"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", ისევე, როგორც შარშან, მანჩესტერში გამართულ ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. უკვე ცნობილია მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მეტოქეებიც. ესენია: სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია.
ირლანდიელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვება რეალურად შეეძლო. პირველი ტაიმი მოვიგეთ კიდეც - 10:7. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მორაგბეებს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლიათ. ირლანდიელებს, განსაკუთრებით, მატჩის დასკვნით 10 წუთში, მსაჯმაც "წაუკრა ხელი".
"უმცროსმა" ბორჯღალოსნებმა" ორი
31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა. მასში მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით კი, თედო აბჟანდაძის შესანიშნავი გადაცემებია გამოსარჩევი. ლელოში პირველხაზელმა გურამ გოგიჩაშვილმა შეაღწია. ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ გარდასახა.
მეორე ლელო უკვე თვითონ აფრასიძემ გაიტანა. მან მოედნის საკუთარი ნახევრიდან სამოცი მეტრი ირბინა, გზად სამი მეტოქე გააცურა და ლელოში შეაღწია.
ბოლო დღის კულმინაცია, ცხადია, ფინალური მატჩი იყო, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდია და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ინგლისი დაუპირისპირდნენ. "ბეიბი ბლექსმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და დიდი ანგარიშით, 64:17 დაამარცხა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქომაგების საპატივცემულოდ საბრძოლო ცეკვა ჰაკა შეასრულა.
მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა საფრანგეთს 37:15 მოუგო. ყველასთვის მოულოდნელად, მეხუთე ადგილზე გავიდა შოტლანდიის გუნდი, რომელიც წლეულს ძალიან კარგი, საინტერესო მორაგბეებით იყო წარმოდგენილი. "უმცროსმა ნარშავებმა" მეხუთე ადგილისთვის მატჩში ავსტრალიას სძლიეს - 24:17.
მატჩის სტენოგრამა
მე-4 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
მე-7: არბიტრმა პირველი საჯარიმო დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ.
მე-20: ირლანდიელებმა იერიში მარჯვენა ფრთაზე წამოიწყეს, მერე ბურთი მარცხნივ გამოათამაშეს და ლელო ფულბეკმა ალან თინანმა გაიტანა. გარდასახვა მგეზავმა კონორ დინმა გაიტანა - 7:0
26-ე: მალე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. გელა აფრასიძემ ანგარიშში სხვაობა ოთხი ქულით შეამცირა - 3:7
31-ე: საქართველოს ნაკრებმა მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და პირველხაზელმა გურამ გოგიჩაშვილმა ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახა - 10:7.
45-ე: ირლანდიის ნაკრებმა მარცხენა ფრთაზე განავითარა იერიში და ლელო მესამეხაზელმა კირან დორისმა გაიტანა. დინმა გარდასახა - 14:10.
49-ე: ირლანდიელთა მორიგი სწრაფი იერიში და ამჯერად ჩვენს ჩათვლის მოედანში პაულ ბოილმა გაიტანა. დინი ისევე ზუსტი იყო გარდასახვისას - 21:10.
54-ე: აფრასიძემ ფენომენალური ლელო გაიტანა. მან მოედნის საკუთარი ნახევრიდან სამოცი მეტრი ირბინა, გზად სამი მეტოქე გააცურა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა თედო აბჟანდაძეს გაუცუდდა - 15:21
მე-60: მალე აფრასიძემ საჯარიმოდან სამ ქულამდე შეამცირა ანგარიში - 18:21
73-ე: ირლანდიელებმა საპასუხო საჯარიმო დაარტყეს. დინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:18.
მატჩის შემდეგ
ილია მაისურაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მეორე ტაიმი ჩვენმა მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ჩაატარა. თამაში ცუდად დავიწყეთ, შემდეგ დავლაგდით, პირველი ტაიმის ბოლოს მოვუმატეთ და გვინდოდა, მეორე ტაიმშიც უპირატესობა ჩვენი ყოფილიყო, თუმცა ისე მოხდა, რომ მათ ბურთი დიდი ხნის განმავლობაში დაიჭირეს და გადაწყობა ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი შეიძლება დაღლას და კონცენტრაციას დავაბრალოთ.
მცირე დეტალებზე მეტი ყურადღება რომ გაგვემახვილებინა, ალბათ, მოვიგებდით. ბურთს ფეხით ხშირად გვიკიდებდნენ და სწორედ ამან დაგვაზარალა ყველაზე მეტად. ჩვენი ძლიერი მხარე შერკინება იყო და ისიც მსაჯის გამო ვერ გამოვიყენეთ.
ვფიქრობ, გეგმა, რომელიც თავიდანვე დავისახეთ, შევასრულეთ. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩავატარებდით, რამდენიმე მორაგბეს ტრავმა ჰქონდა და იყო სხვა სახის პრობლემებიც. გვინდოდა, ელიტაში ადგილი შეგვენარჩუნებინა და ეს მიზანი მიღწეულია. ეს ის ტურნირია, სადაც ასპარეზობა ძალიან გვჭირდება. თაობა აქ უნდა გაიზარდოს, აქ უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.
ნაკრებში ორი წელიწადია ვმუშაობ. მსურს, მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში თავს არ ზოგავდა. იმათ, ვინც შემდეგ წელიწადს 20-წლამდელთა ნაკრებში აღარ იქნება, წარმატებას ვუსურვებ.
თუ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ჩვენს სამწვრთნელო შტაბთან მუშაობის გაგრძელება ისურვა, ჩვენ ისევ ასე გავაგრძელებთ. დავაკვირდებით, როგორი თაობა მოდის და იმის მიხედვით შევარჩევთ სათამაშო სქემას".
ილია სპანდერაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი:
"ახალგაზრდულ ნაკრებში დღეს ბოლოჯერ ვითამაშე და მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ბიჭებს კი, თავგანწირვისთვის. მათ ყველაფერი გაიღეს საქართველოსთვის. მადლობა მწვრთნელებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის. მადლობა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს - მათ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის თავი არ დაზოგეს.
ვერ ვიტყვი, რომ ირლანდია ჩვენზე ძლიერი გუნდია. ეს თამაში ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ. სადავო ეპიზოდების დროს მსაჯების უმეტესობა უპირატესობას ყოველთვის ძლიერს ანიჭებს. ასე მოხდა დღესაც. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა უპირატესობის მოცემა ჩვენთვის შეეძლო, თუმცა საპირისპიროდ მოიქცა. გამოუცდელი მსაჯი იყო და ამის ბრალიცაა".
მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
18 ივნისი
IX ადგილისთვის
საქართველო-ირლანდია 18:24
საქართველო: (15-9) მოდებაძე, სვიმონიშვილი, გავაშელიშვილი (წიკლაური 15), კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ჭავჭავაძე 70), გ.პაპიძე (ტაბიძე 50), ჯაიანი (ჯალაღონია 50), ჯიმშელეიშვილი, საღინაძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე.
2ლ: გოგიჩაშვილი, აფრასიძე. 2ს,გ - აფრასიძე
ირლანდია: (15-9) ტინანი, სილვესტერი, მალინი (ფროული 60), მაკგარტი (კონოლი 63), ნეში (კინი 6), დინი, სტაფორდი (სტიუარტი 44). (1-8) დუგანი (კონვეი 63), კელეჰერი, კონოლი, ვიჩერლი, დოულინგი, ფოლი (კომბესი 44), ბოილი, დორისი.
3ლ: თინანი, დორისი, ბოილი. 3გ,ს - დინი
მსაჯი: პაბლო დელუკა (არგენტინა)
XI ადგილისთვის
სამოა-არგენტინა 42:53
სამოა: 6ლ - პაისამი (2), ტენოტი, ენოკა, მური, მურეი. 6გ - ტიენი, პაისამი (5).
არგენტინა: 7ლ - დელგუი (2), რისონი (2), მალანოსი, ალბორნოსი, გონსაელსი. 6გ - ალბორნოსი. 2ს - ალბორნოსი.
VII ადგილისთვის
უელსი-იტალია 25:24
უელსი: 3ლ - ბრედბერი, კონბერი, ჯოუნზი. 2ს - რობინსონი, ჯოუნზი. 2გ - რობინსონი.
იტალია: 2ლ - სკიაბლი, დონოფრიო. 4ს,გ - რიზი
V ადგილისთვის
ავსტრალია-შოტლანდია 17:24
ავსტრალია: 2ლ,2გ,ს - გოდარდი
შოტლანდია: 3ლ - ნაირნი, შელი (2). 3გ,ს - ისთგეითი
III ადგილისთვის
სამ.აფრიკა-საფრანგეთი 37:15
სამ.აფრიკა: 5ლ - აუგუსტუსი, ბრიტსი, ფან ჰერდენი, გლობელარი. 3გ, 2ს - ლიბოკი.
საფრანგეთი: 2ლ - მაუვაკა, ქუიო. ს,გ - ქუიო.
ფინალი
ინგლისი-ახ.ზელანდია 17:64
ინგლისი: 3ლ - ირლი, მიტჩელი, ბეილსი. გ - მალინსი.
ახ.ზელანდია: 10ლ - აუმუა (3), იაკობსონი (2), პაპალიი, მაკეი, კრისტი, სტოუნზი, ვოლკერი.
საბოლოო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია, 2. ინგლისი, 3. სამ. აფრიკა, 4. საფრანგეთი, 5. შოტლანდია, 6. ავსტრალია, 7. უელსი, 8. იტალია, 9. ირლანდია, 10. საქართველო, 11. არგენტინა, 12. სამოა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"