7-კაცა - "აკადემია" რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
თბილისის "აკადემიას" 7-კაცა გუნდი 4-5 სექტემბერს რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს.

ტურნირი სანქტ-პეტერბურგში იმართება და მასში 11 ქვეყნის 12 კლუბი იღებს მონაწილეობას – პოზნანია (პოლონეთი), ბალტრექსი (ლიეტუვა), მიესნიკი (ლატვია), ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი), დუკლა (ჩეხეთი), გრან მილანი (იტალია), ჟენევა (შვეიცარია), ზასტავა-7 (რუსეთი), ბერა ბერა (ესპანეთი), სამურაი (ინგლისი), აკადემია (საქართველო), ჰარუგვა (ბელარუსი).

კოვიდ-პანდემიის გამო ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია ფრანგულ კლუბს, "აკადემიამ" კი სანქტ-პეტერბურგში გამგზავრება ბოლო მომენტში გადაწყვიტა. „მხატვრების“ ახალი პრეზიდენტი ვახო მჭედლიძე ამბობს, რომ მორაგბეებისთვის ასეთი მაღალი დონის თამაშების ჩატარება
მნიშვნელოვანია და საჭირო ფინანსები მეგობრების დახმარებით გამონახა:

„ჩემი მიზანია, რომ კლუბი ფინანსურად გავაძლიერო და დიდი ყურადღება დავუთმო როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბის განვითარებას, რაშიც რაგბის კავშირის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აუცილებელია გაიმართოს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირები“.

„ფინანსური პრობლემების გამო "აკადემიას" რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ჰქონდა ნათქვამი, თუმცა მოსვლის დღიდან დავიწყე ზრუნვა და მეგობრების დახმარებით, ტურნირზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხა ბოლო მომენტში გამოვნახეთ. ეს საკმაოდ წარმომადგენლობითი ჩემპიონატია და იქ თამაშით მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. ვიბრძოლებთ როგორც კლუბის, ასევე ქვეყნის სახელის დასაცავად“.

"აკადემიამ" რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 7-კაცა რაგბიში პირველად მონაწილეობა 2018 წელს მიიღო, თუმცა მერე იყო წყვეტა, რასაც კოვიდ-პანდემიაც დაერთო. მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე იმედოვნებს, რომ "აკადემია" სანქტ-პეტერბურგში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

უკვე ცნობილია, რომ „მხატვრებს“ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის "სამურაისთან", რუსეთის "ზასტავასთან" და პოლონეთის "პოზნანიასთან" მოუწევს შეხვედრა.

„ეს არის საკმაოდ მაღალი დონის, წარმომადგენლობითი ტურნირი და ჩვენთვის იქ თამაში დიდი პატივია. საკლუბო დონეზე საერთაშორისო გამოცდილებით ვერ დავიკვეხნით და ამ კუთხით ჩემპიონთა თასზე თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, 2019 წლის შემდეგ 7-კაცა არ გვითამაშია, ბოლო სამი თვეა კი არანაირი პრაქტიკა არ გვაქვს. გვსურდა ამხანაგური მატჩების გამართვა, მაგრამ ამის საშუალება პანდემიამ არ მოგვცა და სანქტ-პეტერბურგში უთამაშებლები მივდივართ, რაც გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის“ – ამბობს ობოლაძე.

"აკადემიას" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი მეტოქეები შეხვდა, თუმცა იმედოვნებს, რომ გუნდი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს და ეს შედეგზეც აისახება:

„ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. ბოლო ორი კვირაა კონკრეტულად 7-კაცას მიმართულებით ვემზადებით და თავს კარგად ვგრძნობთ. ჯგუფურ ეტაპზე აშკარად არ გაგვიმართლა. მეტოქეები პროფესიული 7-კაცას გუნდები გვყავს. ინგლისის "სამურაი" წვეული გუნდია, 15-კაცა რაგბიში "ბარბაროსების" ანალოგი, რომლის შემადგენლობაში მსოფლიო სერიის ვარსკვლავები თამაშობენ. მათ სამი კვირის წინ ედინბურგის 7-კაცა ტურნირი მოიგეს. "ზასტავაც" ძირითადად ავსტრალიელი და კენიელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული, პროფესიონალური 7-კაცას გუნდია, რომელსაც სამხრეთაფრიკელი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რეგულარულად თამაშობს 7-კაცას საერთაშორისო ტურნირებს. "პოზნანია" 7-კაცაში პოლონეთის ჩემპიონია და მის ბირთვს პოლონეთის 7-კაცა ნაკრების წევრები წარმოადგენენ“.

„პირველ დღეს პროგრამა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, მერე კი - მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება. ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გარდა ამისა, ეს ტურნირი ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება“.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ მეოთხედფინალში 12-იდან 8 გუნდი გადის – ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი. "აკადემია" პირველ მატჩს "ზასტავასთან" გამართავს, მერე "პოზნანიას" ეთამაშება, ბოლოს კი "სამურაის" შეხვდება.

„მხატვრებს“ რაგბი ევროპის 7-კაცა ჩემპიონატზე სოსო მათიაშვილი უკაპიტნებს, რომელიც კლუბში "შავი ლომიდან" ამ თამაშებისთვის გაუშვეს:

„მზადების პროცესში ბოლო მომენტში ჩავერთე. როგორც ყოველთვის, ლევან ობოლაძის ხელმძღვანელობით კარგი ვარჯიშები გვაქვს და ტურნირსაც ნორმალურ ფორმაში ვხვდებით. ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი მეტოქეები გვყავს და საინტერესო, რთული თამაშები გველის. პირადად ჩემთვის, ნებისმიერი 7-კაცას ტურნირი დიდი ზეიმია და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს მიტოვებს. აქ ბევრია სივრცე, რაც ინდივიდუალური უნარების დახვეწაში მეხმარება, რაც საკუთარი თავის რწმენას მმატებს და შემდგომში ეს 15-კაცა რაგბიზეც აისახება“.

თბილისის "აკადემია" სანქტ-პეტერბურგში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 1. გიორგი მიქანაძე, 2. გიორგი ჭუაძე, 3. ვანო ბერიკაშვილი, 4. სოსო მათიაშვილი (კაპ.), 5. კოტე ახობაძე, 6. იოანე ხელაია, 7. საბა ილურიძე, 8. თორნიკე ზოიძე, 9. მიხეილ ახობაძე, 10. კოტე იაშვილი, 11. სანდრო მარგიანი, 12. საბა დათიაშვილი.

რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში

"ა" ჯგუფი

ბალტრექსი (ლიეტუვა)

მიესნიკი (ლატვია)

ჰარუგვა (ბელარუსი)

ჟენევა (შვეიცარია)

"ბ" ჯგუფი

ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი)

ბერა ბერა (ესპანეთი)

გრან მილანი (იტალია)

დუკლა (ჩეხეთი)

"გ" ჯგუფი

ზასტავა-7 (რუსეთი)

პოზნანია (პოლონეთი)

სამურაი (ინგლისი)

აკადემია (საქართველო)

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული