საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.

მატჩის დებიუტში ანგარიში გასტონ არიასმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ამას საქართველო XV-ის გააქტიურება მოყვა, ორჯერ ჯარიმა კარში არ დავარტყით და მე-10 წუთზე ლელოს გატანის კარგი შანსი გვქონდა. ფლანგზე მეტობა შეიქმნა და სანდრო სვანიძემ პასი ვერ
შეიმაგრა, თუმცა შერკინების უპირატესობა რომ დაგვიბრუნდა, ნიკოლოზ სუხაშვილმა შეუტია და მისი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა.

ქართველები თავისი ლელოდანაც ხელდახელ უტევდნენ და თამამად თამაშობდნენ, თუმცა დაცვაში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ტაიმის შუაში ხაზი სუფთად გაიჭრა და ფაკუნდო კორდერომ საპასუხო ლელო გაგვიტანა, ხოლო ლუკას მენსამ გარდასახა. თამაში რომ განახლდა გიორგი ჭყოიძე სინბინით დაისაჯა და არგენტინელებმა 5-მეტრა დერეფნიდან მეორე ლელო გაიტანეს - 7:15.

28-ე წუთზე აბჟანდაძემ დაფინტა და ხაზი გაჭრა, მაგრამ ლელოდან 5 მეტრში შებოჭეს და ბურთი ვერც მიმყოლმა აიღო. პასუხად არგენტინამ 5-მეტრიანი დერეფნიდან მორიგი ლელო გაგვიტანა: მაშკო ვივასმა ბურთი მოიგო და მოულოდნელად თავადვე შეუტია, ხოლო არიასმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს არგენტინელებმა მაგრად შემოგვიტიეს და ხშირი ჯარიმისთვის რეფერიმ ტარიელ დონაძე სინბინში გაისტუმრა, თუმცა ლელო არ გავუშვით და ტაიმი 7:22 დავთმეთ.

მეორე ტაიმში საქართველო XV მოედანზე მობილიზებული გავიდა, ცენტრში კარგი დაცვით მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, აბჟანდაძემ ბურთი 5-მეტრიანთან ჩააგდო, დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ სუხაშვილმა სწრაფი ბურთი მიიღო, მბოჭავი აირიდა და ლელო გაიტანა, ხოლო თედომ გარდასახა. ქართველები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ჯარიმა რომ გამოიმუშავეს აბჟანდაძემ საშუალო დისტანციიდან გაიტანა.

მეორე ტაიმის შუაში ჩვენი კარგი შეტევის შემდეგ მეტოქე ისევ დაჯარიმდა და თედო ამჯერადაც ზუსტი იყო. რადგან აბჟანდაძეს დარტყმები წაუვიდა, 75-ე წუთზე ცენტრიდან, კარიდან ოდნავ მარცხნივ დაჰკრა და გაიტანა! დარჩენილი 5 წუთი საქართველომ თავის ნახევარზე გაატარა - ჯერ მეტოქის მწვავე შეტევა მოიგერია, მერე ბურთი შეინარჩუნა და 23:22 იმარჯვა.

მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე:

"ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ასეთი თამაშის შემოტრიალება იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. დასაწყისი კარგი გვქონდა, თუმცა მას ჩავარდნა მოყვა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. შესვენებაზე ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და ბიჭებმა საქართველოს სახელი დაიცვეს".

თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის კაპიტანი გიორგი შკინინი:

"ამ თამაშში ხასიათი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ვეცადეთ გვეთამაშა გაშლილი რაგბი და პირველ ტაიმში ჯარიმები კარში არ დავარტყით. მაგრამ უთამაშებლობა დაგვეტყო ვერაფერი მოვახერხეთ. ამაყი ვარ ამ ბიჭების, რადგან მეორე ტაიმში უპირატესობა დავიბრუნეთ და დიდი მადლობა მათ ასეთი სიამოვნებისთვის".

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი.

საქართველო XV - არგენტინა XV 23:22 (7:22)

საქართველო XV: 15. ირაკლი სვანიძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. რევაზ ჯინჯიხაძე, 12. თემურ ირემაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. მიხეილ ალანია; 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ტარიელ დონაძე, 4. არსენ ტრაპაიძე, 5. გელა შალამბერიძე, 6. გუგა შენგელია, 7. ბექა საღინაძე, 8. ნიკოლოზ სუხაშვილი.

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე, 17. გოგა ხუროშვილი, 18. მიხეილ ფსუტური, 19. სანდრო მამამთავრიშვილი, 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი, 22. დავით კლდიაშვილი, 23. დემურ თაფლაძე, 24. გიორგი ჭუაძე, 25. ბექა მამუკაშვილი.

არგენტინა XV: 15. გასტონ არიას, 14. ფაკუნდო კორდერო, 13. სანტიაგო რესინო, 12. სანტიაგო კარერას, 11. ხულიან დომინგეს, 10. ლუკას მენსა, 9. ფელიპე ესკურა (კაპ.); 1. მაშკო ვივას, 2. დიეგო ფორტუნი, 3. ნიკოლას ლეივა, 4. ფრანკო მოლინა, 5. იგნასიო ლარაგე, 6. სანტიაგო გრონდონა, 7. ფრანსისკო გორისენ, 8. როდრიგო ვრუნი.

მარქაფა: 16. აგუსტინ მასეირას, 17. ფრანკო ვრარდა, 18. მარკო სისიოლი, 19. ფრედერიკო გუტიერესი, 20. ლაუტარო ვავარო, 21. ტომას კუველი, 22. ვაუტისტა დერო, 23. ლეოპოლდო ერერა, ლუკას ფავრე, სანტიაგო პორტიშო.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
არგენტინა XV ამერიკის ჩემპიონატში https://en.wikipedia.org/wiki/2018_Americas_Rugby_Championship (იქ სადაც აშშ და კანადის ეროვნული ნაკრებებია, სხვანაირად ამერიკის ექვსი ერის ჩემპიონატსაც უწოდებენ) რეგულარულად თამაშობს ეროვნული ნაკრების ნაცვლად. არგენტინის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატში ეროვნულის ნაცვლად საქართველო XV ნაკრებმა რომ მიიღოს მონაწილეობა, ქართული რაგბისთვის ძალიან კარგი იქნება
რამაზ
31 ივლისი 2018 09:55
3
ჟურნალისტების საყურდღებოთ, რა ხშირად იმართება აქ ტურნირები რომ სრულად არ განიხილოდ, როგორ დამთავრდა მეორე შეხვედრა საერთოდ არ აღნიშნავთ, ის რომ შემდეგი თამაში ბრაზილიასთან არის 3 ში, წინა სტატიაში უნდა ვეძებო, იგივე სიტუაციაა თუნდაც წყალბურთში საპრიზო ადგილებზე ვინ გავიდნენ ინტენეტში ვეძებ, მარტო ჩვენი თამაშით სლოვაკეთთან ხომ არ მორჩა ტურნირი,იტალიასთან, რომელთანაც პირწმინდათ დავმარცხდით შემდგომში რა ქნა თუნდაც სერბიასთან(წააგო), ამით ხომ ჩვენ დონესაც ვსაზღვრავთ. ანდა 20 წლამდელების კალათბურთში რომელი გუნდები გადავიდნენ ა ჯგუბში, რატომ გგონიათ რომ უინტერესოა, პოლონეთი რომელთანაც ძალით წავაგეთ პირველ ადგილზე გავიდა, ლატვიამ, რომელსაც ამხანაგურში მოვუგეთ რუსეთს მოუგო და ისიც გავიდა.ასე რომ ცოტა პროფესიონალურად მიუდექით ყველაფერს.
mamuka
31 ივლისი 2018 09:31
0
ასეთი ტურნირების ჩატარება ყოველწლიურად არის აუცილებელი!
მერაბი
30 ივლისი 2018 10:01
0
მოთამაშეებიც და მწვრთნელიც საქებია, მაგრამ გამოჩნდა კიდევ უფრო მთავარი.
ჩემი ზარით გამოჩნდა, რომ ქართული რაგბი ეროვნულ საკლუბო და ახალდაზრდების დონეზე აშკარად პროგრესირებს.
და ეს თამაშები (ზაფხულის ტურნირი) ერთერთი გარდამტეხის შეიძლება აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ თავდაჯერებულობას შემატებს ეროვნულ კლუბებში მოთამაშეებს.
გიორგი
29 ივლისი 2018 23:28
0
აი რას ნიშნავს როცა ნაკრებს და გუნდს ყავს მწვრთნელი!!!!...
სპორტ ფაზა
29 ივლისი 2018 16:48
2
ზაზა ნუ დავაკნინებთ მეგობარო ამ გამარჯვებას, შეგიძლია იმდენი უპირატესობა ნახო ამ მატჩში არგენტინის მხარეს(მაგალიტად ჩვენი 20 წუთით კაცნაკლულობა, ორ გარდასახულ ლელოზე მეტით წაგებული პირველი ტაიმი) რომ მაგაზე აქცენტირება არ ღირს. მით უფრო რომ ეს არგენტინის მეორე გუნდია და არა მესამე, კი ბატონო პირველ გუნდად ნაკრები ითვლება, მეორედ კი ხაგუარესი მაგრამ იგივე ხაგუარესი ფაქტიურად ნაკრებს წარმოადგენს ასე რომ ჩვენი მეტოქე სწორედაც სადღაც მეორესა და მესამეს შორის სტატუსის მქონე გუნდი იყო, გაცილებით დიდი გამოცდილებით, მაღალი ხარისხის ჩემპიონატიდან აკრებილი მოთამაშეებით და ფორმის პიკზე მყოფი რადგან არგენტინაში ახლა მიმდინარე სეზონია.
B-52
30 ივლისი 2018 15:24
2

ამ ნაკრებს ყავს კი ყავს კარგი მწვრთნელი. მაგრამ გაითვალსწინეთ, რომ ეს არგენტინის მესამე (!) გუნდია, შეხვედრა ამხანაგური იყო და არგენტინას არც ყავდა მე4სამე ნაკრების ყველა მოთამაშე.

zaza
30 ივლისი 2018 09:19
2
ყველა გამოხმაურება
ეს თამაში ძაან ლამაზ სტილში ვითამაშეთ,იმისდა მიუხედავად,რომ გუნდი ახალი შეკრებილი იყო.კარგი იქნება თუ ჩვენი ბიჭები მამავალშიც ასეთ სანახაობრივ რაგბს ითამაშებენ.რაგბი პირველ არხზე უნდა დაგვეტოვებია,რომ ხალმა თამაშს ნორმალურად ვუყუროთ ისე როგორც ადრე.
გიოშა
29 ივლისი 2018 15:22
0
ერთერთი პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწვრთნელი. ალბათ ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთ მცირე დროში შესაძლებელია კარგი გუნდის დაყენება. ყველას გილოცავთ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ ბ-ნ ბესიკს!
გუჯა კახაძე
29 ივლისი 2018 15:14
0
გინდ რაგბი ტვ-ზე ყოფილა თამაში და გინდ საერთოდ არ ყოფილა.. რაგბის არხის იდეა და მისი განხორციელება არის საოცარი რამ და მადლობა ამისთვის მაგრამ იდეას და მის განხორციელებას ხარისხი სჭირდება და არა მხოლოდ სახელად ყოფნა .. ინტერნეტ სტრიმი გეგონება და არა ციფრული ტელევიზია ოცდამეერთე საუკუნეში. არა მხოლოდ ეს თამაში დიდი ათის თამაშებსაც ვგულისხმობ.. ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა თამაშს ეტყობა ხარისხი აზარტი და განსწავლულობა თორე შედეგი ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო..
რიგითი გულშემატკივარი
29 ივლისი 2018 12:59
0
მშვენიერი თვალსასეირო თამაში იყო, შედეგიც კაი იყო, მსაჯმაც დროულად დაამთავრა, მერე რა რომ დრო კიდევ იყო დარჩენილი.:) რაგბი ტვ-ზეც კაი ფოტო რეპორტაჟი იყო :) ( ყოველ შემთხვევისთვის ჩემ ტელევიზორში ეგრე იყო) მე კმაყოფილი დავრჩი განსდაკუთრებით ოცწლამდელების თამაში მომეწონა. ყოჩაღ ხომაშურიძეს ერთ კვირაში ესეთი გუნდი დააყენა.
irakli81
29 ივლისი 2018 11:41
0
სპორტოლ.გე რა გჭირთ, დილის 11 საათამდე არ იცოდით ბიჭებმა რომ მოიგეს, სანამ რაგბი.გე არ წაიკითხეთ, ერთი ინტერვიუ ან პრესკონფერენცია რა გახდა, სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!!
dato
29 ივლისი 2018 11:13
0
ჯიგარი ხარ ! 1000 % !
გგგ
29 ივლისი 2018 22:04
0

სიახლეები პოპულარული