წელს ტურნირი განსხვავებული სისტემით ჩატარდა. თასისთვის სულ სამი გუნდი იბრძოდა, რომლებმაც ორ წრედ (შინ და გარეთ) ითამაშეს. "შავმა ლომმა" ოთხივე შეხვედრა ბონუს-ქულით მოიგო და ჯამში 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ამას თან ახლდა რეკორდები. პირველ ტურში ესპანურ "იბერიანსს" ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით ვძლიეთ (54:3, შინ 47:21); მესამე ტურში "ლუზიტანუში" ლისაბონში დავამარცხეთ (38:14), თუმცა სამიოდე კვირაში მასთან სარეკორდო მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ – 36:0.
რაგბი ევროპის სუპერთასი
"ლუზიტანუში" პირველად ჩამოვიდა თბილისში და თავიდანვე წნეხში მოექცა. დებიუტში ჯარიმები კარში არ დავარტყით, მეტოქეს ფორვარდებით მივეძალეთ, საიდანაც ბურთი ხაზზე გავიდა, ლუკა მატკავამ სივრცე შენიშნა, მცველს შემოურბინა და ლელო-გარდასახვით ანგარიში გახსნა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად ტემპი დაეცა და მასპინძლები ეპიზოდურად ახერხებდნენ გულშემატკივრის ლამაზი შეტევებით გახარებას.
მე-18 წუთზე მეორე ლელო უნდა გასულიყო. თენგიზ პერანიძემ თავისი ნახევრიდან შერკინების შემდეგ შეუტია და მარცხენა ფრთაზე ბურთი სანდრო თოდუას გააყოლა, რომელმაც პირველი მბოჭავი მძლავრი კონტაქტით ჩამოიშორა და ბურთი პერანიძეს დაუბრუნა, თუმცა მან მისი შემაგრება ვერ მოახერხა.
24-ე წუთზე დერეფნიდან მძლავრი მოლი დავაყენეთ, რომელმაც სწრაფად დაფარა 7-8 მეტრი და ლელო გიორგი სინაურიძემ გაიტანა. მომდევნო ეპიზოდში მოლის შემდეგ ბურთი მოკლე ფრთაზე პერანიძეზე გავიდა და მან თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე მოლი უკვე მარცხენა ფრთაზე ავაგორეთ და მისი განზრახ ჩაქცევისთვის "ლუზიტანუში" საჯარიმო ლელოთი დაისაჯა – 24:0.
მეორე ტაიმში ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მხოლოდ ორი ლელო გავიდა. 59-ე წუთზე მეტოქეს მისსავე ლელოს სიახლოვეს წნეხი დავადეთ, რასაც ფეხით მოგერიებისას შეცდომა მოყვა. ოვალს პერანიძე დაეუფლა, სუფთად გაჭრა ხაზი და გუნდის მეხუთე ლელო მიითვალა. 64-ე წუთზე შეტევაში ტემპს ვუმატეთ და უმალ გაჩნდა სივრცეები, ხელდახელ ბურთაობით მარჯვენა ფრთაზე მეტობა გავითამაშეთ და აკა ტაბუცაძის კარგი პასის შემდეგ ამირან შვანგირაძემ შეხვედრის ბოლო ლელო გაიტანა – 36:0.
ახლა "შავი ლომის" ბირთვი ნოემბრის სანაკრებო ტესტ-მატჩებზე გადაერთვება, დანარჩენები კი დიდი 10-ის კლუბებს გააძლიერებენ. ნომბრის ბოლოს გუნდი ისევ შეიკრიბება და ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონისთვის გააგრძელებს მზადებას, რომელიც დეკემბერში იწყება.
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024
A ჯგუფი. V ტური
12 ოქტომბერი. შაბათი.
თბილისი. ავჭალა.
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 36:0 (24:0)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.
6 ლელო: მატკავა, სინაურიძე, პერანიძე (3, 5), საჯარიმო, შვანგირაძე
2 გარდასახვა: მატკავა
1 სინბინი: ტაბუცაძე
Rugby.ge