საქართველოს შვიდკაცა ნაკრები აფრიკის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ერთკვირიანი შეკრება დაასრულა და ზიმბაბვეში ჩავიდა, სადაც 23-24 მარტს 10-გუნდა საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი 14-კაციანი შემადგენლობით კეიპტაუნში 10 მარტს ჩავიდა და ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ორი დღის ვარჯიშის შემდეგ ჩვენს გუნდს სპარინგ-მატჩები ჰქონდა სამხრეთ აფრიკის 7-კაცას მეორე ნაკრებთან. მასპინძლების თხოვნით, თამაშები უკონტაქტო იყო და გუნდებმა ოთხი 10-წუთიანი ტაიმი ითამაშეს.

ქართული მხარის თხოვნით და გრაჰამ ბენზის დახმარებით, რომელიც ფიზმომზადების ადგილობრივი სპეციალისტია და გარკვეული დროით კენიის 7-კაცა ნაკრებს ამზადებდა, შაბათს ადგილობრივ კლუბებთან 4-გუნდიანი ტურნირი მოეწყო.

რადგან ის
არაოფიციალური ხასიათის იყო, პირველი ორი თამაში შესვენების გარეშე ჩატარდა, ბიჭებმა 14-14 წუთი გადაბმულად ითამაშეს და ორივე სპარინგი მარტივად მოიგეს. მეორე შეხვედრაში, ასევე მხარეთა შეთანხმებით, მეტოქემ მერვე მორაგბეც დაიმატა და ჩვენი 7-კაცა მეტობაში მყოფ გუნდს ეთამაშა.

მესამე შეხვედრა შედარებით ძლიერ გუნდთან გვქონდა და აქ თამაში შეუჩერებლივ, 20 წუთი გაგრძელდა. რადგან პირველი 10 წუთის შემდეგ დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე 10 წუთი ჩვენი გუნდი მოედანზე 6 კაცით დარჩა და კვლავ მეტობაში მყოფ მოწინააღმდეგეს ეთამაშა, თუმცა გამარჯვება მაინც საქართველოს დარჩა.

„აფრიკული შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი ფიზმომზადების მწვრთნელი გვყავდა და ამ მხრივ ბიჭებმა მაგრად მოუმატეს, რაც სპარინგ-მატჩებისასაც გამოჩნდა, როდესაც თამაშები შეუსვენებლივ ჩავატარეთ, რიგ შემთხვევებში კაცნაკლულები დავრჩით და ამოცანას თავი მაინც კარგად გავართვით. სასიხარულოა, რომ გრაჰამი ოფიციალურ ტურნირებზეც ჩვენთან ერთად იქნება“ - განაცხადა საქართველოს 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ და დაამატა:

„ბირთვი იკვრება, რაც ძალიან კარგია და ახალმა ბიჭებმაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. გვქონდა ახალი, განსხვავებული ვარჯიშები, რამაც სიხალისე შემოიტანა. გარდა ფიზმომზადებისა, აფრიკელებისგან ტექნიკური ილეთებიც ვისწავლეთ და გარკვეული ტაქტიკური მონახაზებიც ჩავინიშნეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ“.

7 მატჩი აფრიკელებთან


კვირას ბიჭებმა ერთად უყურეს საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს და "ბორჯღალოსნებს" კეიპტაუნიდან უქომაგეს; ორშაბათს კი ზიმბაბვეში ჩავიდნენ, სადაც 10-გუნდიან საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ჯგუფურ ეტაპზე ოთხი შეხვედრა გველის და პირველ მატჩს ადგილობრივი დროით 09:20 საათზე ზიმბაბვეს მეორე, განვითარებად ნაკრებთან გავმართავთ, რომელსაც Goshawks ("ქორები") ეწოდება; 13 საათზე ზიმბაბვეს „მბარე აკადემიას“ შევხვდებით; 15:20 საათზე ჩვენი მეტოქე მალავის ეროვნული ნაკრები იქნება; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 17:20 საათზე უგანდის ნაკრებთან მატჩით ვასრულებთ.

მეორე ჯგუფში ზიმბაბვეს, ზამბიას, ბოცვანასა და ლესოტოს ნაკრებები, ასევე Steelers-ი ითამაშებენ. მეორე დღეს 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალებში დაწყვილდება და პლეი-ოფებით ყველა ადგილი გათამაშდება.

„სავარჯიშოდ ძალიან კარგი მოედანი გვაქვს. ხვალ სპარინგ-პარტნიორს მოგვიყვანენ და მათთან ერთად ვივარჯიშებთ. ზიმბაბვისა და უგანდის ნაკრებები მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ეტაპისთვის ემზადებიან, კარგი გუნდები ჰყავთ და საინტერესო მოსამზადებელი ტურნირი გველოდება“ - ამბობს ლეჟავა.

შეგახსენებთ, ჩვენი 7-კაცა ევროპის გრან პრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

სამხრეთ აფრიკაში შემდეგი მორაგბეები იმყოფებიან:

ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ბონდო ლომიძე (იუნკერები), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), იაგო ხაბულიანი (აია), გიორგი აბრამიძე (აია).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 2 /
გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!
გუჯა კახაძე
13:32 21-03-2019
0
მანდ კარგ ვარჯიშებს და შემდეგ კი დიდი წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო.
სოსო
19:36 19-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული