ნიკოლოზ სუხაშვილი: პირადად მე ასეთი ტემპის, დონის და ხარისხის თამაში აქამდე არასდროს მქონია

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

საქართველო XV-ის ყველა მორაგბე თანხმდება, რომ პირველმა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირმა - "რაგბის ზაფხულის თასი 2018"-მა, დიდი 10-ის მოთამაშეებს უდიდესი გამოცდილება შესძინა და ეს შიდა ჩემპიონატის დონეზე აუცილებლად აისახება.

ბესიკ ხამაშურიძის მიერ გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გორის "ჯიქის" მესამეხაზელი ნიკოლოზ სუხაშვილი იყო, რომელმაც შერკინების შემკვრელად ითამაშა, პირველ მატჩში არგენტინა XV-ს ორი ლელო გაუტანა და ბრაზილიასთანაც სახიფათოდ უტია.

25 წლის მორაგბე ამბობს, რომ ამ ტემპის, ხარისხისა და დონის რაგბი პირველად ითამაშა:

"ძალიან სასიამოვნო იყო ისეთი მაღალი დონის ტურნირში თამაში, როგორიც
"ზაფხულის თასია". საერთაშორისო დონეზე 7-კაცაში მითამაშია, მაგრამ 15-კაცა მისგან ძალიან განსხვავდება. არგენტინა XV-თან და ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან თამაშმა უდიდესი გამოცდილება შემძინა. მოხარული ვიქნები მსგავსი ტურნირები და თამაშები ხშირად თუ ჩატარდება. ამით დიდ 10-ში მოთამაშე მორაგბეებს თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა გვექნება.

პირადად მე ასეთი ტემპის, დონის და ხარისხის თამაში აქამდე არასდროს მქონია. ბოლო წლებში დიდი 10-ი ვითარდება, წინ მიდის, თუმცა ჩვენს ჩემპიონატთან შედარებით, არგენტინელებთან და ბრაზილიელებთან სულ სხვა დონის შეხვედრები გვქონდა".

სუხაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო XV-ის არსებობა, ასეთი ტემპისა და ხარისხის თამაშების სიმრავლე, სამომავლოდ დიდ 10-ზე აუცილებლად აისახება:

"ჩვენი ჩემპიონატი ნაკლებად ყურებადია, საქართველო XV-ში მოხვედრით კი, თავის გამოჩენის მეტი შანსი გვაქვს. შედეგად, ყველა მორაგბემ, რომელიც ამ გუნდში იყო დაძახებული, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. მოთამაშეთა უმრავლესობამ ამ დონის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პირველად ითამაშა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ეს აუცილებლად აისახება ჩვენი ჩემპიონატის დონეზე და რაც უფრო ხშირი იქნება მსგავსი თამაშები, დიდი 10-ის დონეც მით უფრო გაიზრდება.

პირადად მე, ახლა უფრო მეტს ვიმუშავებ ჩემს თავზე, გამძლეობაზე და სისწრაფეზე. რაღაც ეპიზოდებში არგენტინელებს და ბრაზილიელებს სისწრაფეში ვერ ავყევით და ლელოები მივიღეთ. გარდა ამისა, ვუყურე ჩემი თამაშების ჩანაწერებს და დავინახე, რომ რაღაც მოძრაობები დასახვეწი და შესაცვლელი მაქვს".

გამარჯვება უფრო ძლიერთან
ნიკა სუხაშვილი ამბობს, რომ არგენტინა XV, რომელსაც 23:22 ვძლიეთ, უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც 20:18 იმარჯვა.

არგენტინელებს მან ორი ლელო გაუტანა, გუნდმა კი პირველ ტაიმში 7:22 ჩამორჩენის შემდეგ, მეორეში 16 უპასუხო ქულა აიღო:

"არგენტინელებთან სათამაშოდ თავდაჯერებულები გავედით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო მეტოქემ იოლი ქულები აიღო. გასახდელში რომ გავედით ყველას ერთი აზრი გვქონდა - ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მწვრთნელმა სწორი დავალებები მოგვცა, დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ქულების აღების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენეთ საწადელს მივაღწიეთ. ვფიქრობ, ამაში მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი სწრაფი ლელოც დაგვეხმარა, რომელმაც მეტოქესთან მალევე მიახლოვების საშუალება მოგვცა".

რაც შეეხება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას, ნიკა ამბობს:

"არგენტინა XV ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე ბრაზილია, თუმცა ბრაზილიელებს იმდენად სწრაფი მოთამაშეები ყავდათ, რომ ჩვენი უპირატესობები ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ეს თამაში რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ მოვიგეთ: დიახ, მატჩამდე ვამბობდით, რომ მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც გვეგონა რომ ბრაზილიას არგენტინაზე იოლად დავამარცხებდით; ისედაც ახალ შეკრებილ გუნდში, პირველი თამაშის შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ვერ დავლაგდით; გარკვეულწილად ამინდმაც შეგვიშალა ხელი. აქცენტი ხელით თამაშზე გვქონდა გადატანილი, მთელი კვირა ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ გაწვიმდა და გარეთ თამაში აღარ გამოგვივიდა, გადაწყობა კი ვეღარ მოვახერხეთ".

altთედო აბჟანდაძე: სულ სხვა ჯანის მორაგბეებს ვეთამაშეთ

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ნიკოლოზ დიდ ნაკრებში გვენახე მალე გვეამაყები
0

სიახლეები პოპულარული