საქმიანი ვიზიტით საფრანგეთში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია საფრანგეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციაში არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, "ბორჯღალოსნების" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტის მრჩეველი კლოდ სორელი, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, 7-კაცას მწვრთნელი და ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი, ვეტერანი ბორჯღალოსანი გია ლაბაძე.

მათ საქმიანი შეხვედრა გამართეს საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან, მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ ბერნარდ ლაპორტთან და საფრანგეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტ
კრისტიან დულინთან.

ამ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მეგობრობა და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო როგორც საფრანგეთის რაგბის ფედერაციასთან, ასევე მსოფლიო რაგბისთან და რაგბი ევროპასთან მომავალ თანამშრომლობას, გაცვლით პროგრამებს, არსებული კავშირების გაღრმავებას და ახალი ტიპის ურთიერთობების დაწყებას, როგორც სანაკრებო ვერტიკალის, ასევე საკლუბო და ბავშვთა რაგბის მიმართულებით.

ლაპორტმა და დულინმა ქართულ დელეგაციას საფრანგეთის ნაკრების ბაზა, „მარკუსი“ დაათვალიერებინეს, რომელიც ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონის და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი გუნდის მოსამზადებელი ცენტრია. ეს გამოცდილება ქართულ რაგბის ახალი სარაგბო ბაზების პროექტირებაში დაეხმარება. სწორედ ამ ბაზაზე დაიდებს ბინას ვეტერანი მორაგბის, გია ჯაფარიძის ნახატი, რომელიც იოსებ ტყემალაძემ ბერნარდ ლაპორტს გადასცა.

ქართული და ფრანგული რაგბის მეგობრობა წლებია გრძელდება და ეს ვიზიტი ამ მეგობრობის გამყარების ნაწილია. ამაში ლომის წილი ქართველ ბორჯღალოსნებს მიუძღვით, რომლებიც ორ ათეულ წელიწადზე მეტია წარმატებით გამოდიან ფრანგულ კლუბებში და ასახელებენ ქართულ რაგბის, რასაც უმაღლეს დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება მოჰყვა.

ამ მეგობრობის შედეგად, შარშან, ნოემბერში, ფრანგებმა პირველად მიგვიწვიეს ტესტ-მატჩის გასამართად, ხარისხიანი და ნაყოფიერი თამაშის პარალელურად კი უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი იყვნენ ჩართული. ქართული დელეგაციის ამჟამინდელი ვიზიტი სწორედ შარშან დაწყებული საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებაა, რაც არაერთ მიმართულებას მოიცავს.

გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები ოფიციალური ტურნირებისთვის მომზადების ეგიდით ხშირად სტუმრობს საფრანგეთს, ჩვენი 18-წლამდელები კი ამ წუთებშიც საფრანგეთში იმყოფებიან და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო თასს საფრანგეთი მასპინძლობს, სადაც "ბორჯღალოსნები"
"გ" ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ითამაშებს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახატი :))
ანდრი
10:30 01-09-2022
0

სიახლეები პოპულარული