დაჯილდოებების სერია და სიურპრიზები დიდი 10-ის ფინალზე

AutoSharing Option
2021/22 წლების სეზონის დიდი 10-ის ფინალი ნამდვილ ზეიმად იქცა. გარდა გამარჯვებული "ბათუმისა", რაგბის კავშირმა ახმეტის ჭაბუკთა გუნდი "თუშები" დააჯილდოვა, მოულოდნელი სიურპრიზებით კი ტელეკომენტატორი თემურ ჯაფარიძე და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გაახარა.

დაჯილდოების პირველი ეტაპი შესვენებისას გაიმართა. „დინამო არენაზე“ ალვანელი მორაგბეები გავიდნენ, რომლებმაც მაისში ბელგიაში, ქალაქ ტურნაუტში 18-წლამდელთა 7-კაცას საერთაშორისო ტურნირი მოიგეს. "თუშებს" საჩუქრები ვეტერანმა "ბორჯღალოსნებმა" – გია ლაბაძემ და გიორგი ნემსაძემ გადასცეს.

„ეს იყო დაუვიწყარი დღე და ემოციები როგორც ბიჭებისთვის, ასევე ჩემთვის. ჯერ „დინამო არენის“ გვირაბში გამოსვლა იყო ეფექტური
და მერე ის, რომ ისეთი ბუმბერაზი ადამიანები დაგვხვდნენ, როგორებიც გიორგი ნემსაძე და გია ლაბაძე არიან. მადლობა რაგბის კავშირს ამ პატივისთვის. ახმეტის რაგბის ისტორიაში გუშინდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო“ – განაცხადა "თუშების" მთავარმა მწვრთნელმა სოსო მიქელაძემ.

ამის შემდეგ მოედანზე ვეტერან მორაგბეს და ტელეკომენტატორ თემურ ჯაფარიძეს უხმეს, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და ვეტერანმა მორაგბემ ზურაბ ხარშილაძემ ქართული რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის "ბორჯღალოსნების" სრული ეკიპირება გადასცეს.

78 წლის თემურ ჯაფარიძე თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში". ადრეულ ასაკში ტრავმის მიღების შემდეგ მან სპორტის საყვარელი სახეობა ვერ მიატოვა და რაგბიში სხვადასხვა ფორმით დარჩა. 1969-74 წლებში იყო "ლოკომოტივის" მენეჯერი, 1970 წლიდან რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, 1971 წელს კი პირველად წაიყვანა რაგბის რეპორტაჟი. ამ საქმეს 45 წლის განმავლობაში ემსახურა.

თემურ ჯაფარიძე არის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი და სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ასევე გადაეცა კოტე მახარაძის სახელობის პრემია.

„ბატონი თემურის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში განუზომლად დიდია. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი, ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა სპორტის ამ სახეობას. "ლოკომოტივში" თამაშისას ბატონმა თემურმა ადრეულ ასაკშივე მიიღო ტრავმა, თუმცა რაგბიში დარჩა და მოედანს მიღმა, სატელევიზიო თუ რადიორეპორტაჟებით რაგბი გააცნო და შეაყვარა უამრავ ადამიანს“.

„თემურ ჯაფარიძე ყველას ახსოვს ტელევიზიიდან, თუმცა ბევრმა ალბათ არ იცის, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მან მსაჯობას მიჰყო ხელი, 1970 წლიდან გახდა რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი და სულ ცოტა ხნის წინაც იმსაჯა ქართველი და ნიდერლანდელი ვეტერანების მატჩი“.

„ბატონი თემური პირველ სარაგბო რეპორტაჟს 1971 წელს წარუძღვა და მას შემდეგ ტელე-კომენტატორის რანგში 45 წელი ემსახურებოდა რაგბის. მისი დამსახურებით ქართულ სატელევიზიო სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა რაგბის რეპორტაჟები და 2003 წელს, როდესაც საქართველომ რუსეთის დამარცხებით პირველად მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური, სწორედ თემურ ჯაფარიძე იჯდა კომენტატორის ჯიხურში; 2004 წლის შემდეგ კი რაგბი ერთადერთი სპორტის სახეობა იყო, რომელიც თემურ ჯაფარიძეს მიჰყავდა“.

