თბილისის "ლოკომოტივი" კონტინენტის ფარზე იტალიურ კლუბებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მესამე დონის ტურნირში - კონტინენტის ფარზე ითამაშებს და ჯგუფურ ეტაპზე ორ იტალიურ კლუბთან ოთხ თამაშს ჩაატარებს.

შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კონტინენტის ფარზე 8-ის ნაცვლად 6 კლუბი ითამაშებს. ისინი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდნენ და თითოეულს თანაჯგუფელებთან შინ და გარეთ ორ-ორი თამაშის გამართვა მოუწევს. ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს 2-მატჩა ფინალში, ასევე შინ და გარეთ შეხვდებიან. მოგებული 2019/2020 წლების "ჩელენჯ ქაფის" საგზურს მიიღებს.

მეორე საგზურს ასევე ორმატჩიან დუელში რუსეთის "ენისეი" და რუმინეთის "ტიმიშუარა-სარასენსი" გაითამაშებენ, რომლებმაც წლევანდელი ჩელენჯ
ქაფის საგზური 2017/2018 წლების კონტინენტის ფარზე წარმატებული თამაშით მოიპოვეს.

წელს "კონტინენტის ფარზე" ოთხი იტალიური კლუბი, თბილისის "ლოკომოტივი" და ბელგიის რაგბის კავშირის ფრანჩაიზი - ბელგიელი ბარბაროსები XV ითამაშებენ. საქართველოს ჩემპიონი "ა" ჯგუფში "კალვიზანოსა" და "ფიამე ორო რომასთან" მოხვდა; "ბ" ჯგუფში "პეტრარკა პადოვა", "როვიგო დელტა" და ბელგიური კლუბების ნაკრები (ბარბაროსები) ითამაშებენ.

"ლოკომოტივი" პირველ თამაშს 13 ოქტომბერს გამართავს და "ავჭალაზე" "კალვიზანოს" უმასპინძლებს; 8 დეკემბერს "ფიამე ოროს" სტუმრად შეხვდება; 15 დეკემბერს თბილისელებს "კალვიზანოსთან" განმეორებითი შეხვედრა ელით; 12 იანვარს რკინიგზელები "ავჭალაზე" "ფიამე ოროს" მიიღებენ. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, "ლოკომოტივი" ფინალში "ბ" ჯგუფის გამარჯვებულს 30 მარტს შინ მიიღებს, ხოლო 20 აპრილს სტუმრად შეხვდება.

"ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გუნდის მიზანი ფინალში გასვლა და ჩელენჯ ქაფის საგზურის მოპოვებაა:

"ჩვენ ვუყურებთ სანაკრებო მატჩებს, საფრანგეთის ტოპ 14-ს და ინგლისის პრემიერშიპს, მაგრამ თითქმის არაფერი ვიცით სხვა სარაგბო ქვეყნების შესახებ. ისინი თავიანთი გზით ვითარდებიან და მნიშვნელოვანია, რომ მათ მხარი ავუბათ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, გადავწყვიტეთ "კონტინენტის ფარზე" გასვლა, მით უმეტეს, რომ ფორმატი შეიცვალა, ეს ძალიან "ძვირიც" აღარ ჯდება.

"ჯგუფურ ეტაპზე ვეთამაშებით იტალიურ კლუბებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახლა ვიწყებთ. იტალიელებს პრო 14-ში ორი კლუბი ჰყავთ ("ბენეტონი" და "ძებრე") და მთელი ქვეყანა მათზე მუშაობს. დანარჩენი კლუბები ისეთი ძლიერები არ არიან, რომ მათი დამარცხება ვერ მოვახერხოთ.

"იტალიური გუნდის თამაში ერთხელ თბილისში ვნახეთ (2013/2014 წლების სეზონში, "როვიგო" კონტინენტის ფარზე თბილისის "კავკასიელებს" შეხვდა), გასულ სეზონში "ბათუმმა" ითამაშა ორ იტალიურ კლუბთან და ორივეს მოგება შეიძლებოდა. ამავდროულად, ვიცით, რას თამაშობენ რუსეთისა და რუმინეთის ჩემპიონები და ისინი იტალიურ კლუბებს უგებენ. გვჯერა, რომ მომავალი მეტოქეების დამარცხებით ჩელენჯ ქაფზე გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ".

ვინ არიან მეტოქეები
"ფიამე ორო რომა" იტალიის პოლიციის სპორტული დივიზიის გუნდია და მას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო კურირებს. გუნდი 1956 წელს დაარსდა და მას შემდეგ სამჯერ შეიცვალა ლოკაცია.

თავდაპირველად გუნდი პადოვაში დაარსდა და ხუთჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული - 1958-1961 წლებში ოთხჯერ და 1968 წელს. გარდა ამისა, 1968-1972 წლებში "ფიამე ორომ" ოთხჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი (ვერ მოიგო 1970 წელს).

ქვეყანაში შექმნილი სოციალური-პოლიტიკური ვითარების გამო, 1968 წლიდან ქვეყნის პოლიციის პრესტიჟი დაეცა, მათ შორის, სპორტული ჯგუფების და 1977/1978 წლების სეზონის შემდეგ გუნდი დაიშალა.

1985 წელს "ფიამე ორო" მილანში აღდგა და იტალიის სერია "C1"-ში ჩაერთო, 1987 წლიდან კი, გუნდი რომში გადაბარგდა. 1997 წელს კლუბი სერია "ა"-ში აღზევდა, ორი წლის შემდეგ კვლავ დაქვეითდა, 2010/11 წლების სეზონიდან კი ქვეყნის უძლიერესი ლიგის ბინადარია, რომელსაც ამჟამად ტოპ 12 ეწოდება.

გასულ სეზონში, იტალიის 10-გუნდიან ჩემპიონატში, "ფიამე ორომ" რეგულარული გათამაშება 11 მოგებით, 1 ფრით და 6 მარცხით მეოთხე ადგილზე დაასრულა, თუმცა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "პადოვასთან" დამარცხდა.

იტალიაში ახალი სეზონი 15 სექტემბერს დაიწყო და "ფიამე ორომ" "მოლიანოს" 45:17 სძლია. გუნდი საშინაო შეხვედრებს პოლიციის სპორტული ცენტრის სტადიონზე ატარებს, რომელიც 1300 მაყურებელს იტევს.

"ლოკომოტივის" მეორე მეტოქე "კალვიზანო" უფრო გვიან, 1970 წელს დაარსდა, თუმცა ბოლო წლებში "ფიამე ოროზე" მეტ წარმატებებს მიაღწია. გუნდი 6-ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი - 2005, 2008, 2012, 2014, 2015 და 2017 წლებში.

ბრეშას პროვინციის, ლომბარდის გუნდს ევროთასებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 1999-2000 წლების სეზონში "კალვიზანომ" რანგით მეორე, ჩელენჯ ქაფის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. 2001-იდან 2007 წლის ჩათვლით, გუნდმა 6-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე და 2002-2003 წლების სეზონში ორი გამარჯვებაც მოიპოვა. 2007-2008 წლებში "კალვიზანომ" ორი თამაში ჩელენჯ ქაფზეც მოიგო, მომდევნო სეზონში კი მეშვიდედ ითამაშა ჩემპიონთა თასზე.

ფორმატის შეცვლის შემდეგ "კალვიზანოს" ჩემპიონთა თასზე აღარ უთამაშია. სამაგიეროდ, გამოდიოდა ჩელენჯ ქაფზე 2012-2013 წლების სეზონში. ერთი თამაში მოიგო, ხოლო მომდევნო სეზონში მხოლოდ ერთ ფრეს გამორჩა. ლომბარდიელები ჩელენჯ ქაფზე ბოლოს 2015-2016 წლების სეზონზე სწორედ კონტინენტის ფარის გავლით მოხვდნენ, მაგრამ იქ ყველა თამაში წააგეს.

2013 წლიდან "კალვიზანო" რეგულარულად მონაწილეობს კონტინენტის ფარზე და თავიდან ნახევარფინალშიც რეგულარულად გადიოდა, მაგრამ ბოლო ორი სეზონია ამას ვეღარ ახერხებს. გასულ სეზონში იტალიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში "ჰაიდელბერგს" შეხვდნენ, რომელმაც გერმანიაში 34:29, ხოლო იტალიაში 17:13 მოუგო.

"კალვიზანომ" იტალიის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების გასული სეზონი 14 მოგებითა და 4 მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში "როვიგოს" ჯამში 1 ქულით აჯობა (9:12 და 24:20), ფინალში კი "პადოვასთან" 11:19 დამარცხდა. ტოპ 12-ის ახალი სეზონის პირველ მატჩში "კალვიზანომ" "ვერონას" სტუმრად ბონუსით, 37:3 მოუგო. გუნდი საშინაო თამაშებს 5-ათასიან "სტადიო სან მიჩელზე" ატარებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენდიაშვილი ბრწყინვალე პიროვნებაა, მაგრამ თანამედროვე რაგბში როგორ ქაჩავს ეხლა გამოჩნდება.
mdaa
13:22 24-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული