საქართველოს 7-ქალას მე-7 ადგილი ზაგრებში

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ზაგრებში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ექვსიდან სამი თამაში მოიგო, ორში დასანანი მარცხი განიცადა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

წინა წლებთან შედარებით, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი უკეთესი იყო და რომ არა უიღბლობა, გოგონები მოწინავე ოთხეულში შევიდოდნენ.

შაბათს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და საქართველოს 7-ქალამ ორი გამარჯვება მოიპოვა. მათი პირველი მეტოქე უნგრეთი იყო. მე-2 წუთზე ლიკა ხუფენიამ ხაზი გაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. შესვენებამდე სალომე საღარაძემ მეტოქე ცრუ მოძრაობაზე გამოიჭირა და მეორე ლელო გაიტანა –
10:0.

მეორე ტაიმში მოედანზე 6 წუთით კაცნაკლული დავრჩით და უნგრეთმაც სწრაფად შეძლო მეტობის გამოყენება, ორი ლელო და ერთი გარდასახვა გაიტანა და ანგარიშში დაწინაურდა. გოგონებმა შეძლეს ხასიათის ჩვენება, მანონი საღარაძემ მეტოქეს შეცდომა არ აპატია და 70-მეტრიანი გარღვევა ლელოთი დაასრულა, ბოლო წუთზე კი, 1-წუთიანი ბურთაობის შემდეგ, მარჯვენა ფრთაზე ხაზი გაიჭრა და მეოთხე ლელოთი საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 20:12.

მეორე თამაში ინგლისთან გვქონდა, რომელიც „ალაფის“ უპირობო ფავორიტია, ყველა თამაში მშრალად და დიდი სხვაობით მოიგო, მათ შორის, საქართველოსთან - 52:0.

ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში მოლდოვასთან გვქონდა და აქაც დაძაბული ბრძოლა გაიმართა. აგრესიული დაცვით გოგონებმა მეტოქეს შეცდომა დააშვებინეს და სალომე საღარაძემ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის შუაში კი კონტრშეტევას მანონი საღარაძე მიჰყვა და ლიკა ხუფენიას ოფლოუდის შემდეგ მეორე ლელო გაიტანა. საქართველომ მეტოქე 10:0 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

მეოთხედფინალში მეტოქედ „გ“ ჯგუფის გამარჯვებული პორტუგალია გვერგო. შეხვედრის დებიუტშივე დაგვიშავდა გუნდის კაპიტანი ნათია გავაშელი. მეტოქეებმა 3-3 ლელო გაიტანეს, მაგრამ პორტუგალიამ ორი გარდასახა, ჩვენ ერთი და მეტოქემ 19:17 იმარჯვა.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში ჩვენი 7-ქალა გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე გაშვებული ლელოს გამო 10:14 ჩამორჩა. გაწითლებულ დროზე საქართველო უტევდა, როდესაც ჩვენ სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა, თუმცა მსაჯმა თამაში დაამთავრა.

მე-7 ადგილისთვის გოგონებმა ნორვეგიას უშანსოდ სძლიეს. მათ 6 ლელო გაიტანეს, სამი გარდასახეს და 36:7 იმარჯვეს. ერთი კვირის თავზე 7-ქალა უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც 17-18 ივნისს ბუდაპეშტში, „ალაფის“ მეორე ეტაპი გაიმართება და მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის თქმით, იქ გუნდი უკეთესი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის პირველ, ზაგრების ეტაპზე

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), სალომე საღარაძე (ხობი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული