ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის "ენისეის" 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება.
1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე თამაშობდა ჩელენჯ ქაფზე და დამარცხებული ჰყავს ისეთი გუნდები, როგორებიც "ბრივი", "ნიუკასლი", "ვუსტერი" და "‘ნიუპორტი" არიან.
რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ორ მატჩში "ენისეიმ" რუსულ დერბიში სექტემბერში ორჯერ
"შავი ლომი" ტურნირში 10 დღის წინ ჩაერთო და ჯერ ავჭალაზე "ჰითი" დაამარცხა ბონუსით – 33:10, მერე პენზაში მოუგო "ლოკომოტივს" (27:11) და 10 ქულით მეორე ადგილზეა.
განვლილი შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:
"კმაყოფილი ვარ, რადგან გასვლით შეხვედრაში დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, გვქონდა პრობლემები, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი - ეს არის ქარი და მძიმე მოედანი, რომელმაც თამაშს თავისი ხელი დაატყო და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები. მსაჯზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რეალურად ამან წნეხის ქვეშ მოგვაქცია. აქ პოზიტივი ისაა, რომ მოთამაშეები ასეთ პირობებში თამაშსაც უნდა მიეჩვიონ. ჩვენი მოთამაშეების ნაწილს დებიუტი ჰქონდა საერთაშორისო არენაზე და ამ კუთხითაც კარგი პრაქტიკა გავიარეთ. გვქონდა ვიდეოანალიზი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცდომები მომავალი მატჩისთვის დაფიქსირებული გვექნება".
"ლოკომოტივ-პენზასთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი შინ დაბრუნდა, კვირას დაისვენა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო, გუშინ და დღეს კი სრულფასოვანი ვარჯიშები ჩატარდა. ხუთშაბათს ბიჭებს კვლავ დასვენების დღე ექნებათ, პარასკევს კი სოჭში მიემგზავრებიან.
"ენისეი", როგორც შემადგენლობით, ასევე თამაშის სტილით, ფაქტობრივად, რუსეთის ნაკრებია, გაძლიერებული სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებით. ამ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს, თავდაჯერებული და შეთამაშებულია. სოჭში იოლი გასეირნება არ გველოდება. 9 და 10 ნომრები ფეხით კარგად თამაშობენ, რაც ახალი წესების გათვალისწინებით, ყურადსაღებია. ვეცდებით, მაქსიმალურად შევზღუდოთ მეტოქე და მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და გავიმარჯვოთ" – ამბობს მაისაშვილი.
წყარო: rugby.ge
"შავი ლომის" ხუთქულიანი ნახტომი პენზაში [VIDEO]
5 ცვლილება სასტარტოში - "შავი ლომი" რუსეთშიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს