7-კაცა | მსოფლიო თასის შესარჩევში გაძლიერებული შემადგენლობით

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 16-17 ივლისს 2022 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო თასის (რაგბი7-ში) შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ბუქარესტი (რუმინეთი) უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა, ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ, რაგბი ევროპის ეტაპებისგან განსხვავებული შემადგენლობა დაასახელეს. გიორგი ბაბუნაშვილის გარდა, "შავი ლომიდან" 7-კაცას იოსებ გუშარაშვილი, გურამ ქანდაურაშვილი, თენგიზ პერანიძე და ოთარ ლაშხი დაემატნენ, ასევე - გიორგი ჭუაძე "აკადემიიდან" და თემო ჭიჭინაძე "ყოჩებიდან".

რაგბი ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს და ბუქარესტშიც მიდიან ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ნიკოლოზ გიგაური, ლადო მიმინოშვილი, ირაკლი სიმსივე და თემურ კოხოძე.

რუმინეთში მსოფლიო
თასის ოთხი საგზურისთვის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო "გ" ჯგუფში უელსთან, გერმანიასთან და მასპინძელ რუმინეთთან ითამაშებს; "ა" ჯგუფში ირლანდია, იტალია, პორტუგალია და პოლონეთი მოხვდნენ, ხოლო "ბ" ჯგუფში - ესპანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ჩეხეთი.

შესარჩევ ტურნირს საქართველო გერმანიასთან მატჩით 16 ივლისს, 13:30 საათზე ხსნის და იმავე დღეს უელსს 20:52 საათზე ეთამაშება. მეორე დღეც საქართველოს შეხვედრით იწყება, ამჯერად მასპინძელ რუმინეთთან ასევე 13:30 საათზე. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, ვის და რომელ საათზე ეთამაშება საქართველო პლეი-ოფში.

საქართველოს 7-კაცა 2022 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე:
იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), გურამ ქანდაურაშვილი (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლადო მიმინოშვილი (არმია), ირაკლი სიმსივე (აია), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ოთარ ლაშხი (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებთ!
Guja Kakhadze
22:11 15-07-2022
0

სიახლეები პოპულარული