"სმარტ კაპიტალ ჯგუფის" მხარდაჭერით შექმნილ სკოლაში ვარჯიშებს ლიცენზირებული და გამოცდილი მწვრთნელები უძღვებიან. გარდა ამისა, სპორტული პროგრამა მოიცავს ვარჯიშებს, რომლებსაც ატარებენ მოწვეული მორაგბეები ეროვნული ნაკრებისა და სხვა გუნდების შემადგენლობიდან.
სკოლის მიზანია, ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, გუნდურად მუშაობა, ჯანსაღი კონკურენცია და
შრომა შეაყვაროს და ამავდროულად, გაზარდოს რაგბის პროფესიონალი მოთამაშეები. "ძმები" უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, თუმცა ამ მოკლე დროში მისი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ცოტა ხნის წინ რაგბის სკოლას მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი ეწვია, საწვრთნელი ბაზა მოინახულა, ბავშვები გაიცნო და მონაკოშიც დაპატიჟა, რაც მწვრთნელების აზრით, სკოლა "ძმების" უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
როგორ ჩაეყარა სკოლას საფუძველი და როგორ ვარჯიშობენ ბავშვები "ძმებში", ამის შესახებ დეტალურად "ძმების" პროფესიონალ მწვრთნელს, ვახო მძინარაშვილს ვესაუბრეთ:
- საინტერესოა, საიდან გაჩნდა "ძმების" შექმნის იდეა და როგორ განახორციელეთ ის?
- მიხეილ ჩხარტიშვილი - "სმარტ კაპიტალ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მე ბავშვობიდან მეგობრები ვართ. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს ჩემს სპორტულ და სამწვრთნელო კარიერას და ყოველთვის მგულშემატკივრობდა. მე საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და პარალელურად, ჩემს კლუბში ვავარჯიშებდი საფესტივალო ასაკის ბავშვებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მე და მას რაგბის სკოლის ჩამოყალიბების იდეა გაგვიჩნდა. ასე შეიქმნა ჯგუფის მხარდაჭერით "ძმები". კომპანიამ დაასპონსორა და დღემდე ფინანსურ მხარდაჭერას უწევს სკოლას, ხოლო დანარჩენს, რაც კარგი სპორტსმენის აღზრდისთვის საჭიროა, მე ვაკეთებ ჩემი გამოცდილებით.
"ძმები" 2018 წელს დავაარსეთ. ამჟამად სკოლაში 3 ასაკობრივი გუნდი ვარჯიშობს - 5-დან 14 წლამდე. მათ უტარდებათ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ვარჯიშები.
- ვინ არიან რაგბის სკოლის მწვრთნელები და რა არის სკოლის მიზნები?
- სკოლაში ბავშვებს ორი ლიცენზირებული მწვრთნელი ვავარჯიშებთ - მე და ზურაბ ზაალიშვილი.
ჩვენი რაგბის სკოლა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - მუშტაიდის პარკში მდებარეობს. სკოლა ვარჯიშებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით, ასევე, უსაფრთოების დაცვით.
ჩვენ ყოველწლიურად უფრო და უფრო ვვითარდებით. გასულ წელს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მივიღეთ მონაწილეობა. "ძმების" მიზანია, სამომავლოდ სკოლასთან ერთად ჩამოვყალიბდეთ რაგბის სრულფასოვან კლუბად, რომელიც თავდაპირველად, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ასპარეზებზე მოსახვედრად იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბი მოიცავს ყველა ასაკის ბავშვთა, მოზარდთა და კაცთა გუნდებს.
- რატომ იწყებენ ბავშვები რაგბიში 5 წლის ასაკიდან ვარჯიშს? რა ზეგავლენას ახდენს ის ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე?
- რაგბი ბავშვს უვითარებს ფიზიკურ ძალას, გამძლეობასა და კოორდინაციას. ასევე, ბავშვი რაგბით სწავლობს გუნდურ მუშაობას. მას ბაღის ასაკიდანვე უვითარდება ისეთი უნარები, როგორებიც არის გუნდურობა და თანამშრომლობა.
სპორტი, რომელიც ქართველებს ასე ძალიან გვიყვარს, აყალიბებს სამართლიანი თამაშის ჩვევებს და ბავშვებს ასწავლის მიზნის პატიოსანი გზებით მიღწევას. მოწინააღმდეგის პატივისცემით ბავშვი სწავლობს ჯანსაღ კონკურენციას. თამაშის სტრატეგიული ელემენტების სწავლა კი მას მატებს კონცენტრაციისა და ანალიზის უნარს. გარდა ამისა, რაგბი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში, თავდაჯერებულს ხდის მას და უღვივებს თავმოყვარეობის შეგრძნებას.
- რა აქტივობებში არიან "ძმების" სპორტსმენები ჩართულნი? როგორ ვარჯიშობენ ისინი?
- ამჟამად, ჩვენს რაგბის სკოლაში დაახლოებით 50 ბავშვი ვარჯიშობს. თითო გუნდს კვირაში სამი პრაქტიკული ვარჯიში უტარდება. ასევე, პერიოდულად ტარდება თეორიული გაკვეთილებიც, რომელთა მსვლელობისას ვიყენებთ პროექტორსა და დაფას, განვიხილავთ თამაშებს, სათამაშო სიტუაციებსა და ვარჯიშებს. ასევე, ბავშვებს რეკომენდაციებს ვაძლევთ ჯანსაღ კვებაზე, ძილის რეჟიმსა და კომპიუტერთან კონტაქტზე.
რაგბის გარდა, თეორიული გაკვეთილების მიმდინარეობისას ვსაუბრობთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს თავგადასავლებს, ვხუმრობთ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს რამე აწუხებს, ვცდილობთ, დავეხმაროთ და გავამხნევოთ. ყველა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, ვსაუბრობთ ემოციებზე. მე დიდ მიშვნელობას ვანიჭებ ბავშვის ემოციურ განვითარებას. ჩემი აზრით, ემოციური ინტელექტი პიროვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთად დავდივართ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე. ასევე, ყოველი სეზონის ბოლოს ქალაქგარეთ საზაფხულო შეკრება გვაქვს, რაც ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას გვაძლევს.
- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ რაგბი უფრო მეტი ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი?
- ჩემი აზრით, კერძო სექტორის მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს. თუ კერძო სექტორი დიდ ჩართულობას გამოიჩენს, სპორტის სხვადასხვა სახეობა საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.
როგორც აღვნიშნე, ჩვენი რაგბის სკოლის დაარსებასა და განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის "სმარტ კაპიტალ ჯგუფს", რომლის მხარდაჭერით საშუალება გვაქვს, უსასყიდლოდ ვავარჯიშოთ ბავშვები, რომელთა ოჯახებსაც მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ და ერთობლივი სურვილით და ძალისხმევით, ვცდილობთ მნიშვნელოვან ფასეულობას - ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ხელი შევუწყოთ და ახალი თაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.