7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მესამე ეტაპისთვის ბრძოლას განაგრძობს. პირველი ეტაპის მე-11 ადგილზე დასრულების შემდეგ, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები, მეორე ეტაპზე მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავიდნენ და 8 საუკეთესოს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

მეორე ეტაპს პირველის მსგავსად სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი მასპინძლობს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველო მადაგასკარს შეხვდა, რომელმაც ერთი კვირის წინ მე-6 ადგილი დაიკავა და ის 27:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფრთებზე ლელოები ვაჟა მიქაძემ და ირაკლი სიმსივემ გაიტანეს, მაგრამ ბოლო და გაწითლებულ წუთებზე ჩვენი შეცდომებით ორი საპასუხო
ლელო მივიღეთ და ორივე გარდასახვა ზუსტი იყო - 10:14. მეორე ტაიმში მესამე ლელო მივიღეთ და 9 ქულით ჩამოვრჩით, რასაც ქართველების გააქტიურება და გიორგი ჯობავას ლელო მოყვა. დასკვნით წუთებში საქართველო კიდევ უფრო გააქტიურდა, მეტოქე წნეხში მოაქცია და სერგი ჩხაიძემ ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:19 და მეტოქემ ბონუს-ქულაც ვერ აიღო.

მეორე თამაში აქილევსის ქუსლად ქცეულ გერმანიასთან გვქონდა. მატჩის დებიუტში გერმანია გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რაზეც სოსო მათიაშვილმა კარგი კონტრშეტევით და ასევე 7 ქულით უპასუხა. მეტოქემ ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა, თუმცა საბა არჩვაძემ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით თამაშში დაგვაბრუნა. მაგრამ ბოლო შეტევისას ბურთი ვერ დავიმორჩილეთ, 14:21 ჩამოვრჩით და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დავჯერდით.

ჯგუფის ბოლო მატჩში მადაგასკარს გერმანია რომ დაემარცხებინა, თასის ნახევარფინალში თამაშის შანსი გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში ტონგას შევხვდებით. მეორე ნახევარფინალში ჩილე სამოას შეხვდება.

შეგახსენებთ, მესამე ეტაპზე პირველი ორი ეტაპის ჯამში 8 საუკეთესო გუნდი გადის და მათ შორის მოსახვედრად საქართველოს ტონგას დამარცხება და მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებს.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე თამაშობენ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავაგეთ ტონგასთან 12-26. მეშვიდე ადგილისთვის ვხვდებით ჩილეს. რომც მოვიგოთ, მგონი, 8 საუკეთეოსში ვერ ხვდებით, რომ მესამე ეტაპზე დაგვიშვან. ანუ მსოფლიოს თასის სერიაზე მოსახვედრათ ჩასატარებელ შესარჩევ ტურნირზეც კი ვერ ვხდებით. მოკლედ შვიდკაცაში მაგრად ჩამოვრჩებით და არც არავინ ამბობს, თუ რა არის ამის მიზეზი და როგორ გამოვასწოროთ. აქ, მეორე კი არა, მესამე დონის ქვეყნებშიც კი არ ვართ მოწინავე
ირაკლი
17:33 08-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული