7-ქალა: მოსამზადებელი შეკრება თურქეთში

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადება დაიწყო, რომელიც ზაფხულში ორ ეტაპად უნდა გაიმართოს, მანამდე კი ორ საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

ერთი საწვრთნელი შეკრება, 1-იდან 6 მარტის ჩათვლით, უკვე გაიმართა თურქეთში და მასში საქართველოს გარდა, უკრაინის, ისრაელის, ნორვეგიის და ყაზახეთის (ორი გუნდით) ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველოს 7-ქალა ნაკრები შეკრებაზე 16 მორაგბით იყო წარმოდგენილი და მათგანი სამი უფროსი ასაკის გუნდში პირველად მოხვდა – მარიამ ბერნაძე, ნინო წიკლაური და სალომე ჩხაიძე.

„შეკრებაზე 18-წლამდელთა ნაკრები
დან დაწინაურებული სამი გოგონა გვყავდა, რომელთაგან ერთი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და „ალაფაზე“ ვერ დაგვეხმარება, თუმცა პერსპექტიული მოთამაშეა და დიდ გუნდში ყოფნა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონები პირველად იყვნენ უფროსი ასაკის გუნდში და ველოდი, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ექნებოდათ, ასე არ მოხდა და დასახულ ამოცანებს თავი კარგად გაართვეს. თურქეთში იმ გუნდებთან ერთად ვიყავით, რომლებთანაც ოფიციალურ ტურნირში მოგვიწევს თამაში. ასევე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი ყაზახეთი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ისეთი გოგონა თამაშობდა, რომლებსაც 15-ქალა ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

Sportall.Ge

ყოველდღიური ვარჯიშების პარალელურად, ჩვენს 7-ქალას ორი სათამაშო დღე ჰქონდა. 6 მარტს თამაშებს ტურნირის სახე მიეცა და მალაღურაძე გოგონების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

„ყოველ წელს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდით და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანი შეკრება იყო. დაწყებული გვაქვს ტაქტიკური მონახაზების დამუშავება, ჩვენს თამაშში გარკვეული ნიუანსები შევცვალეთ და გვსურდა ამ ყველაფრის პრაქტიკაში ხილვა, რათა შემდგომში დეტალების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. გოგონების თამაშით კმაყოფილი ვარ. აშკარად გაღრმავებულია თამაშის ცოდნა და გაუმჯობესებულია სარაგბო უნარები. ჩვენმა ნაკრებმა საკმარისი გამოცდილება დააგროვა და ეს უკვე თამაშის ხარისხზეც აისახება“.

რაგბი ევროპის „ალაფამდე“ 7-ქალას კიდევ ორ ტურნირში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი – 25 აპრილს ბონში და 13-14 მაისს პარიზში:

„იმედია, ვირუსის გამო ეს ტურნირები არ გადაიდება და ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელთაც ოფიციალურ ტურნირზე შევხვდებით. ეს კარგია, რადგან გოგონები ეჩვევიან მათ წინააღმდეგ თამაშს; იციან, პარიზის ტრადიციული ტურნირი მასზე ბევრად ძლიერია, რადგან მასში მონაწილეობენ მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდები, მაგალითად, სამხრეთი აფრიკა და უელსი. ეს არის ერთგვარი ინდიკატორი, თუ სად ვიმყოფებით და ამავდროულად, მოთამაშეები თავდაჯერებულობას იძენენ".

შარშან საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ორი ეტაპის ჯამში „ალაფაზე“ მე-8 ადგილი დაიკავა. მალაღურაძე იმედოვნებს, რომ წელს შედეგი უკეთესი იქნება:

„ორი ეტაპის თამაში მოგვიწევს, რაც ძალიან კარგია. თუ პირველ ეტაპზე რაიმე მიზეზით სასურველ შედეგს ვერ ვაჩვენებთ, მეორეზე სიტუაციის გამოსწორების შანსი გვექნება. შარშან ამ დონეზე პირველად ვითამაშეთ და მე-8 ადგილი დავიკავეთ, თუმცა მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. წელს პროგრამა-მინიმუმი ზედა ექვს გუნდს შორის მოხვედრა იქნება და ვეცდებით, უფრო მაღალი ადგილი დავიკავოთ“.

შეკრებაზე იყვნენ:

ნათია გავაშელი, სალომე მაკასარაშვილი, ირმა გულიაშვილი, თეო ჩიტაიშვილი, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, თაკო მანაგაძე, ანა კაპანაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, ანი სირაძე, მანონი საღარაძე, მარიამ ბერნაძე, ნინო წიკლაური, სალომე ჩხაიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული