საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ეს დაუშვებელია არა მარტო ზოგადად, არამედ ქართულ სპორტში, მითუმეტეს – რაგბის დიდ ოჯახში, რადგანაც იგი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს, ღირებულებებს და ურთიერთობის დამკვიდრებულ წესებს.

გულწრფელად ვუსურვებთ რამაზ ხარაზიშვილს, რომელიც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას და სათამაშო მოედანზე დაბრუნებას. იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად და დროულად დაადგენენ სიმართლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ინციდენტი მოხდა
იმ დროს, როდესაც რაგბის კავშირში განიხილებოდა სრკ-ს ფინანსური მდგომარეობა და თითქოს მომხდარი დაკავშირებულია რაგბის კავშირის გამგეობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, ამ დროს რაგბის კავშირში მიმდინარეობდა მსჯელობა საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შესახებ, რომელიც განახლდება ამა წლის 9 ოქტომბერს.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აღმოუჩინა ქართულ რაგბს იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ურთულეს პირობებში მოძიებული იყო თანხა სარაგბო კლუბებისთვის შიდა ჩემპიონატების დასაწყებად. საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასში“ – ესაა ქართული რაგბის დიდი აღიარება და მრავალი თაობის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით „ექვსი ერის“ მესვეურებს ამ გადაწყვეტილებისთვის და“ მსოფლიო რაგბის“ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ.

სამწუხაროდ, ამ წარმატებების და წინსვლის ფონზე, ვრცელდება გარკვეული დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საერთო საქმეს ნამდვილად არ წაადგება. მთავრობასთან შეთანხმებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბატონი თორნიკე გოგებაშვილის დანიშნვის შემდეგ, დაიწყო ამ შეცდომების გამოსწორების პროცესი და სახეზე გვაქვს პირველი დადებითი შედეგები. ახლა არა კონფრონტაციის, არამედ მშვიდ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომის დროა. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ თორნიკე გოგებაშვილს და ვფიქრობთ რომ მას, გამგეობის წევრებს და კავშირის თანამშრომლებს უნდა მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მითუმეტეს, რომ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყები გვაქვს ყველა დონის ეროვნული ჩემპიონატი და ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თამაშებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – დღეს არის არა დაძაბულობის, არამედ მუშაობისა და ერთიანობის დრო ქართული რაგბის პროგრესის უზრუნველსაყოფად, რისკენაც მოვუწოდებთ ყველას.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ რაგბის კავშირში იყოს მშვიდი და სამუშაო ატმოსფერო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას დასახული მიზნების მისაღწევად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კვლავ დესტრუქციული გზით განვითარდება, იტოვებს უფლებას ყველაფერს სათანადო პასუხი გასცეს.

მიღებულია ერთხმად საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრების მიერ.

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენ ის ხალხი არა ხართ, აქამდე ვინც იყავით? რომ წერთ, უამრავი საქმეა გასაკეთებელიო, აქამდე სად იყავით? ეს ყველაფერი ვინმემ დაგიტოვათ? ჯერ იყო და რაღაც პეტიციები შეიმუშავეს ვაჟკაცობაზე და რაინდობაზე , ახლა კომუნისტური პარტიის პლენუმის დადგენილებასავით გვიცხადებენ, რომ რაგბის პრინციპებს იცავენ და ოჯახს უფრთხილდებიან. დესტრუქციული ქმედებები თქვენი მხრიდან მოდის, რასაც ბოლოდროინდელი სამსრცხვინო ფაქტიც ადასტურებს. იმის მაგივრად ჩუმად მაინც იყოთ, აქეთ თქვენს წამხდარ საქმეს სხვას აბრალებთ
????
12:25 19-09-2020
0
რაის შემთხვევითობაზე ლაპარაკობს ორჯერ ესროლა ადამიანს, თან ეტყობა ფეხებში უმიზნებდა. რამ გამოიწვია კარგად იციან ყველამ, დაზარალებულმაც და გამგეობამაც, მაგრამ "კაი ბიჭობაზე" დებენ თავს და ამ თავებს რაცხა ფეხში დაჭრისთვის ხომ არ შეირცხვენენ...სამწუხაროდ ამ ბოლო დროს მომრავლდად რაგბის სამყაროსთან დაკავშირებული "საქმენი საგმირონი" .
emigranti
03:04 19-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული