7-კაცა - ორი მსაჯი "ალაფაზე"

AutoSharing Option
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ 7-კაცა ტურნირზე იმსაჯებს.

სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიაში ჩავლენ და ზაგრებში გასამართ კაცთა და ქალთა „ალაფაზე“ (19-20 ივნისი) იმსაჯებენ.

7-კაცას რაგბი ევროპის „ალაფაზე“ 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია.

ჩიხლაძეს რაგბი ევროპის ტურნირებზე 15-კაცა რაგბიში გვერდით მსაჯად და ვიდეორეფერად (წელს რუმინეთი-ესპანეთი) რამდენჯერმე უმუშავია, 7-კაცას ტურნირზე და თანაც მოედნის მსაჯად კი, პირველად მიიწვიეს. ის იმედოვნებს, რომ მომავალში
უფრო მაღალი დონის 7-კაცა ტურნირებზე იმსაჯებს:

„დასაწყისისთვის ძალიან კარგი ტურნირია. ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ 7-კაცა რაგბიში მოვხვედრილიყავი და ახლა ამის შესაძლებლობა მეძლევა. მოწვევის მიღებისთანავე დავიწყე სპეციფიკური მზადება ჩვენს ნაკრებთან ერთად, ვცვლით ინფორმაციებს და ვიმედოვნებ, რომ ზაგრების შემდეგ უფრო მაღალი დონის 7-კაცა ტურნირებზეც მიმიწვევენ. ეს მხოლოდ დასაწყისია და მაქსიმუმს გავიღებ, რათა საქართველოს სახელი ღირსეულად გავიტანო საერთაშორისო ასპარეზზე“.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხო საქართველოს რაგბის კავშირს, რადგან სწორედ მათ გამოხატეს სურვილი, რომ მსოფლიოსა და ევროპის ასპარეზზე გვყოლოდა ქართველი მსაჯი და ეს მიწვევაც ამის შედეგია. ასევე მადლობა ჩვენს მასწავლებელს დევიდ მაკქიუს, სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელ დავით შუბითიძეს და მენეჯერ ლუკა კილასონიას, რადგან მათ ბევრი იშრომეს, ამ ტურნირზე რომ მოვხვედრილიყავი“.

Sportall.Ge

ზაგრებშივე, 19-20 ივნისს იმართება 7-ქალას რაგბი ევროპის „ალაფაც“, სადაც ქართველი გოგონებიც ითამაშებენ. ჩვენი გუნდი "ბ" ჯგუფში ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებებთან მოხვდა, ხოლო "ა" ჯგუფში უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი და მოლდოვა ითამაშებენ.

ანა პოღოსიანს, ნინო ელოშვილთან ერთად, 7-ქალას ტურნირზე გვერდით მსაჯად უკვე უმუშავია, ახლა კი ცენტრში მოუწევს საკუთარი უნარების წარმოჩენა:

„ამ ტურნირზე მიწვევის შესახებ შარშანაც იყო საუბარი, მაგრამ მაშინ კოვიდ-პანდემიამ ამის საშუალება არ მომცა და მოხარული ვარ, რომ წელსაც მოვხვდი ორგანიზატორების თვალთახედვის არეში. ჩემთვის ეს პირველი ნაბიჯია ახალ ეტაპზე. ხორვატიაში დამკვირვებლებიც იქნებიან და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კვლავ მექნება 7-ქალას ტურნირებზე მიწვევა. საქმეს ისიც გამიიოლებს, რომ ზაგრებში ჩვენი ნაკრებიც ითამაშებს და მარტო არ ვიქნები წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გოგონებიც წარმატებით ითამაშებენ და ჩემი მსაჯობითაც კმაყოფილნი დარჩებიან ორგანიზატორები“.

შეგახსენებთ, 5-6 ივნისს საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე პორტუგალიაში, ლისაბონში ითამაშებს. "ა" ჯგუფში მათი მეტოქეები გერმანიის, პორტუგალიისა და ლიეტუვის გუნდები იქნებიან, ხოლო მეორე ჯგუფში ესპანეთი, იტალია, რუსეთი და პოლონეთი გაერთიანდნენ.

ჩვენი 7-კაცას შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

rugby.ge



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული