2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ პრინციპულ მატჩში მოედნის მსაჯი გამოცდილი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან ქუთაისელი არბიტრები – გიგა მშვენიერაძე და პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სულხან ჩიხლაძე იქნება.
ამაშუკელს, საერთაშორისო თუ საკლუბო დონეზე, მაღალი დონის თამაშებზე არაერთხელ უმსაჯია, მშვენიერაძეს და ჭიქაბერიძეს კი საერთაშორისო დონეზე დებიუტი ექნებათ. საერთაშორისო მატჩში ვიდეორეფერის რანგში დებიუტი აქვს ჩიხლაძესაც.
რუმინეთისა და ესპანეთის დაპირისპირება რაგბი ევროპაზე ერთ-ერთ ურთულესად ითვლება, რის შესახებაც ნიკა ამაშუკელი
„სასიხარულოა, რომ ასეთი პრინციპული მატჩის განსჯა ქართველ მსაჯებს გვანდეს. ესაა არა მხოლოდ ტურის, არამედ ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება. ორივე გუნდი ძალიან მაგარ ფორმაშია. რუმინეთმა პორტუგალია ბოლოში გატეხა, ესპანეთმა ჩვენ მაგარი ბრძოლა შემოგვთავაზა. წლევანდელი რაგბი ევროპა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და გარდა ამისა, 2018 წლის მოვლენების შემდეგ რუმინეთს და ესპანეთს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული შუღლი აქვთ“.
„რაგბის ქომაგს ემახსოვრება, რომ მაშინ ესპანეთი ბოლო ტურში ბელგიასთან ისე დამარცხდა, რომ ბონუსი ვერ აიღო და მსაჯი რუმინელი იყო. ამ შედეგით მსოფლიო თასზე ესპანეთის ნაცვლად რუმინეთი გადიოდა, მაგრამ შეხვედრას დიდი სკანდალი მოჰყვა და საბოლოოდ ორივე გუნდი დაისაჯა. მას შემდეგ მათი შეხვედრა ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. მე შარშანაც ვიმსაჯე მათ შეხვედრაზე და ეს იყო ურთულესი მატჩი ჩემს კარიერაში. ტემპი და ინტენსივობა იყო ძალიან მაღალი, თავს არავინ ზოგავდა“.
„ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის თამაშში საერთაშორისო დებიუტი ექნება ორ ქუთაისელ მსაჯს – პაპუნა ჭიქაბერიძეს და გიგა მშვენიერაძეს; ასევე - ვიდეორეფერის კუთხით სულხან ჩიხლაძეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ თბილისი არაა ცენტრი და რეგიონებშიც გვყავს მაღალი დონის მსაჯები, რომელთაც ვენდობით. პაპუნაც და გიგაც მშრომელი ბიჭები არიან და დაიმსახურეს შანსი, უმაღლეს დონეზე გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ისინი პრინციპულობას გამოიჩენენ, რაც ქართველმა მსაჯებმა საერთაშორისო დონეზე უკვე ვაჩვენეთ“.
გიგა მშვენიერაძე: „ასეთი დონის შეხვედრაზე დანიშვნა მოულოდნელი და სასიხარულო იყო. პირველად გავდივართ საერთაშორისო დონეზე და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, თუმცა ნიკა ამაშუკელის სახით ისეთი გამოცდილი მოედნის მსაჯი გვეყოლება, რომ დარწმუნებული ვარ, წნეხს ადვილად გავუმკლავდებით“.
პაპუნა ჭიქაბერიძე: „ბევრს ვშრომობდი, რომ ეს ნდობა დამემსახურებინა და ამან შედეგი გამოიღო. ახლა მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს ნდობა გავუმართლო ნიკას, საქართველოს და მსოფლიო რაგბის. ამ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად. ძალიან დიდი კომფორტია, რომ ცენტრში ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელიც უკვე მსოფლიო რაგბისთვისაც ავტორიტეტია“.
rugby.ge