„შეუძლებელია ადამიანს არ დაუფასო ასეთი ამაგი და რაგბისადმი ერთგულება! ჩემთვის, როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტისთვის და უბრალოდ რიგითი გულშემატკივრისთვის, დიდი პატივია, ბატონ თემურს გადავცე ეს მოკრძალებული საჩუქარი. მე მას მთელი გულით ვუსურვებ ჯანმრთელობას. ერთად გვეხაროს ქართული რაგბის წარმატებით და ერთად გვეზეიმოს ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ექვს ერში!“ – თქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

მატჩის შემდეგ

მადლობები და დაჯილდოებები ფინალური სასტვენის შემდეგ გაგრძელდა. სანამ კუთვნილ მედლებს და თასს გუნდები მიიღებდნენ, იოსებ ტყემალაძემ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის ფინალური შეხვედრების მომსახურე მსაჯებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ამის შემდეგ დღის მთავარი სიურპრიზის დრო დადგა. იოსებ ტყემალაძემ საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გვერდზე გაიხმო, ნელ-ნელა მოედნის კიდისკენ წაიყვანა, იქ კი რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველმა ნიკა ალავიძემ აწ უკვე ექვსი ერის მსაჯისთვის განკუთვნილი საჩუქარი – BMW-ს ელექტრომობილი შემოიყვანა…

მოულოდნელობისგან გამოწვეული ემოციების გამო ნიკამ საკუთარი განცდები მეორე დღეს გაგვიზიარა:

„ეს ისეთი საჩუქარი იყო, რომ სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდა და ემოციაც შესაბამისი იყო. საკმაოდ მძიმე ფინალი გამოვიდა, ემოციურად დახარჯული ვიყავი და ასეთი სიურპრიზი რომ დამხვდა, საერთოდ დავკარგე მეტყველების და აზროვნების უნარი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამაში იყო ჩართული. პირადად ბატონ იოსებ ტყემალაძეს, რომლისგანაც მოდიოდა ეს ინიციატივა და მას მხარი აუბეს ნიკოლოზ ალავიძემ, ბაჩო ხურციძემ, თორნიკე გოგებაშვილმა და მთლიანად რაგბის კავშირმა“.

„ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ იმ ახალგაზრდა მსაჯების თაობის მიმართ მიძღვნილი საჩუქარი, რომლებიც მძიმე სამუშაოს ეწევიან, მუდმივ წნეხში არიან და მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა ჩემპიონატი და საერთაშორისო მოვალეობები პროფესიონალურად გამართული იყოს. კიდევ ერთხელ მადლობა, ეს ჩემთვის არის უდიდესი მოტივაცია, რათა მაქსიმალურად დიდხანს დავრჩე უმაღლეს დონეზე და კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვუტანო ქართულ რაგბის საერთაშორისო ასპარეზზე“.

„რაც შეეხება ფინალს, ორგანიზება და მუხტი იყო შესანიშნავი, რისთვისაც ცალკე ეკუთვნის შექება რაგბის კავშირს. ფინალი ყოველთვის დაძაბულია. ქართულ რაგბის მუდმივად სჭირდება ასეთი გარემო, არა მხოლოდ ფინალურ მატჩზე, არამედ ყველა შეხვედრაში. მოთამაშეები სწორედ ასეთ წნეხში იწრთობიან, რაც შემდგომში იწვევს უფრო მაღალი დონის თამაშის ჩვენებას. ჩვენ დავინახეთ, რომ ემოციურობის და დაძაბულობის ფონზე, ფინალი არ იყო გახსნილი. შიდა ჩემპიონატის პროდუქტიულობის გასაზრდელად საჭიროა, რომ ასეთი წნეხი შეიქმნას ყველა თამაშზე. აი, იქ რომ დავიწყებთ ემოციების გაკონტროლებას, მაშინ მოხდება ქართული რაგბის ფუნდამენტური წინსვლა“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
Cina ori komentaris avtorebs... Principshi araferi, ra azri aqvs tqmas, isedac gasagebia ... )))
Rugby
22:03 11-06-2022
0
იბერია გეთხმები რატომ ქვია ამას სპორტი ვრრ ხვდები მართლა იმ სპორტის დედაც ვატირე წინ პასი არ შეგიძლია ბევრი რამეა დასახვეწი ამ სპორტში
სიმართლე
15:21 09-06-2022
6

სიახლეები პოპულარული