კიდევ ხუთი ქართველი ინგლისში

AutoSharing Option
ინგლისურ კოლეჯებთან შარშან დაწყებული მეგობრობა წელსაც გრძელდება და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში კიდევ ხუთი ახალგაზრდა, 2007 წელს დაბადებული მორაგბე გაემგზავრა.

პირველი გამოცდილება

შარშან ინგლისში 2006 წელს დაბადებული სამი მორაგბე გაემგზავრა. გიგი სირბილაძემ და ლევიკო სალდაძემ სქარბოროუს კოლეჯში 4-4 თვე გაატარეს, გიორგი ტურაშვილი კი "იფსვიჩში" ორი წლით ჩავიდა და იქ კიდევ ერთ წელს დაყოფს. მათ ბრიტანული გამოცდილება უკვე მოახმარეს "უმცროს ბორჯღალოსნებს" (18 წ.).

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან დამეხმარა. დავხვეწე პასის
ტექნიკა და მივეჩვიე თავისუფალ თამაშს. სწავლის პროცესში მყავს პირადი მწვრთნელები, რომლებთანაც მაქვს ერთი-ერთზე სესიები. მე, როგორც ბურჯს, მაქვს შესაძლებლობა, შევხვდე როგორც პირველი ხაზის, ასევე მეორე და მესამე ხაზის მწვრთნელებს, რომლებიც მამუშავებენ ბოჭვაზე, პასზე, შერკინებაზე და ა.შ. ინგლისში ამ ასაკში ინდივიდუალურ განვითარებაზე დიდი აქცენტი კეთდება, წნეხის გარეშე თამაშობ და ეს განვითარებაში ძალიან გეხმარება“.

„გარდა ამისა, ვსწავლობ ბიზნესის მართვას და სპორტულ ანატომიას, რაც რაგბის თამაშში ასევე მეხმარება, რადგან რაგბი ძალისმიერი ჭადრაკია და ცოდნის გაღრმავება სწრაფად აზროვნებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება. გარდა ამისა, ეს ცოდნა ცხოვრებაშიც გამომადგება“.

„იმ ბიჭებს, რომლებიც ინგლისში ახლა წავიდნენ, ვურჩევ, რომ ყველანაირი წნეხი მოიხსნან, ვარჯიშსა თუ თამაშში მაქსიმუმი ჩადონ და თავდადება აუცილებლად დაუფასდებათ“ – გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას გიორგი ტურაშვილი.

„ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება, რომელმაც არა მხოლოდ სპორტული, პიროვნული კუთხითაც განმავითარა. როდესაც უცხო ქვეყანაში მარტოს გიწევს ცხოვრება, იძულებული ხარ, გადაწყვეტილებები შენ თვითონ მიიღო, ბევრი ილაპარაკო და ეს ძალიან გზრდის, დამოუკიდებლად ცხოვრებას ეჩვევი. ეს ოთხი თვე სუფთა სპორტული კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ინგლისში ბევრად უფრო სწრაფ, ტექნიკურ და ძალისმიერ რაგბის თამაშობენ. ეს გეხმარება გამოცდილების დაგროვებაში, რომელი გამოცდილებაც შემდგომში აუცილებლად გამოგადგება“ – აღნიშნავს გიგი სირბილაძე.

Sportall.Ge

ახალი ნაკადი

წელს სქარბოროუს კოლეჯში 4-4 თვით გაემგზავრნენ ქუთაისის "აიას" ფრთა გიორგი მუშკუდიანი და "ბათუმის" მგეზავი მათე მახარაძე, ხოლო ცენტრი დემეტრე დევდარიანი (აკადემია), მესამეხაზელი ანდრია ბილანიშვილი (აკადემია) და ბურჯი გუგა ჩაჩავა (ბათუმი), სენტ-მერის კოლეჯში ორ-ორი წლით ისწავლიან.

17 წლის დემეტრე დევდარიანი ცნობილი ქართველი საფეხბურთო მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის შვილია, რომელიც წარმატებით წვრთნიდა ქართულ კლუბებს და ახალგაზრდულ ნაკრებებს. დემეტრეც თავიდან ფეხბურთზე დადიოდა, თუმცა საკუთარი პოტენციალი რაგბიში აღმოაჩინა:

„დიდი ხნის განმავლობაში ვიარე ფეხბურთზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის ჩემი მოწოდება არ იყო. მამაჩემმაც მირჩია, რომ არჩევანი სპორტის სხვა სახეობაზე გამეკეთებინა. პარალელურად წმინდა გიორგის სკოლაში ვსწავლობდი, სადაც რაგბის გაკვეთილები ტარდებოდა და სპორტის მასწავლებელმა ვანო გაბრიაძემ მირჩია, თამაში ამ სკოლის გუნდში, "მერანში" დამეწყო. მას შემდეგ რაგბიზე გადავერთე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე“ – იხსენებს დემეტრე დევდარიანი, რომელიც სენტ-მერის კოლეჯში ანდრია ბილანიშვილთან და გუგა ჩაჩავასთან ერთად 30 აგვისტოს ჩავიდა:

„ინგლისში პარასკევს ჩამოვედით და შაბათს უკვე თამაშები გვქონდა. ფესტივალივით იყო და 4 შეხვედრა ჩავატარეთ. ნამგზავრებმა დავიძინეთ და რომ გავიღვიძეთ, უკვე მოედანზე ვიყავით. ამიტომ თავი საუკეთესოდ ვერ წარმოვაჩინეთ. თანაც პირადად მე მთელი ბავშვობა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდი, აქ კი ბუნებრივზე ვითამაშეთ და კუნთები დაგვეჭიმა, მაგრამ მალე გავივლით ადაპტაციას. რაც მთავარია, აქ ყველა ძალიან კარგად დაგვხვდა და ყველაფერში გვეხმარებიან“.

„ჩემთვის დიდი პატივია, ამ პროგრამის ნაწილი რომ გავხდი. იმედია, ის დიდხანს გაგრძელდება და სხვებსაც მიეცემათ ამ გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. რაც ერთმა სათამაშო დღემ დამანახა, თამაშის ტემპი არის ძალიან მაღალი. ბურთი თითქმის არ ჩერდება. ასევე მაღალ დონეზე აქვთ ტექნიკა. მოთამაშე შეიძლება ფიზიკურად არ იყოს ძლიერი, მაგრამ კონტაქტში შესვლის შემდეგ, ტექნიკის ხარჯზე მაინც ახერხებს მეტრების მოგებას. აღარაფერს ვამბობ პასის და ხელის ტექნიკაზე“.

„ასევე ვირჩევთ მიმართულებას, რომელი განხრითაც სწავლას გავაგრძელებთ და ესეც საინტერესო გამოცდილება იქნება. შევიძინეთ მეგობრები, რომლებიც ინგლისურად ძალიან სწრაფად საუბრობენ და ჯერჯერობით ყველაფრის გაგება მიჭირს, მაგრამ აუცილებლად შევეჩვევი. მთელ დღეს, ფაქტობრივად, ერთად ვატარებთ, ოთახში მხოლოდ დასაძინებლად თუ ავდივართ. ეს განვითარებაში აუცილებლად დაგვეხმარება“.

სქარბოროუს კოლეჯის გუნდში ერთი თამაში უკვე ჩაატარეს გიორგი მუშკუდიანმა და მათე მახარაძემ. ფრთა მუშკუდიანმა სადებიუტო შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, შრომა რომ დამიფასდა და სქარბოროუს კოლეჯში მოვხვდი. აქ ყოფნა მასწავლის დამოუკიდებელ ცხოვრებას და რა თქმა უნდა, განმავითარებს რაგბის კუთხით. ჩამოსვლისთანავე გვქონდა თამაში, სადაც მეც და მათემაც თავი კარგად წარმოვაჩინეთ. ასევე გვაჩვენეს გიგი სირბილაძისა და ლევიკო სალდაძის ფოტოები და ვიდეოები. ორი მათგანი ძალიან კარგად დაახასიათეს. ამ დღეებში მე და მათეს გიგისთან და ლევიკოსთან გვექნება ჩართვა. ისინი გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ჩვენთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ“.

პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და კიდევ არაერთ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეს ექნება გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველების მასპინძლობის სურვილი კიდევ არაერთ ბრიტანულ სკოლას თუ კოლეჯს აქვს.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი.რაც მეტი ახალგაზრდა მიიღებს სარაგბო სკოლის საერთაშორისო გაკვეთილებს,მით უკეთესი მომავალში ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის
BOSS
20:22 04-09-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული