გლაზგოსთან’ მატჩზე VIP სტუმრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლოჟა გამოგვიყო, სადავ ეწერა, რომ იმ დღეს ის ‘აიას’ ეკუთვნოდა. თამაშს კლოდმაც ჩვენთან ერთად უყურა. ფრანგები საუკეთესო ღვინით გაგვიმასპინძლდნენ და თამაშის შემდეგ მოთამაშეებსაც შევხვდით“ - ემოციებს ვერ მალავს ნემსაძე.

ურთიერთობების გაგრძელების შემდეგი ნაბიჯი ზაფხულში იგეგმება. საქართველოში, კერძოდ ‘აიას’ ბაზაზე წინასასეზონო ბაზაზე ‘მონპელიეს’ რომელიმე გუნდი გაივლის. ვარიანტი სამია - ესპუარების, მომზადების ცენტრის და ქალთა გუნდი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონია.

ქართული ლეგიონი

‘მონპელიეს’ პირველ გუნდში სამი ბორჯღალოსანი თამაშობს - მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და დუდუ ქუბრიაშვილი; კიდევ ორი ესპუარებში ირიცხება - გელა აფრასიძე და უმცროსი ბორჯღალოსანი უჩა ჭეიშვილი, ხოლო მომზადების ცენტრში ლუკა აზარიაშვილი, რომელიც ნემსაძის თქმით ესპუარებში დაწინაურდა და მათთან ერთად ვარჯიშობს. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს აფრასიძე, თუმცა ენის ბარიერის გამო ჯერჯერობით თამაში არ უწევს.

„ნარიაშვილმა, ქუბრიაშვილმა და მიქაუტაძემ სათითაოდ გვიმასპინძლეს და დიდი პატივი გვცეს. მათ მონპელიეში ყველა ცნობს და ძალიან უყვართ. ქუბრიაშვილმა ტრავმა მოიშუშა, უკვე ვარჯიშობს და იანვრიდან მოედანს დაუბრუნდება. აფრასიძე ესპუარებში ირიცხება, თუმცა ყველა ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად ატარებს. მისი ერთადერთი პრობლემა ენობრივი ბარიერია, თუმცა სწავლობს და იმედია ამ პრობლემას მალე მოაგვარებს. ‘მონპელიეში’ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და 9 ნომრის გარდა მგეზავადაც მოიაზრებენ“ - ლეგიონერების შესახებ გვიყვება ყურაშვილი.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონები გახდით და ასევე იფიქრეთ ''კონტინენტის ფარზე'' !!!!!!!!!!
მიშა63
13:12 31-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული