აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ დღეს, 18 მარტს, პრესკონფერენცია გამართა და საჯარო რეესტრის მიერ რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის აქტში ხარვეზების აღმოჩენასა და იოსებ ტყემალაძის გაპრეზიდენტების შეჩერებაზე ისაუბრა.

"გუშინ ვიხილეთ, რომ საჯარო რეესტრმა ხარვეზი დაადგინა. ეს ისეთი ხარვეზი იყო, რასაც რეესტრი გვერდს ვერ აუვლიდა. მინდა ვთქვა, რომ 30 დეკემბრის აქტში რა შინაარსობრივი დარღვევებიც მაშინ აღმოაჩინა რეესტრმა, იმაზე მეტი ამ აქტში არის. მაშინ ორი ხარვეზი იყო: 30-დღიანი ვადის დარღვევა და დღის წესრიგში გამგეობის საკითხის დამატება.

ტყემალაძის არჩევის აქტშიც ორი
ხარვეზი დაადგინეს. პირველი, დათვლილი ხმების ოდენობა. წესით, ერთი სეზონის ხმები უნდა დათვლილიყო, მაგრამ ამათ 2 სეზონის ხმები დაითვალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კვორუმისთვის ხმები არ ჰყოფნიდათ და გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ; მეორე კი დღის წერიგში წესდების დამატება იყო. რეალურად კი, უფრო მეტი ხარვეზია, რაზეც ბატონი დავით კლდიაშვილი ისაუბრებს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: კლუბებმა საჩივარი საარჩევნო ყრილობის გამართვამდე შეიტანეს, მაგრამ ეს დოკუმენტში ასახული არ არის, არადა, 30 დეკემბრის აქტს ბაჩო ხურციძის საჩივარი ახლავს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი დაგვიკავშირდა და მათ გავუგზავნეთ სრული მასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები. ნებართვა აიღეს, რომ "მსოფლიო რაგბისთვის" მიემართათ. ხოლო ჩვენი მხრივ, ვადგენთ დოკუმენტების კრებულს, რომელსაც "მსოფლიო რაგბის" გადავუგზავნით. მაროკოს შემთხვევაში მოხდა, რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო ყრილობა წესების დაცვით არ ჩატარდა. "მსოფლიო რაგბიმ" ჯერ გააფრთხილა და შემდეგ უკვე დისკვალიფიკაციით დასაჯა. ასე რომ, რეაგირების ბერკეტი რაგბის მმართველ ორგანიზაციას გააჩნია", - განაცხადა აბუსერიძემ.

სხვა დარღვევებზე კი იურისტმა დავით კლდიაშვილმა ისაუბრა:

"ამ აქტს აკლია ჩანაწერი, რომელიც იტყოდა, რომ ნოტარიუსმა ყრილობაში მონაწილე ყველა პირის უფლებამოსილება შეამოწმა და ისე შეადგინა ოქმი. დოკუმენტში ეს არ გვხვდება, მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარეზეა მითითება, რომელმაც თქვა, რომ ყველა უფლებამოსილი იყო და ნოტარიუსიც ამას დაეყრდნო. ეს არასწორია, ნოტარიუსმა თავად უნდა შეამოწმოს.

ასევე, ყრილობაში მონაწილეთა სია საჯარო არ არის. წერია, რომ ნოტარიუსი თავისთან ინახავს ამ სიას. ყველა კლუბის ხელმოწერა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ასევე, რამდენიმე სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობა მინდობილობით მიიღო. არც მინდობილობის დოკუმენტებია საჯარო, არცერთი არაა ატვირთული. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მინდობილობებით, მათი შინაარსი ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ჩვენ დღეს განცხადებას შევიტანთ საჯარო რეესტრში. თუ, დავუშვათ, გამორჩათ ხარვეზები, ჩვენ ვთავაზობთ ჩამონათვალს და იმსჯელონ ჩვენს წერილზე", - აღნიშნა კლდიაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბუსერიძე ეროვნული ნაკრების დისკვალიფიკაციაზე ლაპარაკობს, თუ მეჩვენება?
გიორგი
18:43 18-03-2021
2
ოღონდ ჩხუბი და დავი-დარაბა შეწყვიტეთ, და რამდენის გნებავთ... იმდენი საჩივარი წერეთ.
tngh
17:36 18-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული