ერთი ნაბიჯი ფინალამდე

AutoSharing Option

საქართველო-ზიმბაბვე 50:19
საქართველო (15-9) კობახიძე, ძნელაძე, ლოსაბერიძე (გაბროშვილი 62), მარგიანი (მჭედლიშვილი 65), გოგოლაშვილი, კვარაცხელია, ჯინაშვილი (ღამბაშიძე 41). (1-8) ჟვანია, ჩომახაშვილი (მატკავა 45), ჩილაჩავა (ნავროზაშვილი 72), ბიწაძე, მიქაუტაძე (ჟღენტი 65), თხილაიშვილი, ტყეშელიაძე, თხელიძე (ჩიკვილაძე 59)
7ლ: ჩილაჩავა (2), ლოსაბერიძე, ტყეშელიაძე (2), ძნელაძე, ბიწაძე. 6გ,ს: კობახიძე.
ზიმბაბვე (15-9) ტშუმა, ქოულზი, კუცია, ფან რესენბერგი, ჩივანზა, ნელსონი (ლინფილდი 65), ჯიჯი. (1-8) ბრაის-როჯერსი, კარურუ, მუზა (სიბანდა 29), ჯარავაზა, ლოგანი, მანდივანზა, ჩიკაკა, მამა.
2ლ: ქოულზი, ჩივანზა. 2ს,ა: ნელსონი
მსაჯი: ხოაკინ მონტესი (ურუგვაი)

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს
ახალგაზრდულ ალაფზე" მეორე გამარჯვება მოიპოვა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებიც B ჯგუფში ასპარზობენ ზიმბაბვეს ნაკრებს შვიდი ლელო გაუტანეს და 50:19 დაამარცხეს.

თამაში ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავად დაიწყეს და პირველივე შეტევაში, მატჩის მე-2 წუთზე ლელო გაიტანეს. საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მეტოქის სასარგებლოდ დანიშნული შერკინება მოვიგეთ და საკმაოდ სწრაფი, მრავალფაზიანი იერიში წამოვიწყეთ. ძალიან კარგად გაისარჯნენ მორკინალები, ჯერ ზურაბ ჟვანიამ გაჭრა მეტოქის ხაზი, ამას მეორეხაზელი კნსტანტინე მიქაუტაძე წამოეშველა, მორიგი მოკლე დრტყმით შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ზიმბაბველთა 22-მეტრიან ზონაში შეაღწია. მერე ცხრა ნომერმა რამაზ ჯინაშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც გუნდის კაპიტანმა, შუამარბმა დავით ლოსაბაერიძემ გაილაღა და ანგარიში გახსნა, ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახა - 7:0.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამის შემდეგ თითქმის ოცი წუთის მანძილზე თამაში ვეღარ დაალაგა. ალბათ, ბიჭებზე სწრაფად, თამაშის დასაწყისშივე გატანილმა ლელომ იმოქმედა, როგორც ჩანს, ირწმუნეს, რომ მატჩის იოლად მოგება შეიძლებოდა. თანაც, რამდენჯერმე სცადეს ხელდახელ, ლაღად ებურთავათ. სწორედ ამის მცდელობისას დაუშვეს რამდენიმე შეცდომა.

ზიმბაბვეს ნაკრებმა, რომელიც საკმაოდ სწრაფი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული მე-10 წუთისთვის ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. თითო არეკნი და საჯარიმო ზიმბაბველთა მგეზავმა ტომი ნელოსნმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა შერკინებაში ნელ-ნელა სულ უფრო თვალსაჩინო გახდა. 22-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ოც მეტრში დერეფნიდან მოლი ააგორეს, თორმეტიოდე მეტრი გაიარეს და მოულოდნელად მოლს ჩლაჩავა მოსწყდა. მისი შეჩერება ვერავინ შესძლო. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 14:6.

მეორე ლელოს თითქოს ზიმბაბველები უნდა გაეტეხა, მაგრამ არა, აფრიკელები არ შედრკნენ. მეტიც, 32-ე წუთზე ჩვენი გუნდის მიერ დაშვებული კიდევ ერთი შეცდომა გამოიყენეს. ლელო მეტოქის ფეხმარდმა გარემარბმა ჯასთინ ქოულზმა გაიტანა, ნელსონმა ვერ გარდასახა - 11:14. თუმცა, ორ წუთში მანვე საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის მიწურულს, საქართველოს ნაკრებმა მაინც იძალა, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს შერკინება სამჯერ დაუძრა, ბოლოს ბურთი მეორეხაზელმა ბექა ბიწაძემ აიტაცა და ლელოში შეაღწია. კობახიძემ ისევ გარდასახა - 21:14. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაში უცნაურად განახლდა. ჩვენმა უკანახაზელებმა მეტოქის მიერ აბრაგანით დაკიდებული მაღალი ბურთი ვერ დაიჭირეს. ის ზიმბაბველთა ნადავლი გახდა, რომლებმაც მარცხენა გრძელ ფრთაზე ხელდახელ ჩაათამაშეს და მეორე ლელო კიდევ ერთმა გარემარბმა კუდა ჩივაზამ გაიტანა. ნელსონმა ვერ გარდასახა -19:21. ეს 41-ე წუთზე მოხდა, ამის შემდეგ ზიმბაბვეს ნაკრები ჩვენი გუნდის მოედნის ნახევარზე ერთხელაც აღარ გადასულა.
საქართველოს ნაკრებმა ჩვეულ სტილში თამაში დაიწყო. ჩვენს მძიმე და ძალზედ მობილურ მორკინალებს მეტოქემ ვეღარაფერი დაუპირისპირა.

46-ე წუთზე არბიტრმა მეტოქის ლელოდან რვა მეტრში აფრიკელთა სასარგებლოდ შერკინება დანიშნა. ქართველთა შერკინებამ მეტოქეს ისევ უკან დაახევინა და ბურთი აართვა. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ შეტევა მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე განაგრძო, იქ გარემარბმა ზურაბ ძნელაძემ სწრაფად, ლელოსკენ შეუტია და ორ მოწინააღმდეგეს ხელიდან დაუსხლტა. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 28:19. მანვე ათ წუთში საჯარიმოც გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა - 31:19.

ამან ჩვენი გუნდის თამაშს მეტი დამაჯერებლობა შემატა. ბიჭები უფრო თამამად ირჯებოდნენ და მეტოქეს მეთოდურად ავიწროვებდნენ. 58-ე წუთზე მოედნის ცენტრთან ახლოს ბექა ბიწაძემ ტომი ნელსონს დაუფარა. ბურთს იქვე დაუფლა და მარჯვნივ მესამეხაზელ გიორგი ტყეშელიაძეს გადააწოდა, რომელმაც ლელომდე 40 მეტრი ირბინა. კობახიძეს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 38:19.

ზიმბაბველებმა კიდევ ერთხელ სცადეს გაბრძოლება, მაგრამ ქართველი მორაგბეები დაცვაში თამაშისას ყურადღებით ირჯებოდნენ და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ. აფრიკელები შერკინებაში თამაშის გარდა ერთი-ერთზე ბრძოლაშიც დავჯაბნეთ, რაც საბოლოოდ გამარჯვების მიღწევაში გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩის დასკვნით ათ წუთში კიდევ ორი ლელო მიითვალეს. 72-ე წუთზე ჩვენი მორკინალები მეტოქის ლელოს მარცხენა ფრთაზე მიეძალნენ. შერკინება სამჯერ მოეწყო და ზიმბაბველები სამივეჯერ დავძარით. ბოლოს არბიტრმა აფრიკელები დააჯარიმა. ჩილაჩავამ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ლელოში ისე შევიდა წინააღმდეგობა არ შეხვედრია. კობახიძემ ესეც გარდასახა - 45:19.

თამაშის ბოლო წუთზე მორიგი მეშვიდე ლელოც შერკინებას მოჰყვა. ტყეშელიაძემ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი აიტაცა და მატჩში მეორე ლელო მიითვალა. კობახიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა და მატჩიც დასრულდა - 50:19.

მატჩის შემდეგ
გუდვინ მურამბივა, ზიმბაბვეს ნაკრების მწვრთნელი: "პირველ ტაიმში გყნდმა დიდი შემართებით ითამაშა. შერკინებაშიც უკეთესად დავდეგით, მაგრამ მერე რაღაც ნიუანსები გამოგვეპარა, რამდენიემ შეცდომა დავუშვით, რაც, ვფიქრობ, რომ დაღლილობით არის გამოწვეული.

საქართველოს ნაკრებმა ჭკვიანურად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ასეთი სხვაობით არ უნდა წაგვეგო. ანგარიში არ შეესაბამება გუნდებს შორის ძალთა სხვაობას".

პაატა ნარიმანაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:  "პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა. ალბათ, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ მეტოქე. გვინდოდა გულშემატკივრებისთვის გვეჩვენებინა ლამაზი, ლაღი ხელდახელ ბურთაობა, მაგრამ სწორედ ამ დროს დავუშვით შეცდომები და მეტოქეს კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მივეცით.

ვიცოდით, რომ ზიმბაბველები სწრაფ და ტექნიკურ რაგბის თამაშობდნენ, რაც გვაჩვენეს კიდეც. მეორე ტაიმში ვეცადეთ თამაში დაგვეხურა, ძირითადად შერკინებით გვეთამაშა, თუმცა შესვენებაზე არ გვითქვამს, რომ ბურთი ხაზზე არ გაეტანათ. ერთი სიტყვით, ისე ვითაამშეთ როგორც შეგვეძლო და ზიმბაბველებმა ვეღარ გაგვიძლეს.

მომდევნო მეტოქ,ე იაპონიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. იაპონელებს დაცვა სწორად აქვთ ორგანიზებული, სწრაფად გადაადგილდებიან, გადაწყობას დროულად ახერხებენ. ჩვენი მიზანი იქნება სივრცე, სათამაშო არეალი შევიზღუდოთ და ვეცადოთ, ხელი შევუშალოთ რაკიდან და მოლიდან ბურთის სწრაფად გატანაში."


სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი: სამოა - 10 ქულა, რუსეთი - 5, ურუგვაი - 4, აშშ - 2.
B ჯგუფი: საქართველო - 10 ქულა, იაპონია - 10, კანადა - 0, ზიმბაბვე - 0.

III ტური, 1 ივნისი
A ჯგუფი
სამოა-რუსეთი, ურუგვაი-აშშ
B ჯგუფი
საქართველო-იაპონია, კანადა-ზიმბაბვე

სამოა-ურუგვაი 37:6
სამოა (15-9) პ.შუსტერი (იოსუა 56), ალაუნი, ფაავე, ლილომაიავა, პოლიკო, ფააპელე (სუა 64), ტუია (აფემი 48). (1-8) გ.შუსტერი (ლაფო 51), ვაიომანუ, ალაალოტა (სმითი 50), ტოგიტელე, ალოფიპო, ტაუფუა (იონა 70), ფააფუ, ტუილეტუფუგა (სემინე 56).
6ლ: ფაავე (2), ფააპელე, ტაუფუა, ვაიომანუ, ლილომაიავა. 2გ,ს: ფააპელე.
ურუგვაი (15-9) ვილასესა (დელ სერო 56), ფავარო, ორმაჩეა, პრადა, სენ ანდრეა, ბარჩესი, დურანი (სილვა 51). (1-8) ბანაიუნი, კარისიმი (გომესი 70), ეჩევერია (ბერბატო 64), ლაკოსტა (სპიკერი 51), სანგვინეტი (სერბინო 48), ალონსო (ჰერნანდესი 70), ლამანა, პუპო.
ა: ბარჩესი, ს: ორმაჩეა
მსაჯი: ტაიზო ჰირაბაიაში (იაპონია)

რუსეთი-აშშ 42:36
რუსეთი (15-9) სიმპლიკევიჩი, ტოლმაჩევი (ჩეჩურა 43), კორნეევი (ნიკიტჩენკო 63), ვასილიევი, რაზუმოვი, იამშიკოვი, გოდლიუკი. (1-8) სკობიოლა, სელსკი (კოსობოჩკინი 42), მატვეევი, გალიცკი, შირინოვი, პოჩეჩუევი, ჟივატოვი, ვენგეროვი.
სინბინი: სკობიოლა
5ლ: სიმლიკევიჩი (3), პოჩეჩუევი, ვასილიევი. 4გ,3ს: გოდლიუკი.
აშშ (15-9) კოული, სოოალო, ფარელი, ჯოუნზი, ჰოგსი, მეგი, ოლივიერი. (1-8) აუიმატაგი, ოჰმანი (ლატუ 45), მულენი, კოლემანი, მეტკლიფი (კოლერი 33), ოჰარა, ბლეკი (ჯაჩეკი 58), სენფტი.
5ლ: ოლივიერი, ჯოუნზი, ჰოგსი, კოული, მეგი. 4გ,ს: კოული.
მსაჯი: ტუი კომიტი (სამოა)

იაპონია-კანადა 30:15
იაპონია (15-9) კუროსავა, ჰიკოსაკა (ნოდა 79), ვაიფუ, ნუნომაკი, ჰანო, ნაკამურა, უჩიდა (იოშიკავა 39). (1-8) კიტაგავა (იშიძაცა 79) , ნივაი (მურაკავა 58), ენოკი, აშიია, სონონაკა, ცუიი, კიმი (კობიაში 45), ოვადა (ლი 74).
5ლ: ენოკი, ჰიკოსაკა (2), კუროსავა, ნოდა. ს,გ: ნაკამურა
კანადა (15-9) ანდერვუდი, აპელდორნი, მირსი (ფუალიეფაუ 53), პერფეი, ჰესლერი, ჰამსტრა, ნილი (ფერგიუსონი 49). (1-8) მაკლოიდი, კავერსი (ჩო 41), ტენანტი (პოუერი 63), მაკდონალდი, პირსი (კელი 78) , ოლმსტიდი, დობრავსკი, ერდრონი.
3ლ: ჰესლერი (2), ერდრონი
მსაჯი: ტიმ ლუსკომბი (აშშ).
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობახიძე ძალიან ძალიან მაგარია! სხარტი და მოქნილი, და ზოგადად ჩვენი ბიჭები ძალიან ყოჩაღები არიან. იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებენ.
tako
10:37 30-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული