Rugby Summer Cup 2018: გავიცნოთ საქართველოს მეტოქე არგენტინა XV

AutoSharing Option
28 ივლისს და 3 აგვისტოს საქართველო ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს - "რაგბის ზაფხულის თასს", Rugby Summer Cup 2018-ს მასპინძლობს.

ტურნირ, "მესხის სტადიონზე" ორ ტურად გაიმართება და მასში საქართველო XV-ის (დიდი 10-ის ნაკრები) გარდა, არგენტინა XV, ფრანგული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი "რასინგ 92" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ითამაშებენ.

საქართველო XV 28 ივლისს, 19:00 საათზე არგენტინა XV-ს ეთამაშება. ამავე დღეს, 21:30 საათზე "რასინგ 92" ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება.

3 აგვისტოს პარიზული კლუბი არგენტინა XV-ს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო 21:30 საათზე საქართველო XV ბრაზილიას ეთამაშება.

ტურნირის გამარჯვებული ორი ტურის შედეგად გამოვლინდება. ასევე დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მეტოქეების შესახებ | არგენტინა XV
არგენტინა XV, იგივე არგენტინის A ნაკრები და "იაგუარები", საქართველოს მესამედ ეწვევა.

"იაგუარები" თბილისში პირველად 2009 წელს ჩამოვიდნენ და ქართული რაგბის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს 24:22 სძლია.

2011 წელს ამ გუნდს რუმინეთში, ბუქარესტში, მსოფლიო რაგბის ერთა თასზე შევხვდით და 14:13 ვძლიეთ.

2014 წელს არგენტინის A ნაკრები "თბილისის თასზე" გვეწვია და 26:16 იმარჯვა.

არგენტინა XV-მა პირველი მატჩი 1965 წელს, ჩილეს ეროვნულ გუნდთან გამართა და 23:11 იმარჯვა, რეგულარული სახე კი 21-ე საუკუნიდან მიიღო და სხვადასხვა ტურნირში ჩაერთო.

2005, 2008 და 2009 წლებში არგენტინელებმა "ჩერჩილის თასზე" აშშ-ის და კანადის ეროვნულ ნაკრებებთან, ასევე, "ინგლისის საქსონებთან" (A ნაკრები), ირლანდიის და შოტლანდიის A ნაკრებებთან ითამაშა.

2014 წელს "თბილისის თასზე" პირველი ადგილი დაიკავა (მონაწილეობდნენ საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები, ასევე, "მზარდი იტალია").

2006 წელს ბუქარესტის ერთა თასი მოიგო და ამავე ტურნირში 2007, 2010, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მონაწილეობდა (თამაშობდნენ "მზარდი სამხრეთი აფრიკა", შოტლანდია A, "მზარდი იტალია", "ფიჯი უორიორსი", საქართველოს, რუმინეთის, ურუგვაის, პორტუგალიის, ესპანეთის, ნამიბიის და რუსეთის ეროვნული ნაკრებები). იმ ერთი პირველი ადგილის გარდა, არგენტინა XV 5-ჯერ გავიდა მეორე ადგილზე.

2009 წლიდან არგენტინელები რეგულარულად თამაშობენ "ამერიკის რაგბის ჩემპიონშიფში" და 2009, 2010, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში ჩემპიონები გახდნენ (მონაწილეობენ აშშ-ის, კანადის, ურუგვაის, ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებები).

არგენტინა XV-ს ყველაზე დიდი სხვაობით პარაგვაი ჰყავს დამარცხებული - 2002 წელს პარაგვაი 152:0; თავად ყველაზე დიდი სხვაობით 2013 წელს რუმინეთთან დამარცხდა - 8:30.

2018 წლის ამერიკის რაგბი ჩემპიონშიფში 6-მა ისეთმა მორაგბემ ითამაშა, რომელთაც ეროვნული გუნდის კვართითაც უბურთავიათ და საერთაშორისო მოთამაშეებს ამ ზაფხულს "მიხეილ მესხზეც" ვიხილავთ.


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული